თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა შიდა კონკურენცია უკვე რვავე წონით კატეგორიაში გაარკვიეს. გლდანში მდებარე ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიის დარბაზში მიმდინარე “საქართველოს ჩემპიონთა თასზე” გუშინ მედლები ოთხ წონით კატეგორიაში: 61, 70, 86 და 125 კილოგრამებში გათამაშდა.
ხალიჩაზე ნაკრების ყველა ლიდერი გავიდა და მოლოდინისამებრ, ბევრი ლამაზი და დაძაბული ბრძოლაც ვიხილეთ, მაგრამ ეს სილამაზე საორგანიზაციო წუნმა და სპორტსმენების, მწვრთნელებისა და გულშემატკივრების უდისციპლინობამ გააუფერულა. სიტუაცია მთლად უმართავი რომ არ გამხდარიყო, მთავარმა მსაჯმა ედიშერ მაჩაიძემ ტურნირი დღის განმავლობაში ორჯერ შეწყვიტა და მსაჯებსა და რეგიონალური გუნდების წარმომადგენლებს საგანგებო თათბირები ჩაუტარა. პირველი თათბირის შემდეგ მდგომარეობა მართლაც შეიცვალა, ოღონდ უარესობისკენ. შესაძლოა ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ თავად მთავარ მსაჯს პირადი პრობლემის გამო შეჯიბრების ორიოდ საათით მიტოვება მოუხდა. მის არყოფნაში კი მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებებით აღშფოთებულმა მწვრთნელებმა მსაჯთა მაგიდაზე რამდენიმე მძლავრი იერიში მიიტანეს. ჯგუფურ ხელჩართულ ჩხუბსაც ვერ ავცდით, ოღონდ ამ შემთხვევაში მსაჯზე არავის გაუწევია. დაპირისპირებული მხარეები ერთ-ერთი მწვრთნელი და მისი შეგირდის მეტოქის ახლობლები იყვნენ. დარბაზის არენა თვალის დახამხამებაში გაივსო ხალხით, ოღონდ, საბედნიეროდ მათი უმრავლესობა სეირის ახლოდან ყურების მსურველი იყო, ნაწილმა კი გამშველებლის ფუნქცია შეითავსა და მოჩხუბრებიც დააშოშმინეს.
და სად იყო ამ დროს დაცვის სამსახური? რა თქმა უნდა, დარბაზში, მაგრამ ათიოდე მორიდებული წესრიგისდამცველი თავის საქმეს ბევრად უსუსურად ასრულებდა, ვიდრე ზემოთჩამოთვლილი წესრიგისდამრღვევები. მათთვის ისიც კი შეუძლებელი აღმოჩნდა, რომ საჭიდაო არენის გარშემო მდგომი მაყურებლებისთვის ტრიბუნებზე დასხდომა ეთხოვათ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, თხოვნით კი თხოვდნენ, მაგრამ ამას ისე მოკრძალებულად აკეთებდნენ, არავინ უჯერებდათ და უფრო მკაცრი ტონით მოთხოვნას გაცლას ამჯობინებდნენ. ბოლოს ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენელთა მუქარამ გაჭრა, აქაოდა თუ ტრიბუნებს არ დაუბრუნდებით, შეხვედრები აღარ გაგრძელდებაო. ამ ტექსტის გამოცხადება დიქტორს დღის განმავლობაში მინიმუმ ასჯერ მაინც დასჭირდა. წინ კი კიდევ ორი საჭიდაო დღეა და თუ ფედერაციამ პრობლემის სასწრაფოდ მოგვარებაზე არ იზრუნა, შეიძლება გაცილებით მძიმე ამბებიც დატრიალდეს. ნორმალური დაცვის სამსახურის დაყენება და არენის ზედმეტი ხალხისგან დაცვა გადაჭრადი პრობლემაა, ოღონდ ამისთვის მთავარია, ჭიდაობის საყურებლად იმაზე ბევრით მეტი მაყურებელი არ მივიდეს, ვიდრე გლდანის ხელბურთის აკადემიის ერთი შეფენილი ტრიბუნა იტევს.
რაც შეეხება უშუალოდ სპორტულ მხარეს, დღის მთავარი მოულოდნელობა დავით მარსაგიშვილის (86 კგ) საპრიზო სამეულს მიღმა დარჩენა აღმოჩნდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ “საქართველოს ჩემპიონთა თასი” მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელი ნაკრების შემადგენლობის დასაკომპლექტებელი ტურნირია, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი სეზონის უმთავრესი შეჯიბრების მიღმა რჩება.
მარსაგიშვილმა ჩვეულად, ლამაზად და ეფექტურად დაიწყო – პირველ წრეში ვასილ კოტორაშვილს ორ პერიოდში ათი ქულა აუღო, ისე, რომ თავად ერთიც არ დაუკარგავს. შემდეგ კი... ნოდარ ეგაძესთან სუფთად დამარცხდა. არადა ვიდრე ბეჭებზე დავარდებოდა, 8:0-ს იგებდა და საბედისწერო ილეთზე შეხვედრის ვადაზე ადრე დასრულების სურვილის და გაუმართლებელი რისკის გამო წამოეგო. სულ მალე კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც დაკარგა, მას შემდეგ, რაც ეგაძემ მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონთან, 19 წლის გიორგი ჩხარტიშვილთან წააგო.
მოგვიანებით ნოდარ ეგაძე თავად ავიდა პოდიუმის მესამე საფეხურზე, ლევან მურადხანაშვილთან ერთად. ჩხარტიშვილმა კი ფინალში სანდრო ამინაშვილი დაამარცხა (6:4). საინტერესოა, რომ გიორგი ჩხარტიშვილმა პირველი ქულები სწორედ გადამწყვეტ ბრძოლაში დაკარგა. იქამდე ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივე სუფთად მოიგო.
