ფეხბურთი

13:18 | 19.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძემ მაჟორულ ნოტზე დაასრულა, დვალიშვილი კვლავ არ ათამაშეს

აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგა მაჟორულ ნოტზე დაასრულა ბაქოს “ინტერმა”, რომელსაც კახა ცხადაძე წვრთნის. “ინტერმა”, რომელმაც ვერცხლის მედლები ნაადრევად გაინაღდა სტუმრად თანაქალაქელი აზალ-ი 3:1 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის ქართველი ლეგიონეებიდან მხოლოდ გიორგი ლომაიამ ითამაშა, რომელმაც სეზონის უმეტესი ნაწილი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. ლაშა სალუქვაძე, ბაჩანა ცხადაძე და ალექსანდრე იაშვილი 18-კაციან განაცხადში არ იყვნენ. ლაშა კასრაძე აზალ-ის სამატჩო განაცხადში არ ფიგურირებდა. “ინტერმა” სეზონი 67 ქულითა და მეორე ადგილით დაამთავრა. აზალ-მა 31 ქულით მე-8 პოზიცია დაიკავა.

სამი ტურით ადრე გაჩემპიონებულმა აგდამის “ყარაბაღმა” გასვლაზე “ხაზარ ლენქორანთან” 1:1 წააგო. ჯაბა დვალი და ნიკა გელაშვილი აგდამელთა 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდნენ. დვალი “ყარაბაღში” თბილისის “დინამოდან” განათხოვრებული იყო და აზერბაიჯანელებმა ქართველ ფორვარდს იჯარას აღარ გაუგრძელებენ.

ზაქათალის “სიმურგმა”, რომელსაც გიორი ჩიხრაძე წვრთნის, შინ ბაქოს “ნეფთჩისთან” ქულები გაიყო – 0:0. “სიმურგი” 46 ქულით მე-7 ადგილზე გავიდა.

თურქეთის სუპერლიგის დასკვნით ტურში შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილმა “ქასიმფაშამ” სტუმრად “აქჰისარს” 3:1 სძლია. “ქასიმფაშა” 51 ქულით 18 გუნდში მე-6 ადგილზე გავიდა და ევროპის ლიგის საგზური ვერ მოიპოვა.

პოლონეთის ჩემპიონობისთვის მებრძოლმა ვარშავის “ლეგიამ” სტუმრად ზაბჟეს “გურნიკს” 3:2 აჯობა. ლადო დვალიშვილი წინა ტურის მსგავსად ვარშაველთა 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა. მას ზედიზედ ექვსი მატჩია “ლეგიაში” არ უთამაშია. პოლონური პრესა რამდენიმე დღის წინ იუწყებოდა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, შესაძლოა ქართველმა ფორვარდმა გუნდი დატოვოს, რადგან ბოლო პერიოდში სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. “ლეგია” ზედა 8 გუნდს 44 ქულით ლიდერობს.

ფინეთის ვეიკაუსლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-8 ტურში, ტურკუს “ინტერმა” შინ “ვაასან პოლოსეურას” ვერ მოუგო – 0:0. ირაკლი სირბილაძე მასპინძელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა. “ინტერს” 10 ქულა აქვს და 12 გუნდში მე-8 პოზიციაზეა.

ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-11 ტურში, “ვენტსპილსმა”, სადაც თორნიკე თარხნიშვილი გამოდის, გასვლაზე რიგის “დაუგავას” 4:0 აჯობა. ქართველი ნახევარმცველი სასტარტოში იმყოფებოდა და 79-ე წუთზე შეცვალეს. მან 74-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. “ვენტსპილსი” 10-გუნდიან ჩემპიონატს 33 ქულით ლიდერობს.

დაუგავპილსის “დაუგავამ” “იურმალა” მიიღო და 1:0 მოუგო. გიორგი ხუმარაშვილმა და გიორგი ჩიხრაძემ მასპინძლებში 90-90 წუთი ითამაშეს, ხოლო ჯემალ ჯალიაშვილი მოედანზე შეცვლაზე 84-ე წუთზე შევიდა. ბიძინა ცინცაძე 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა. “დაუგავა” 19 ქულით მე-4 ადგილზეა.

დანიის სუპერლიგიდან ორი ტურით ადრე გავარდნილმა “ორჰუსმა”, ბოლო ტურში “ოლბორგთან” სტუმრად 0:1 წააგო. “ორჰუსის” ქართველი ლეგიონერებიდან თადარიგში მხოლოდ დავით სხირტლაძე იყო, ხოლო მათე ვაწაძე და დავით დევდარიანი 18-კაციან განაცხადში არ აღმოჩნდნენ.   

სომხეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში, ერევნის “ბანანცი”, რომლის ღირსებასაც უჩა გოგოლაძე იცავს, თავის მოედანზე “მიკასთან” 2:3 დამარცხდა. ქართველი თავდამსხმელი სათადარიგო იყო. შეგახსენებთ, რომ “ბანანცმა” ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ოქროს მედლები მოიგო.

უკრაინის პრემიერლიგის ბოლო ტურში, ლუცკის “ვოლინმა” დონეცკში ადგილობრივ “შახტართან” 0:2 წააგო. თემურ ფარცვანია ლუცკელთა სამატჩო განაცხადში არ იყო. “ვოლინმა” 27 ქულა დააგროვა და ჩემპიონატი მე-12 ადგილზე დაასრულა.

0.118656