ჭიდაობა

15:27 | 21.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

ცვლილებები საჭიდაო წესებში

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები საქართველოს 2011 წლის ჩემპიონატს განახლებული წესებით ჩაატარებენ. ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით, პერიოდისთვის განკუთვნილ დროს – წუთნახევარს - შესაძლოა ნახევარი წუთი დაემატოს. ეს იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე მოჭიდავეს თუნდაც ერთი ქულა ექნება აღებული. ხოლო თუ წუთნახევარმა უქულოდ ჩაიარა, მაშინ ძველებურად, პარტერის წესი ამოქმედდება.
სავარაუდოდ, ამ ცვლილებას ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია მომავალი წლის გაზაფხულიდან დააკანონებს. მიზეზად ჭიდაობის სანახაობრივი მხარის გაუმჯობესება სახელდება - აქაოდა, სპორტსმენებს პარტერის იმედი რომ აღარ ჰქონდეთ და უფრო აქტიურად იბრძოლონ გამარჯვებისთვისო.
აქვე ერთი სავარაუდო სიახლეც, რომელზეც ფილაში აქტიურად საუბრობენ. შესაძლოა, მალე 5-ქულიანი გდება სუფთად ჩაითვალოს და ილეთის შემსრულებელი უმალ გამარჯვებულად გამოცხადდეს. ოღონდ ამ წესის გატესტვისგან საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია ჯერჯერობით თავს იკავებს.
ლონდონის ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი ცვლილება ალბათ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებსაც შეეხება. მოგეხსენებათ, პერიოდის ფრედ დამთავრების შემთხვევაში, სპორტსმენი სპეციალური ლოტოტრონიდან ბურთულას იღებს. ფეხში შესვლის უპირატესობით კი, ის მოჭიდავე სარგებლობს, რომლის ფერისაც აღმოჩნდება ეს ბურთულა. მომავალშიც ასევე გაგრძელდება, ოღონდ სავარაუდოდ, იმ განსხვავებით, რომ პირველი პერიოდის შემდეგ ამოღებულ ბურთულას ლოტოტრონში აღარ ჩააბრუნებენ და შესაბამისად, იქ ორ-ორი წითელი და თეთრი ბურთულის ნაცვლად, ორი წითელი და ერთი ლურჯი (ან პირიქით) ბურთულა დარჩება. ეს პირველ პერიოდში ამოსული ფერის გამეორების ალბათობას საგრძნობლად შეამცირებს და იღბლის ხარჯზე გამარჯვების მოპოვების შანსიც იკლებს.

 

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.117457