ინტერვიუები

9:56 | 29.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძე ახალგაზრდული ნაკრებიდან წასვლას სწორ ნაბიჯად თვლის

საქართველოს 21-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე, გასულ ზაფხულს “ახალგაზრდულის” დატოვებასა და კარიერის ბაქოს “ინტერში” გაგრძელებას სწორ გადაწყვეტილებად თვლის.
“რა თქმა უნდა, “ინტერში” გადასვლა გამართლებული იყო, რადგან ყოველდღიურად ვმუშაობ ამბიციურ კლუბში. რაც მე ახალგაზრდულ ნაკრებში ვნახე, სრული კატასტროფა იყო. არანაირი პირობა არ იყო შექმნილი ნორმალურად მოსამზადებლად. ამიტომ, სწორად მოვიქეცი, რომ წავედი”, - განაცხადა ცხადაძემ “მსოფლიო სპორტთან” საუბრისას.
- ბაქოს “სტანდარდში” და “ინტერში” გატარებული პერიოდის განმავლობაში, აზერბაიჯანის საფეხბურთო დონის შესახებ რა აზრი ჩამოგიყალიბდათ?
- აზერბაიჯანელებმა საკმაოდ წინ წაიწიეს – ამ სფეროში ბევრ ფულს აბანდებენ, ხოლო ფინანსები გადამწყვეტია თანამედროვე ფეხბურთში. ისინი ბაზებსა და სტადიონებს აშენებენ. გარდა ამისა, კლუბებს კვალიფიციური ლეგიონერები ჩამოჰყავთ. მაგალითად, “ბაკისა” და “ხაზარში” გამოდიან მოთამაშეები, რომლებიც წელიწადში 300 000-დან 500 000 დოლარს იღებენ.
- ზამთრის შესვენებამდე “ინტერის” გამოსვლას, როგორ შეაფასებთ?
- ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დამჭირდა, ვინაიდან გუნდის თამაშის სტილი და ტაქტიკური მონახაზი სრულიად შევცვალეთ. ჩემპიონატის სტარტზე არასტაბილურად ვთამაშობდით, შემდეგ გაცილებით უკეთ გამოვიყურებოდით, რასაც მცირე “ჩავარდნა” მოჰყვა. მაგალითად, მაღალ დონეზე ჩატარებული მატჩის მიუხედავად, “ხაზარს” შინ ვერ მოვუგეთ (1:1). გულდასაწყვეტი იყო სტუმრად მარცხი “ბაკისთან” (0:2), რომლის წინააღმდეგ 60 წუთი კარგად ვითამაშეთ. გუნდი  შემტევ ფეხბურთს აჩვენებდა, რასაც ის ფაქტი ადასტურებს, რომ ჩემპიონატის 17 მატჩში 30 გოლი გავიტანეთ, ხოლო აზერბაიჯანის თასის ორ შეხვედრაში – 8. თუმცა, 16 ბურთი გავუშვით, რაც ბევრია. მეორე ეტაპის წინ გაძლიერებას ვაპირებთ და ერთი-ორი კვალიფიციური მოთამაშის დამატების შემთხვევაში, საშუალო ევროპული დონის გუნდი გვეყოლება, რომელიც ღირსეულად თამაშს ევროლიგაშიც შეძლებს.
- თქვენს მიერ გუნდში მიწვეულმა ქართველმა ლეგიონერებმა რამდენად გაამართლეს იმედი?
- სტაბილურად ითამაშა კახა მჟავანაძემ, რომელმაც ტრავმა მიიღო და ბოლო ტურებში ვეღარ გვეხმარებოდა. ცოტა არასტაბილურები იყვნენ გიორგი ლომაია და დავით ოდიკაძე. ლომაიამ რამდენიმე კარგი თამაში ჩაატარა, მაგრამ “ჩავარდნაც” ჰქონდა. მათგან მეტს ველი.
- ისინი გუნდში მეორე ეტაპზეც დარჩებიან?
- სამივეს კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ თუ წასვლის სურვილი ექნებათ, ხელს არ შევუშლით.
- ქართველი ფეხბურთელების დამატებას კიდევ ხომ არ გეგმავთ?
- არა.  თუმცა, ამჟამად ვერც იმას გეტყვით კონკრეტულად რომელი ქვეყნიდან მივიწვევთ ლეგიონერებს. ველით სხავადასხვა წინადადებებს მენეჯერებისგან, რომელთაც განვიხილავთ. ერთი ცენტრალური მცველი ნამდვილად გვჭირდება, მაგრამ შეიძლება ორიც ავიყვანოთ.
- ახალ წლამდე კიევში იყავით ჩასული PღO ლიცენზიის ასაღებად საჭირო კურსების გასავლელად...
- ბევრი სესია გამიცდა და ვინაიდან ახლა დრო მქონდა, კიევში ჩასვლა მოვახერხე. სეზონის ბოლოს კიდევ ერთხელ უნდა ჩავიდე და PღO ლიცენზიას ავიღებ.
- ლიცენზიის ასაღებად, უკრაინა რატომ აირჩიეთ? იგივეს გაკეთება გერმანიაშიც შეგეძლოთ, სადაც არაერთი სეზონი გითამაშიათ და ალბათ, სწავლის დონეც გაცილებით მაღალია...
- ჩემთვის კიევში ხშირად ჩასვლა გაცილებით მოსახერხებელია. მითუმეტეს, სწავლის ხარისხი გერმანულისაზე ნაკლები არაა და უკრაინაში აღებულ ლიცენზიასაც იგივე სტატუსი აქვს.
- “ინტერი” მეორე ეტა¬პისთვის მზადებას როდის დაიწყებს?
-  იმის გათვალისწინებით, რომ სრულფასოვნად მოსამზადებლად ბევრი დრო არ გვაქვს, თითოეულ ფეხბურთელს, შესვენების პერიოდში ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამა მივეცით. გუნდი 11 იანვარს თურქეთში შეიკრიბება, სადაც სამი კვირა დავრჩებით.

ლაშა თაბაგარი

 

0.117549