ჭიდაობა

23:01 | 11.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

ცხრამედლიანი და სისხლიანი დღე

თბილისური “ოქროს გრან-პრის” მეორე დღეს, მედლების მორიგი ხუთი კომპლექტი გათამაშდა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა, ჩემპიონ-პრიზიორები სამ წონით კატეგორიაში: 55, 66 და 96 კილოგრამებში გამოავლინეს, ხოლო ბერძენ-რომაელებმა – 74 და 120 კილოგრამებში. ხალიჩაზე სულ 80 სპორტსმენი გავიდა. მათი უმრავლესობა, პირველი დღის მსგავსად, საქართველოს ნაკრების კანდიდატი იყო – ქართული დროშის ქვეშ, დღეს 52-მა მოჭიდავემ მოსინჯა ძალა. კვარცხლბეკს მათგან მხოლოდ ცხრამ უწია.
წინასწარი ეტაპის შეხვედრები წაუგებლად ოთხმა ქართველმა ჩაამთავრა: თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა – გიორგი ედიშერაშვილმა (55 კგ), შალვა მუზიაშვილმა (66 კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (96 კგ) და კლასიკოსმა მანუჩარ კვირკველიამ (74 კგ). ფინალში მხოლოდ ედიშერაშვილმა და მუზიაშვილმა მიაღწიეს საწადელს.
გიორგი ედიშერაშვილი ტურნირში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაერთო. ფინალამდე ოთარ გოგავას და ტრისტან ჩირგაძეს სძლია, გადამწყვეტი გამარჯვება კი, თურქ პეკერ აჰმეთთან მოიპოვა. რეპეშაჟში ჩირგაძემ გოგავას აჯობა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ასევე, ბრინჯაოს დაეუფლა გივი დავიდოვი. ამ ახალგაზრდამ “ოქროს გრან-პრი” მშვენივრად ჩაატარა და ცოტა იღბალიც რომ წახმარებოდა, ოქროს მედლისთვისაც იბრძოლებდა – ნახევარფინალში, აჰმეთთან დაპირისპირებისას, ორივე სეტი უქულოდ ჩამთავრდა და ორჯერვე ბურთულამ თურქს მიანიჭა უპირატესობა.
შალვა მუზიაშვილმა დილის პროგრამაში რუსი სალამდინ ახმედოვი და თურქები: გორ იაკუპი და მუჰამედ ილხანი დაჩაგრა. ხოლო ფინალში სომეხ დავიდ საფარიანს აჯობა. ამ უკანასკნელმა, ოქრო-ვერცხლისკენ მიმავალი გზა საქართველოს ნაკრების კანდიდატებს: პაატა ნოზაძეს და კობა კაკალაძეს ჩაუკეტა, ნახევარფინალში კი, კიდევ ერთ ქართველს, ყაზახეთის სახელით მოჭიდავე საქართველოს ჩემპიონს, ცოტნე ბარამიძეს მოუგო. “ბრინჯაოს ფინალში” ბარამიძემ კაკალაძეს სძლია.
96 კილოგრამის კვარცხლბეკზე სამი ქართველი ავიდა, მაგრამ მხოლოდ მეორე-მესამე საფეხურებზე. ჩემპიონის ტიტული კი თურქმა მოჭიდავემ მოიპოვა - სერჰათ ბალჩი საჩემპიონო აღმართს ბაჩანა კარანაძის ძლევით შეუყვა. შემდეგ ლევან სეთურიძესა და ლაშა ქეთიშვილსაც სძლია, ხოლო ფინალში ელიზბარ ოდიკაძეს აჯობა. სერჰათ ბალჩის გარდა, ამ წონაში მხოლოდ ორმა უცხოელმა იჭიდავა: კიდევ ერთმა თურქმა რიზა ილდირიმმა და სომეხმა ედგარ ენოკიანმა, საქართველოს ნაკრებს კი 8 წარმომადგენელი ჰყავდა.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობის 74 კილოგრამი წონითი კატეგორია, ქართული შიდა კონკურენციის მხრივ ყველაზე საინტერესო გამოდგა. საქართველოს ნაკრების ლიდერი მანუჩარ კვირკველია და ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი (66 კილოგრამ წონით კატეგორიაში) მანუჩარ ცხადაია, ბადის ერთ მხარეს მოხვდნენ და მათი გზები მეოთხედფინალში გადაიკვეთა. გამარჯვებულის გამოსავლენად, მესამე სეტის ჩატარება გახდა საჭირო. ნახევარფინალის საგზური გაცილებით გამოცდილმა და სახელოვანმა კვირკველიამ მოიპოვა. ამ ორთაბრძოლამდე, ოლიმპიურმა ჩემპიონმა უზბეკეთის სახელით მოჭიდავე ბესიკ სალდაძე და საქართველოს ნაკრების წევრი უშანგი ჩიტიაშვილი დაამარცხა. შემდეგ კი, ფინალის საგზური კიდევ ერთი თანამემამულის, გიორგი ცირეკიძის ძლევით მოიპოვა.
“ოქროს გრან-პრის” მოგებას ირანელი ფარშად ალიზადეს ძლევაღა აშორებდა, მაგრამ მოულოდნელად, მე-2 სეტში წააგო და ვერცხლს დასჯერდა.
74 კილოგრამში ერთი უსიამოვნო ფაქტიც მოხდა – მეოთხედფინალში, ირანელ საეიდ აბდვალისთან შეხვედრაში, მსაჯობით უკმაყოფილო გიორგი დათუნაშვილმა ხალიჩის მსაჯზე გაიწია, ხოლო მას შემდეგ, რაც უკან არც არბიტრმა დაიხია და მოჭიდავეს ხელი ჰკრა, დათუნაშვილმა ცხვირში მუშტი უთავაზა და სისხლი ადინა. ამ ეპიზოდს რამდენიმეწუთიანი გუნდური საქმის გარჩევა მოჰყვა. სიტუაციის დარეგულირების შემდეგ, წესრიგის დამრღვევი სპორტსმენი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, ხოლო ნახევარფინალისტად აბდვალი გამოცხადდა.
მძიმე წონაში მხოლოდ 11 მოჭიდავე მოგროვდა. მათგან 6 ქართველი, თუმც ექვსივე სამეულს მიღმა დარჩა. ყველაზე შედეგიანად და შთამბეჭდავად ირანელმა ამირ ალიაკბარმა იჭიდავა. ფინალში მან თურქ გუზელ ატილას შანსი არ დაუტოვა.
ხვალ მედლების დარჩენილი ოთხი კომპლექტი გათამაშდება. თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩემპიონ-პრიზიორებს 74 და 84 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოავლენენ, კლასიკოსები – 60 და 84 კილოგრამებში.

