მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობის მორიგმა გათამაშებამ აიღო სტარტი. სინოპტიკოსები ხვალ 41 გრადუსს ვარაუდობენ, ამასთან არანაკლებ “ცხელი ორთაბრძოლები” კორტებზე ჩატარდება. წლის პირველი სადიდსლემო ტურნირი გულშემატკივართა დიდი ინტერესს ტრადიციულად იწვევს და ინტრიგა არც წლევანდელ ტურნირს დააკლდება.
ნოვაკ ჯოკოვიჩი და სერენა უილიამსი მელბურნის სტარტს შთამბეჭდავი სერიებით შეხვდნენ. მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის ბოლო 3 წლის ჩემპიონ ჯოკოვიჩს აშშ-ის შარშანდელი ღია პირველობის შემდეგ მატჩი არ დაუთმია, სერენას ზედიზედ მოგებათა მწკრივი კი უფრო ადრე დაიწყო. ქალთა შორის 2012 და 2013 წლებში მელბურნში ბელარუსმა ვიკტორია აზარენკამ იმარჯვა, თუმცა, წლეულს ჩემპიონობის უპირველეს ფავორიტად უილიამს-უმცროსი მიიჩნევა.
მამაკაცებს რაც შეეხება, ჯოკოვიჩს შანსი აქვს ღია ეპოქაში პირველი ჩოგბურთელი გახდეს, რომელსაც ავსტრალიის პირველობა ხუთჯერ ექნება მოგებული, ესპანელ რაფა ნადალი კი მელბურნში მეორედ გასაჩემპიონებლად იბრძოლებს. თუკი პირენელმა ეს მოახერხა, სადიდსლემო ტურნირებზე მიღწეული ტრიუმფებით ამერიკელ პიტ სამპრასს (14) დაეწევა. შეგახსენებთ, შარშან რაფას მელბურნში არ უასპარეზია, 2012-ში კი ექვსსაათიანი ფინალი დათმო ჯოკოვიჩთან.
...ავსტრალიის ღია საჩოგბურთო ჩემპიონატი სადიდსლემო შეჯიბრებებს შორის ყველაზე “ახალგაზრდაა”. “მწვანე კონტინენტზე” ეს ტურნირი პირველად მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩატარდა, კონკრეტულად 1905-ში, პირველი და მეორე მსოფლიო ომების გამო 1916-18 და 1941-45 წლებში საჩოგბურთო ასპარეზობა არ ჩატარებულა.
გასაგებ მიზეზთა გამო, ხსენებული შეჯიბრება, სხვა სადიდსლემო ტურნირებთან შედარებით, ნაკლებად პრესტიჟულად ითვლებოდა. დღესაც კი ავსტრალიაში მგზავრობას დიდი დრო მიაქვს, მეოცე საუკუნის დასაწყისში კი “მწვანე კონტინენტზე” მოხვედრა პრობლემატური იყო. ამის გამო ავსტრალიაში არასდროს უთამაშიათ ისეთ საჩოგბურთო ლეგენდებს, როგორებიც ბილ ტილდენი, რენე ლაკოსტი, ანრი კოშე, ბობი რიგსი, პანჩო გონსალესი, მანოლო სანტანა და იან კოდეში არიან, ხოლო მანუელ ორანტესმა, ილიე ნასტასემ და ბიორნ ბორგმა ავსტრალიის ღია ჩემპიონატში მხოლოდ ერთხელ იასპარეზეს. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ სასტარტო ტურნირებში პირველობის მოპოვებას სხვა კონტინენტის წარმომადგენლები ახერხებდნენ. 1908 წლის გათამაშების ფინალში ამერიკელმა ფრედ ალექსანდერმა ავსტრალიელ ალფრედ დანლოპს სძლია, 4 წლის შემდეგ კი ბრიტანულ ფინალში ირლანდიელმა ჯეიმს პარკმა ინგლისელ გორდონ ლოუს მოუგო. ავსტრალიის ღია პირველობის საწყის გათამაშებებში კი ყველაზე ხშირად ჩემპიონები ადგილობრივი ჩოგბურთელები ხდებოდნენ, იშვიათად – ახალი ზელანდიელი მოთამაშეები. ამ სპორტსმენების სახელები ჩოგბურთის დღევანდელ ქომაგებს ბევრს არაფერს ეუბნება, თუმცა, ერთი მათგანი გამონაკლისია. ნორმან ბრუკსმა 1911 წელს მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა, სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ქვეყნის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა და მოგვიანებით მამაკაცთა ტურნირის მთავარი პრიზი მისი სახელობისა გახდა.
