სულ რაღაც 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის “რეალმა” სარეკორდო თანხად, 94 მილიონ ევროდ შეიძინა. დღეს, პორტუგალიელი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი აღარაა. ამის მიზეზი ისაა, რომ მადრიდელებმა მათივე რეკორდი გააუმჯობესეს და ლონდონის “ტოტენჰემიდან” გარეთ ბეილი დაახლოებით 100 მილიონ ევროდ შეიძინეს.
ბეილის პრეზენტაციაზე, რომელსაც 85 ათასი გულშემატკივარი დაესწრო, 24 წლის უელსელმა დამტვრეული ესპანურით განაცხადა, რომ მისი ოცნება ახდა. ბოლო წლებში, “რეალში” არაერთი ისეთი ფეხბურთელი გადავიდა, რომელიც ტრანსფერის განხორციელებამდე რამდენიმე კვირით ადრე მადრიდელთა უმთავრესი კონკურენტის, “ბარსელონას” მზესა და მთვარეს იფიცებოდა (რამდენიმე მათგანი “რეალში” ახლაც თამაშობს), მაგრამ ბეილის სიტუაცია განსხვავებულია. წლების წინ “რეალის” მაისურით გადაღებული ფოტო ცხადყოფს, რომ უელსელს მადრიდული გუნდი გულში ჯერ კიდევ მაშინ ჩაუვარდა, როდესაც ესპანეთის დედაქალაქში მის შესახებ არაფერი იცოდნენ.
გარეთ ბეილი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის პოსტზე მისი წინამორბედის, კრიშტიანუ რონალდუსგან განსხვავებულად ცხოვრობს. მას არ იტაცებს ცნობილ მოდელებთან ურთიერთობა – ბეილს დიდი ხანია ურთიერთობა აქვს თავის ბავშვობის გულისწორთან, ემა რის-ჯონსთან, რომელიც მან ჯერ კიდევ სკოლის ასაკში, კარდიფში გაიცნო. სწორედ ემა რის-ჯონსია ის ადამიანი, რომელსაც ბეილი მის მიერ გატანილ ყველა გოლს უძღვნის. წყვილს ჰყავს 11 თვის ქალიშვილი ალბა ვიოლეტ ბეილი. ინგლისური მედიის ცნობით, ბეილმა შვილს სახელი თავისი აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ანდრე ვილაშ-ბოაში საპატივცემულოდ დაარქვა. საქმე ისაა, რომ “ტოტენჰემის” დამრიგებლისა და უელსელის ქალიშვილის ინიციალები ერთმანეთს ემთხვევა.
როგორც ცნობილია, გარეთ ბეილს არ უყვარს ღამის კლუბებში სიარული. ის ოჯახთან ერთად ვახშმობას ამჯობინებს. უელსელის სატელეფონო წიგნში ცნობილი ადამიანების ტელეფონის ნომრებისთვის ადგილი არ მოიძებნება. გარეთი იშვიათად ექცევა საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ყურადღების ცენტრში, რადგან ის შინიდან იშვიათად გადის.
გარეთ ბეილი 1989 წლის 16 ივლისს, უელსის ქალაქ კარდიფში დაიბადა. სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელი, გუინ მორისი, ბეილს, თანატოლებთან ერთად, ფეხბურთს ერთი შეხებით ათამაშებდა, თან ისე, რომ მოთამაშეებს სუსტი ფეხი უნდა გამოეყენებინათ.
82 წლის ბილ ტაუტი, რომელიც კვლავ გარეთ ბეილის მშობლების მეზობელია, ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის ბავშვობას იხსენებს. “იშვიათი იყო დღე, როდესაც ბეილი, თავის ბაღში, ფეხბურთს არ თამაშობდა. ხშირად, ბურთი ჩემს ბაღში ვარდებოდა ხოლმე. ერთ ღამეს, გარეთმა ბურთი 14-ჯერ გადმოაგდო, მაგრამ მე მას ბურთს ყოველთვის ვუბრუნებდი, რათა თამაში განეგრძო.”