გიორგი ცინცაძის “დონეცკმა” უკრაინის თასის ნახევარფინალში “გოვერლას” 84:77 სძლია, ქართველი კალათბურთელი კი საკუთარი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.
ცინცაძემ, რომელსაც 7 თებერვალს 28 წლის შეუსრულდა, 33:15 წუთს ითამაშა და დონეცკელებს 14 ქულა, 4 მოხსნა, 8 პასი და 2 ჩაჭრა შესძინა. ქართველმა უკანახაზელმა 3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არცერთხელ დაუკარგავს და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი 24 გახლდათ, რაც სტუმართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. “გოვერლას” მხრიდან გამორჩეულად ითამაშა ამერიკელმა ტრევეს პეტერსონმა, რომელმაც 37:54 წუთში 33 ქულა მიითვალა.
კიევში მიმდინარე “ოთხთა ფინალის” გადამწყვეტ შეხვედრაში “დონეცკი” მასპინძელ “ბუდიველნიკს” ეთამაშება, რომელმაც მე-2 ნახევარფინალში ლევან ფაცაციას “დნიპროაზოტს” 100:74 მოუგო. შეგახსენებთ, რომ ქართველი ფორვარდი ტრავმირებულია და მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.