სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

14:02 | 3.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილი მარბერის, ბრაუნის და ჰარინგტონის ლიგაში

ქართველ კალათბურთელს ჩინეთის ჩემპიონატში ეპატიჟებიან


31 წლის ქართველმა კალათბურთელმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა, შესაძლოა, კარიერა ჩინურ “შანქსი ჟონგიუში” გააგრძელოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ევრობასკეტი” ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი წლებია, “სკიტა” სწორედ აზიურ კლუბებში ირჯებოდა. ბოლოს არაბეთის გაერთიანებული ემირატების წარმომადგენელ “ან ნაჰლ შარჯაში” ირიცხებოდა, მანამდე კი, ლიბანური “ჩემპვილის” (27 მატჩში საშუალოდ 17.9 ქულა, 10.9 მოხსნა, 2.0 პასი, 1.5 დაფარება) და ირანული “ფულად მაჰანისა” და “მაჰრამის” მაისურით თამაშობდა, რომელსაც 2011-12 წლების სეზონში ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა და ტურნირის პირველ სიმბოლურ ხუთეულშიც მოხვდა.

ცნობისთვის, გასულ სეზონში “შანქსი ჟონგიუ” კარგად ნამდვილად არ გამოიყურებოდა და 10 მოგება და 24 მარცხი მოუგროვდა, რაც 18-გუნდიან ჩინურ ლიგაში მე-16 ადგილის დასაკავებლად აღმოჩნდა საკმარისი. არადა, ამ გუნდის ლიდერი გამოცდილი ამერიკელი ცენტრი ბაირომ მალინსი გახლავთ, რომელსაც თავის დროზე “შარლოტის”, “კლიპერსის” და “ფილადელფიას” ღირსება დაუცავს. აქვეა კიდევ ერთი ამერიკელი ვონ ვეიფერიც, ვისაც რუსულ “კრასნი ოკტიაბრში” და ამერიკული დ-ლიგის ბინადარ “ბეიკერსფილდში” უთამაშია.

საერთოდაც, ბოლო პერიოდია, ჩინური კლუბების ლიგის გაძლიერებაზე სერიოზულად მუშაობენ. მაგალითად, აგვისტოშივე აღნიშნული მიმართულებით აიღეს გეზი საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნატურალიზებულმა მოთმაშეებმა. ჯეკიკობ პულენი “ბარსელონადან” “ლიაონინგში” გადაბარგდა, ხოლო კორი ფიშერმა რუსული “ენისეიდან” “ფუჯიანს” მიაშურა.

გარდა ამისა, ჩინური კლუბების განაცხადებისთვის თვალის გადავლებისას, არაერთ სახელოვან ამერიკელს აღმოვაჩენთ. თავადაც განსაჯეთ: ჯილბერტ არენასი, ბობი ბრაუნი, ჯასტინ დენტმონი, მარკუს ჰეისლიპი, ალ ჰარინგტონი, პუჰ ჯეტერი, სტივენ მარბერი, დელონტე ვესტი, შელდენ უილიამსი, მეტა ვორლდ პისი...

მოკლედ, ცქიტიშვილს, რომლის სახელიც ბოლო პერიოდში მივიწყებული გახლდათ, ჩინური ტრანსფერის შემთხვევაში, ფორმაში შესვლის შანსი მიეცემა და ეს, საქართველოს ნაკრებისთვისაც კარგი უნდა იყოს. მოგეხსენებათ, ჩვენი ეროვნული გუნდი 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეა გასული და მომავალი სექტემბრისთვის განაცხადში, “სკიტას” დარი გამოცდილი მოთამაშის ყოლა, ურიგო ნამდვილად არ იქნება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.126062