ქართველმა კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ ლიბანურ “ჩემპვილში” გადასვლის შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მართალია, მისმა გუნდმა ბეირუთში “ჰომენეტმენთან” 63:73 წააგო, ცინცაძე სარგებლიანობის კოეფიციენტის (30) მიხედვით, მოედანზე საუკეთესო გახლდათ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელმა მოედანზე 34 წუთი გაატარა და სტუმრებს 23 ქულა, 6 მოხსნა, 9 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. გიორგიმ 5-დან 2 ორქულიანი, 7-დან 5 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 5-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
“ჩემპვილს”, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატში ნამუშევარი გიორგიოს კეცელიდისი ავარჯიშებს, 3 მოგების წილ 8 მარცხი მოუგროვდა და 10-გუნდიან ლიგაში უკვე მე-8 ადგილამდე დაქვეითდა. 22 მარტს ცინცაძის გუნდი ერთ-ერთ აუტსაიდერ “ბეჯეჰს” უმასპინძლებს.