მართლაც, ცხელი საღამო გამოვიდა შაბათ საღამოს “დინამო არენაზე”. ქართული “კლასიკო” ყოველთვის დაძაბულია ხოლმე, მაგრამ ბოლო წლებში “დინამო”- “ტორპედოს” შორის მსგავსი “თრილერი” არ გვინახავს.
მსაჯი ოთარ ხეცაძე მატჩის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი აღმოჩნდა. მან “დინამოს” სამი ფეხბურთელი გააძევა და გვერდითი არბიტრის შეურაცხყოფისთვის მათ საქართველოს ნაკრების ყოფილი მარჯვენა მცველი ბესიკ ბერაძე (მეტსახელად “ბონიემა”) მიაყოლა, რომელიც ამჟამად თბილისელთა ადმინისტრატორია. ხეცაძეს არც “ტორპედო” დაუნდია და ჯერ ქუთაისელები დატოვა კაცნაკლული.
აღარ შევჩერდებით “ტორპედოს” ფანების მიერ სკამების მტვრევასა და თბილისელთა მეკარე თორნიკე ზარქუასთან კონფლიქტზე. კარგია, თუ ყველა გულშემატკივარი გაითვალისწინებს, რომ ფეხბურთელიც პიროვნებაა და პიროვნების შეურაცხყოფა მხოლოდ იმის გამო, რომ მეტოქე გუნდშია, დაუშვებელია. და საერთოდ, ფეხბურთს ურთიერთშეურაცხყოფა მხოლოდ ვნებს.
“დინამო არენა” სეზონის განახლებას სახეშეცვლილი შეხვდა. სტადიონზე 26 მაღაზია გაკეთდა, რომელთაგან ერთ-ერთი “დინამოს” “ფან-შოპი” იქნება. “მუშტაიდის” ბაღის წინ ყოფილ ხელოვნურსაფარიან მოედანზე ავტომანქანების სადგომი მოეწყო. განახლდა ვიპ-ლოჟა, რომელიც არსებულზე გაცილებით პომპეზურად გამოიყურება. მისასალემებელია, რომ ვიპ-ლოჟაში “დინამოს” ვეტერანი ფეხბურთელები ისხდნენ და მატჩს თვალს კომფორტულ გარემოში ადევნებდნენ.
კარგი იქნებოდა, პრესლოჟაც არანაკლებად თუ მოეწყობოდა. თუმცა, საქართველოში ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ პრესლოჟაში მაგიდა თუ დგას, უკვე კარგია. ამჯერად, მაგიდები უკვე სამ მწკრივად დგას და ინტერნეტიც მუშაობს. ეს წინგადადგმული ნაბიჯია. ისიც უნდა ითქვას, რომ ხსენებულ სტადიონზე ჟურნალისტებისთვის სამუშაო პირობები ყოველთვის მეტ-ნაკლებად ნორმალური იყო. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ ოქმებსაც დროულად არიგებენ და მატჩის შემდეგ პრესკონფერენციებიც ყოველგვარი წესის დაცვით ტარდება.
“დინამო” – “ტორპედოს” მატჩამდე თბილისელთა პრეზიდენტი რომან ფიფია კლუბის ოფიციალურ ფან-კლუბს “გლადიატორებს” შეხვდა და “დინამოს” ახალი მაისურები გადასცა. ისე რაც მეტი კერძო მეპატრონე ეყოლება კლუბს და მეტი ფან-კლუბი იქნება მით უკეთესი.
“კლასიკოზე” საუბარს იმით დავასრულებ, რომ თამაშს თვალი ოთარ მარცვალაძემ ადევნა, რომელიც რუსული “კრასნოდარიდან” წამოსვლის შემდეგ უგუნდოდაა. არადა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ახლოვდება და ეროვნულ ნაკრებს, რომელსაც კარგი დონის შემსრულებლები აკლია, მარცვალაძის უთამაშებლობა ვერაფრით წაადგება.
ზედიეზედ მეორე თამაში წააგო გორის “დილამ” და სატურნირო ცხრილის გრაფაში ნული უწერია. მართალია, გორელები მთლიანად ევროპის ლიგაზე პორტუგალიურ “მარიტიმუსთან” მატჩზე არიან გადართულები, მაგრამ ასეთ სტარტს მათგან არავინ ელოდა. პირველ ტურში “ვიტ ჯორჯიასთან” მატჩში “დილას” რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, ხოლო ამჯერად შიდაქართლელებმა ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშეს თუ არ ჩავთვლით ალადაშვილისა და გრიგალაშვილის არყოფნას. თუმცა, მხოლოდ მათე ვაწაძის გარჯა არ ეყოთ.
ვაწაძეზე ერთხელ ავღნიშნე საქართველოს ჩემპიონატისთვიოს “გადაიზარდა”-მეთქი და ამან აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ცხადია, სასიამოვნოა ვაწაძის გარჯის ყურება ევროპის ლიგაზე თუ საქართველოს ჩემპიონატზე. უბრალოდ, სურვილია, რომ ამ ნიჭიერმა “გოლეადორმა” უფრო მაღალ დონეზე ითამაშოს. თუ კარიერა რუსეთში ვერ აეწყო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ნორმალური დონის ჩემპიონატში თამაშს ვერ შეძლებს.
“დილას” საპირისპიროდ “ჩიხურას” ასეთ სტარტს არავინ ელოდა და “მიხეილ მესხზე” მოგებით სოსო ფრუიძის შეგირდებმა დაამტკიცეს, რომ პირველ ტურში ფოთში 3 ქულის აღება შემთხვევითი არ ყოფილა. რამდენად ეყოფა დენთი საჩხერელებს წარმატების განსავითარებლად, მომავალი ტურები აჩვენებს.
გასულ სეზონში “მეტალურგმა” “ზესტაფონს” 6 მატჩიდან ვერც ერთი მოუგო და ნავსი ზესტაფონში გატეხა. რუსთაველებს გამარჯვების გოლის ავტორად დიმიტრი ტანაშვილი მოევლინა, რომელსაც გადამწყვეტი გოლები არაერთხელ გაუტანია. მე-2 ტურში საქართველოს ჩემპიონატში დებიუტი კიდევ ერთ ხორვატ მეკარეს ივან ხოსმანს ჰქონდა, რომელმაც რუსთაველთა კარი “მშრალად” შეინახა. მატჩმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ “ზესტაფონს” გაძლიერება სჭირდება. მითუმეტეს, გავრცელებული ინფორმაციით გუნდის დატოვებას საუკეთესო ბომბარდირი ჯაბა დვალი აპირებს.
როგორც სავარაუდო იყო, “ზუგდიდმა” ქულების გარეშე გაუშვა სახლში ბათუმის “დინამო”. გასულ სეზონში ბოსნიიდან დაბრუნებული ლევან კუტალიამ, განმუხურში ჩატარებულ მატჩში დუბლი მიითვალა. აქამდე ზუგდიდელები უმაღლეს ლიგაში საშინაო მატჩებს “ბაიას” საწვრთნელ ბაზაზე ატარებდნენ, მაგრამ ახლა ბინა განმუხურში დაიდეს.
მარტვილის “მერანმა” “ვიტ ჯორჯიასთან” კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საკუთარ მოედანზე თამაში ნებისმიერთან ტოლსწორად შეუძლია. “სიონმა” კი, რომელიც ქულებს ძირითადად სახლში აგროვებს ხოლმე, “კოლხეთთან” მხოლოდ ფრე გაახერხა. ცხადია, ეს ქულა ფოთელთა აქტივშია.
ლაშა თაბაგარი