 

“ოქროს გრან-პრი”
თბილისი
11 ივნისი

თავისუფალი ჭიდაობა

55 კგ
1 გიორგი ედიშერაშვილი (საქართველო)
2 პეკერ აჰმეთი (თურქეთი)
3 გივი დავიდოვი (საქართველო)
3 ტრისტან ჩირგაძე (საქართველო)

66 კგ
1 შალვა მუზიაშვილი (საქართველო)

2 დავიდ საფარიანი (სომხეთი)
3 ცოტნე ბარამიძე (ყაზახეთი)
3 მუჰამედ ილხანი (თურქეთი)

96 კგ
1 სერჰათ ბალჩი (თურქეთი)
2 ელიზბარ ოდიკაძე (საქართველო)
3 ლევან სეთურიძე (საქართველო)
3 დავით ქერაშვილი (საქართველო)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

74 კგ
1 ფარშად ალიზადე (ირანი)
2 მანუჩარ კვირკველია (საქართველო)
3 მანუჩარ ცხადაია (საქართველო)

3 საეიდ აბდვალი (ირანი)

120 კგ
1 ამირ ალიაკბარი (ირანი)
2 გუზელ ატილა (თურქეთი)
3 ამირ გასემიმონჯარი (ირანი)
3 ვლადიმერ გურალსკი (ისრაელი)

 

ოთარ მაღლაკელიძე

0.171573