საფეხბურთო კლუბ ცხინვალის "სპარტაკში" ჭაბუკთა შერჩევა 12 ივლისს დაიწყო. 35–ე საფეხბურთო სკოლის ახალ სტადიონზე დილის 10 საათიდან შეგროვდნენ ჭაბუკები. როგორც გამოცხადებული იყო, 1997, 1998, 1999, 2000 და 2001 წელში დაბადებულ ჭაბუკთა სელექციას "სპარტაკში" თენგიზ კაცია ხელმძღვანელობს, რომელსაც მალხაზ ლაცაბიძე და ნოდარ კიკნაძე უწევს ასისტენტობას.
გუნდის ჭაბუკთა მწვრთნელებმა ტესტირებაზე მისული ჭაბუკების სია შეადგინეს. შემდეგ ისინი 4 ნაწილად დაჰყვეს და ორკარა ათამაშეს. მწვრთნელები გულისყურით აკვირდებოდნენ ჭაბუკებს, რომლებიც თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენას მონდომებით ცდილობდნენ.
სელექცია დღესაც გაგრძელდა. მომდევნო პროცესი კი აგვისტოს დასაწყისში შედგება. შერჩევის თარიღი წინასწარ გამოცხადდება.