ლადო ასათიანი ცოცხალი რომ იყოს, რატომღაც მგონია, რომ აუცილებლად დაწერდა ლექსს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებში ჯერ “ბარსელონას”, შემდეგ კი “რეალის” მარცხზე. ესპანური ფეხბურთის ფანებს ახლა პოეზიისთვის ნაკლებად სცხელათ, მაგრამ სრულიად პირენეს ლევანდოვსკის ლანდი ისე აჩრდილივით ადგას თავზე, გინდა თუ არ გინდა, ცოტა პოეტურ ხასიათზე მაინც დადგები.
გასულ სამშაბათს “ბარსელონას” მარცხით მადრიდელმა ქომაგებმა ისე ძალიან გაიხარეს, გულმა ცოტა რეჩხიც კი მიყო და ვიფიქრე, ”მტრის” მარცხის გამო ასეთმა დიდმა სიხარულმა ცოტა ფარსაგი გაგრძელებები იცის-მეთქი. ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც ეს მოლოდინი ახდა. გასული კვირის უკანასკნელი დღეები სრულიად ესპანეთი იმაზე მეტად დაქსაქსული და საკუთარ თავში ჩაკეტილი იყო, ვიდრე სამოქალაქო ომის დროს, ან გენერალი ფრანკოს მმართველობისას.
ახლავე და ამ წუთში წინასწარ იმის თქმა, რომ ”ბაიერნიცა” და “ბორუსიაც” უაპელაციოდ ფინალში არიანო, ცოტა ნაჩქარევი იქნებოდა, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ ესპანური კლუბების მხოლოდ ღრმა ფანატიკოს ქომაგებს თუ სჯერათ, რომ მოხდება უდიდესი სასწაული და ვილანოვას ან ჟოზეს ბიჭები გერმანული “ქვითკირივით” ბარიერების გადალახვას შეძლებენ.
ფეხბურთის ბევრმა ევროპელმა და არა მხოლოდ ევროპელმა სპეციალისტმა უკვე დაიწყო იმაზე მსჯელობა, თუ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ესპანური გრანდების ევროპული ჰეგემონიის დასასრულმა და იქნება თუ არა ეს თანამედროვე ფეხბურთის განვითარებაში კიდევ ერთი ნაბიჯი. საერთოდ, ათასი ჯურის საფეხბურთო ექსპერტებსა და მათთა ძმათ, წინასწარი შორსმიმავალი დასკვნებისა და ვარაუდების გაკეთება “არ ეშლებათ” და ზოგიერთი ხშირად ისეთ როყიო სისულელეებს ახეთქებს, გაოცებისგან შეიძლება თვალები მაღლა აგივიდეს. მაგრამ ის კი აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გერმანული კლუბების ბოლოდროინდელ წარმატებას ბევრი ადამიანი ზოგადად ფეხბურთში წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს და მათი აზრით, ეს სხვა ბობოლა ევროპული კლუბებისთვისაც ერთგვარი ნათელი მაგალითი და გაკვეთილი იქნება.
რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს გარმანელების წარმატება?! პირველ რიგში, ალბათ ყველა ერთად (მათ შორის “რეალისა” და “ბარსელონას” ჭეშმარიტი გულშემატკივრებიც) დავინახავთ იმ ადამიანების სიბეჩავეს, რომლებიც ესპანურ გრანდებს მხოლოდ ბოლო დროს მათი წარმატებებისა და “სიყვითლის” გამო ქომაგობენ. ხშირად სწორედ ასეთი ფსევდოგულშემატკივრები არიან ადამიანები, რომლებიც გვარიანად აფუჭებენ ზოგად ატმოსფეროს და მათ შემხედვარე ადამიანს ფეხბურთის ცქერის სურვილიც კი გეკარგება. ფსევდოქომაგების ჩამოცილებით დაინტერესებულები წესით “რეალისა” და “ბარსელონას” ქომაგებიც უნდა იყვნენ. ამას გარდა მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახლა უკვე პრაქტიკულად არცერთ კლუბს აღარ ექნება ევროპაში უძლეველისა და დაუმარცხებელის იმიჯი და უკვე ყველა ირწმუნებს, რომ სადაც დიადი “ბარსელონა” 0:4 მარცხდება, ყოველთვის შეიძლება ბრძოლა და საკუთარი ამბიციების ხმამაღლა განცხადება. ასეთი რამ კარგად განსაკუთრებით საქართველოსნაირ ქვეყნებს შეიძლება წაადგეთ, სადაც არის დაახლოებით ასეთი დამოკიდებულება: დიდ გუნდებს ვერასოდეს მოვუგებთ და მათთან მინიმალური ანგარიშით მარცხიც მისაღებია! მე თუ მკითხავთ, სწორედ ასეთმა შიშნარევმა დამოკიდებულებებმა განაპირობეს ის, რომ გრანდების წინაშე მრავალი პატარა გუნდის ფეხბურთელები მატჩის დაწყებისთანავე მუხლების კანკალით გადიან მინდორზე და შემდეგ ამ გუნდების მწვრთნელები თავდაუზოგავად ცდილობენ, საკუთარი მარცხი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით ახსნან და გაამართლონ.
და მრავალფეროვნებაც... ყველას კარგად გვესმის ესპანური ფეხბურთის ქომაგების განცდები და ისიც ვიცით, რომ გულშემატკივრობა ზოგადად სუბიექტური მცნებაა და იგი ხშირად არ ცნობს სამართლიანობის პრინციპებს. მაგრამ, ალბათ ისიც ლოგიკურია, რომ ერთი ქვეყნის ან ერთი რეგიონის გუნდების დომინაციის ცქერა მართლაც მოსაწყენია. ფეხბურთის მთელი ხიბლი და სილამაზე წარმოუდგენელ გამარჯვებებსა და ლიდერთა იმედების მსხვრევაზე დგას. თუმცა, ამ ყველაფერს თან, რა თქმა უნდა, დამარცხებულთა ცრემლიც ახლავს. ცრემლი და სიხარული ხომ ტყუპი ძმებივით არიან...