19-20 მარტს, მახაჩყალაში გასამართი მსოფლიოს თასის ფულადი საპრიზო ფონდი 150 ათასი დოლარიდან 166 ათასამდე გაიზარდა. ნაკრები, რომელიც ამ გუნდური ტურნირის ჩემპიონი გახდება, 80 ათას დოლარს მიიღებს, მეორე ადგილზე გასულს 50 ათასი გადაეცემა, ხოლო მესამეადგილოსანს – 30 ათასი. პრემიები სამეულის მწვრთნელებისთვისაცაა დაწესებული - 3 ათასი, 2 ათასი და ათასი.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მახაჩყალაში რამდენიმე საათში გაემგზავრება. ქართული გუნდი, ისევე როგორც სხვა მონაწილე ნაკრებები, დაღესტნურ ხალიჩაზე მეორე-მესამე ნომრებით გავა. ძირითადი შემადგენლობები ევროპის ჩემპიონატამდე (დორტმუნდი. 29-30 მარტი) დარჩენილ დღეებს დასკვნით შეკრებებზე ატარებენ. ზაზა თურმანიძის შვიდეული, გერმანიაში გამგზავრებამდე დუშეთში ივარჯიშებს.
მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის, ალი ალიევის სახელობის დარბაზში, მსოფლიოს თასისთვის ბრძოლაში სულ 10 გუნდი ჩაერთვება. საქართველო, რუსეთი, აზერბაიჯანი, ირანი, კუბა, ბულგარეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, უკრაინა და უნგრეთი-ყაზახეთის გაერთიანებული ნაკრებები ორ ქვეჯგუფში გადანაწილდებიან. ჯგუფური ეტაპის ჩამთავრების შემდეგ, პირველადგილოსნები ჩემპიონობისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ხოლო მეორეადგილოსნები – მესამე ადგილისთვის.
პირველ-ექვს წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრებს თითო წარმომადგენელი ეყოლება: ბესარიონ გოჩაშვილი (55 კგ), მალხაზ ქურდიანი (60 კგ), შალვა მუზიაშვილი (66 კგ), გელა საღირაშვილი (74 კგ), ბექა ჭელიძე (84 კგ) და დავით ქერაშვილი (96 კგ). მძიმე წონაში კი მწვრთნელებმა დავით ხურციამ და დავით ოთიაშვილმა ლევან ბერიანიძე და გიორგი საკანდელიძე შეიყვანეს.
ოთარ მაღლაკელიძე