არანაკლებ შთამბეჭდავად იმარჯვა 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ალექსანდრე ჯაჭვაძემ. 22 წლის სპორტსმენმა, რომელიც საქართველოს ჩემპიონი აქამდეც გამხდარა, ოღონდ ჭაბუკებს შორის, მაყურებელი ეფექტური ჭიდაობით აღაფრთოვანა. ფინალის გზაზე სამი მეტოქე ჩამოიცილა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი ლაშა გიგაშვილს საქმე წუთსა და 47 წამში მოუმთავრა – 12:1. არადა ფინალამდე გიგაშვილმაც ბრწყინვალედ იჭიდავა. ბრინჯაოს მედლებს თორნიკე როსტიაშვილი და დავით ტლაშაძე დაეუფლნენ.
61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედლისთვის ერთმანეთს ქუთაისელი ძმები ბექა და ლაშა ლომთაძეები უნდა დაპირისპირებოდნენ. ფინალამდე ორივე საჩემპიონო ჭიდაობით მივიდა, მაგრამ ერთმანეთთან დაჭიდებას თავი აარიდეს და ლაშას უარის გამო ჩემპიონი ბექა გახდა. მესამე ადგილები გიორგი ბალიაშვილმა და ლაშა მიხელიძემ დაიკავეს.
დღის და მთლიანად ტურნირის მთავარი ინტრიგა კი მძიმე წონის შიდა კონკურენცია იყო. საყოველთაო მოლოდინმა ასი პროცენტით გაამართლა. ტურნირში სულ ექვსი მძიმეწონოსანი ჩაერთო და მათგან ოთხი ისეთი, საქართველოს ნაკრებში თავიანთი სიტყვა უკვე რომ უთქვამთ. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თავისუფალ ჭიდაობას დაუბრუნდა ლევან ბერიანიძე. მსოფლიოს 2010 წლის ბრინჯაოს პრიზიორი ბოლო წლებში შინაურ თუ საერთაშორისო არენაზე წონის პრობლემის გამო ვერ ახერხებდა გასვლას. მძიმე წონითი კატეგორიის დასაშვებ ზღვარს ლამის 50 კილოგრამით ასცდა და ალბათ არც აღარავინ ფიქრობდა, თუ ისევ დაბრუნდებოდა. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც სუმოში სცადა ბედი. ბერიანიძემ შეუძლებელი შეძლო, 40 კილოგრამზე მეტი დაიკლო და ხმაურიანადაც დაბრუნდა – მეოთხედფინალში დავით მოძმანაშვილს გაფრთხილებების ხარჯზე აღებული ორი ქულით აჯობა.
ნახევარფინალში ლევან ბერიძე გენო პეტრიაშვილს დაეჭიდა და პირველი სამწუთეული ისევ მეტოქის გაფრთხილებით აღებული ქულით მოიგო. მეორე პერიოდის დასაწყისში პეტრიაშვილმა ორი შედეგიანი შესვლა განახორციელა და 3:1 დაწინაურდა. ბერიანიძემ მოწინააღმდეგის ხალიჩის მიღმა გადაყვანით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. შეხვედრის მიწურულს კი ანალოგიური ხერხით ორივე მოჭიდავემ მიითვალა თითო ქულა და ფინალში პეტრიაშვილი გავიდა – 4:3.
სატურნირო ბადის მეორე მხარეს წილისყრამ მხოლოდ ორი მძიმეწონოსანი განთესა: გიორგი საკანდელიძე და გიორგი მეშვილდიშვილი. საკანდელიძემ საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში 5:3 იმარჯვა.
ფინალში გიორგი საკანდელიძემ გაცილებით ადვილად მიაღწია საწადელს – პეტრიაშვილთან ბრძოლაში უპირატესობას შეხვედრის დასაწყისშივე დაეუფლა – პერიოდი 7:2 მოიგო და მეორე პერიოდში საქმე სასურველ ფინიშამდე მშვიდად მიიყვანა. ბრინჯაოს მედლებს ბერიანიძე და მეშვილდიშვილი დაეუფლნენ.
დღეს და ხვალ ხელბურთის აკადემიის დარბაზში “საქართველოს ჩემპიონთა თასის” ჩემპიონ-პრიზიორებს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოავლენენ.
თავისუფალი ჭიდაობა
“საქართველოს ჩემპიონთა თასი”
თბილისი
8 ივნისი
61 კგ
1 ბექა ლომთაძე (ქუთაისი)
2 ლაშა ლომთაძე (ქუთაისი)
3 გიორგი ბალიაშვილი (გორი)
3 დავით ტლაშაძე (გორი)
70 კგ
1 ალექსანდრე ჯაჭვაძე (გარდაბანი)
2 ლაშა გიგაშვილი (ხარაგაული)
3 დავით ტლაშაძე (გორი)
3 თორნიკე როსტიაშვილი (საგარეჯო)
86 კგ
1 გიორგი ჩხარტიშვილი (თბილისი)
2 სანდრო ამინაშვილი (გარდაბანი)
3 ლევან მურადხანაშვილი (ბოლნისი)
3 ნოდარ ეგაძე (გორი)
125 კგ
1 გიორგი საკანდელიძე (თბილისი)
2 გენო პეტრიაშვილი (გორი)
3 ლევან ბერიანიძე (თბილისი)
3 გიორგი მეშვილდიშვილი (ონი)