ისევე, როგორც თქვენ, ბავშვობაში მეც გამწარებული დავეძებდი მიხეილ კაკაბაძისა თუ გურამ ფანჯიკიძის წიგნებს და ლამის ვიზეპირებდი ხოლმე მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატების შესახებ ამ დიდებული ადამიანების მონაყოლს. დაახლოებით 25 წლის წინ კი, საბჭოთა კავშირის არმიის რიგებში უკრაინაში ვმსახურობდი, პოლონეთის საზღვართან ძალიან ახლოს, ორ კარგ ქართველთან - გიორგი ბახტაძესა და მიშა გოგიასთან ერთად.
მაშინ დანიის ნაკრებისა და პრებენ ელკიაერ-ლარსენის დიდი ქომაგი ვიყავი. 1985 წელს, დანიასა და საბჭოთა კავშირის ნაკრებების კოპენჰაგენში გამართულ სასწაულ მატჩს (4:2 დანიის სასარგებლოდ) ჯარში ვუყურე. წარმოგიდგენიათ, ასი ჯარისკაციდან მარტო მე ვქომაგობდი დანიას, თანაც ჩვენი საჯარისო ნაწილი 1919 წელს თვით ლენინის დაარსებული იყო და სახელადაც “რკინის დივიზია” ერქვა! ელკიაერისა და ლაუდრუპის გოლებზე ისეთი ტაში დავცხე, ჰაუპტვახტში უნდა წავეყვანე, მაგრამ ისევ ფეხბურთის სიყვარულმა გადამარჩინა - ნაწილის კომენდანტი მაიორი, გვარად ბეჟენარი ფეხბურთის ყოფილი მსაჯი და დიდი ქომაგი აღმოჩნდა, ჰოდა იმან მიხსნა.
მაიორი თურმე საფეხბურთო სამკერდე ნიშნებს აგროვებდა და თბილისის “დინამოსი” რომ ჩამოვუტანე, დამიძმაკაცდა კიდეც. მეტიც, მსოფლიო ჩემპიონატის 1986 წლის მატჩებს ჩემს სახლში ვუყუროთო, შემომთავაზა! ავშენდი კაცი-მეთქი, მაგრამ მაინცდამაინც იმ წლის ივნისში პოლიგონზე გაგვიშვეს – პოლონეთს საზღვართან უკრაინისა და ბელარუსის სამხედრო ოლქებს შორის ერთთვიანი სასწავლო-საჩვენებელი ომი მიმდინარეობდა. ჰოდა, გაგანია “ომში” პოსტს მივატოვებდი ხოლმე, უდაბურ ტყეში სამიოდ კილომეტრს გავივლიდი, დანაღმულ მინდორს გვერდს ავუქცევდი და მიყრუებულ სოფელში დანია-ურუგვაის, არგენტინა-ინგლისის, ბრაზილია-პოლონეთის და სხვა თამაშებით ვტკბებოდი.
მართლაც ბრწყინვალე ჩემპიონატი იყო და საბოლოოდ, ფინალისათვის რომ მეყურებინა, ჩვენს უკრაინელ პრაპორშჩიკს გვარიანი მაღარიჩი ვუკისრე. იმანაც, სახელდახელოდ შუქი გააჩინა და პირველად მაშინ ვნახე, საველე ავტომანქანის “დვიჟოკი” როგორ დაიქოქა, მერე საიდანღაც პატარა შავ-თეთრი ტელევიზორი გამოაძვრინა, რომელიც ჩემდა ბედად ორი დღით წასული ნაწილის მეთაურს ეკუთვნოდა. მოკლედ, წითელარმიელის ფორმაში გამოწყობილმა ორიოდე საათით დავივიწყე “წითელი სამშობლო~, ჯარიც, ჩექმაც, პოსტიც და საბჭოთა ჯარისკაცის ფიციც... ვიდექი და მარადონას ოსტატობით ვხარობდი.
ვინ იფიქრებდა მაშინ, რომ წლების მერე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მე, მამუკა კვარაცხელია, სახელგანთქმულ მეგრელ მეჯოგეთა გვარის წარმომადგენელი, მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატებს თავად დავესწრებოდი როგორც ზემოთ ჩამოთვლილი სახელოვანი ჟურნალისტები? დავესწრებოდი კი არა, მუშაობაც მომიწევდა და თან სწორედ პოლონეთში და უკრაინაში! მოკლედ, ამ წერილს პოლონეთიდან გწერთ და “მსოფლიო სპორტის” ყველა მკითხველსაც ყველა სურვილი ასე აგსრულებოდეთ...
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, უცხოეთში ხშირად მიწევს მივლინებები და უნდა გითხრათ, რომ ჩემი ყოველი დღე დილის ლოცვების შემდეგ “მსოფლიო სპორტის” ვებგვერდის, ანუ worldsport.ge-ს გახსნით იწყება... უცხოეთში სხვა ქართველებისგანაც გამიგონია იგივე და ამიტომ ძალიან გამიხარდა, როცა ამ ვებგვერდის ხელმძღვანელობამ მთხოვა, ევროპის ჩემპიონატზე ხშირად შეგეხმიანებით და თუ რამე საინტერესოს წააწყდი, ნუ დაგვიმალავო... მეც სიამოვნებით ვუსრულებ ამ თხოვნას და იქნებ, მკითხველიც გვარიანად გავართო...
უეფას მედია-ოფიცერი მამუკა კვარაცხელია სპეციალურად worldsport.ge-სთვის პოლონეთიდან