ჭიდაობა

22:13 | 1.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაიამ ვერცხლის წერტილი დასვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებელ გეგმაში შეტანილი ბოლო ტურნირი – დორტმუნდის “დიდი პრიზი” 4 მედლით დაასრულა. ორდღიანი შეჯიბრების პირველ დღეს – 30 ივნისს რევაზ ლაშხის (60 კგ) მიერ მოპოვებულ ოქროსა და ვლადიმერ გეგეშიძისა (84 კგ) და სოსო ჯაბიძის (96 კგ) ბრინჯაოებს, 1 ივლისს მანუჩარ ცხადაიამ ვერცხლი მიამატა.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ ცხადაიას ამჯერად ზედმეტი წონა არ დააკლებინა და მშობლიურზე ერთი წონითი კატეგორიით მაღლა – 74 კილოგრამში ჭიდაობის ნება დართო. მანაც საკმაოდ კარგად გაართვა დავალებას თავი – ბელარუსი ევგენი ბაჩკოს, სამხრეთკორეელი ნეულ პუ სან ჟეონისა და ჩეხი ტომაშ სობიეცკის ძლევის შემდეგ ფინალში გავიდა. იქ კი ხორვატ ბოზო სტარჩევიჩთან წააგო და მეორე ადგილს დასჯერდა.
ამავე წონაში საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი ზურაბ დათუნაშვილი გერმანულ ხალიჩაზე ორჯერ გავიდა. მასპინძელ დამიან ჰარტმანს კი გასცდა, მაგრამ მეოთხედფინალში ფინელ ვალტერი მოსიოსთან ვეღარას გახდა და ოქრო-ვერცხლის შანსი დაკარგა. მალე კი ბრინჯაოს გზაც ჩაეკეტა, რადგან ფინელმაც უმალ წაიფორხილა.
დღესვე საქმეში მძიმეწონოსანი გურამ ფერსელიძეც ჩაერთო, მაგრამ პირველსავე წრეში - მეოთხედფინალში გერმანელ ნიკო შმიდტთან დამარცხდა და საბოლოოდ მეშვიდე ადგილი დაიკავა.
ოლიმპიურ თამაშებამდე საქართველოს ნაკრებს ორი შეკრებაღა რჩება გასავლელი.

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.1207