1924 წლამდე ტურნირი პრესტიჟულთა რანგს ნაკლებად განეკუთვნებოდა და ორგანიზატორები განთესვასაც არ ატარებდნენ. იმ პერიოდში ახალი ზელანდია და ავსტრალიის შემადგენელი შტატები თავთავიანთ საჩოგბურთო პირველობებს ატარებდნენ, რომლებიც უფრო პრესტიჟულად ითვლებოდნენ.
ამასთან Australasian Championships-ის ჩატარების ადგილიც იცვლებოდა. პირველი ტურნირი პერტში გაიმართა, მეორე – ახაზელანდიურ კრაისჩერჩში, სულ კი ავსტრალიის ღია პირველობამ 7 ქალაქი “მოიარა”. ნახსენებ დასახლებულ პუნქტთა გარდა, ტურნირს ახალი ზელანდიის ჰასტინგსმა, ავსტრალიის ბრისბენმა, ადელაიდან, სიდნეიმ და დღევანდელმა მასპინძელმა მელბურნმა უმასპინძლა.
მეორე მსოფლიო ომამდე ავსტრალიელ მოთამაშეთაგან ყველაზე დიდ წარმატებას ჯეკ კროუფორდმა მიაღწია. 1928 წელს, ფინალში მას ჟან ბოროტრამ მოუგო, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი იწინასწარმეტყველა, ეს ბიჭი შორს წავაო. ლეგენდარული მოთამაშე არც შემცდარა – 1931-33 წლებში კროუფორდმა მიჯრით სამჯერ იმარჯვა ავსტრალიის ღია პირველობაზე.
მეორე მსოფლიო ომის ბატალიებმა ავსტრალიაში საჩოგბურთო ორთაბრძოლები 5 წლით შეაჩერა, “მწვანე კონტინენტის” ღია პირველობის განახლების შემდეგ კი თავდაპირველად ისევ ადგილობრივი მოთამაშეები იმარჯვებდნენ. თუკი ეს შედარებით ნაკლები კონკურენციით იყო გამოწვეული, მომდევნო წლებში ავსტრალიაში უმაღლესი კლასის ჩოგბურთელთა პლეადა აღიზარდა, რომელთა შორის განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსი კენ როზუოლი, ჯონ ნიუკომბი, როი ემერსონი და როდ ლეივერი არიან. ამ უკანასკნელმა ორჯერ შეასრულა “სლემი”, ემერსონმა პროფესიონალებში გადასვლა იუარა და მთლიანობაში 12-ჯერ იმარჯვა სადიდსლემო შეჯიბრებებზე, როზუოლმა კი პირველად 1953 წელს მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა და ტრიუმფი... 19 წლის შემდეგ გაიმეორა, როდესაც 37 წლისა და 2 თვის იყო. როზუოლი დღემდე რჩება ავსტრალიის ღია პირველობის ყველაზე ხანდაზმულ ჩემპიონად. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ამავდროულად როზუოლი შეჯიბრების ყველაზე... ახალგაზრდა გამარჯვებულიცაა. მან პირველი ტრიუმფი 18 წლისა და 2 თვის ასაკში იზეიმა.
ავსტრალიელთგან პირველობა უკანასკნელად მარკ ედმონდსონმა მოიგო. 1976 წელს მარკმა მოქმედ ჩემპიონს, კიდევ ერთ ლეგენდარულ ავსტრალიელ ჩოგბურთელს ჯონ ნიუკომბს სძლია. მას შემდეგ მოყოლებული მიზანთან ყველაზე ახლოს პატ კეში გახლდათ, მაგრამ 1987 და 1988 წლებში იგი შვედებმა, შტეფან ედბერგმა და მატს ვილანდერმა, ორივეჯერ ხუთსეტიან ფინალებში გააწბილეს.
მეოცე საუკუნეში “მწვანე კონტინენტის” ღია პირველობის ჩემპიონთაგან ამერიკელები არტურ ეში, ჯიმი კონორსი, ჯიმ კურიე, პიტ სამპრასი, არგენტინელი გილერმო ვილასი, ჩეხოსლოვაკი ივან ლენდლი, გერმანელი ბორის ბეკერი უნდა გამოვარჩიოთ, XXI საუკუნეში კი ჩემპიონები ანდრე აგასი (2000, 2001, 2003, ამერიკელმა 1995 წელსაც იმარჯვა), შვეიცარიელი როჯერ ფედერერი (2004, 2006, 2007, 2010), რუსი მარატ საფინი (2005), სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი (2008, 2011, 2012, 2013) და ესპანელი რაფა ნადალი (2009) გახდნენ.
ქალთა შეჯიბრებას რაც შეეხება, ერთეულთა თანრიგში ყველაზე მეტი, 11 ტიტული ავსტრალიელ მარგარეტ კორტს მოუხვეჭია (შვიდჯერ ზედიზედ), ამერიკელ სერენა უილიამსის აქტივში კი 5 მოგებული ფინალია.