გიორგი ცინცაძის “დონეცკი” ვთბ-ლიგის ეგიდით კრასნოიარსკის “ენისეის” ესტუმრა და მძალვრად ჩატარებული ბოლო მეოთხედის (27:14) ხარჯზე 92:84 იმარჯვა. ქართველი კალათბურთელი უკრაინული გუნდის სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა, მოედანზე მხოლოდ 11:11 წუთი გაატარა.
ცინცაძემ 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი კი ააცილა და 4 ქულა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა უკანახაზელმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.
“დონეცკის” რიგებში საუკეთესონი ამერიკელი კალათბურთელები იყვნენ. ბერნარდ კინგმა 23 ქულა, 4 მოხსნა და 6 პასი მიითვალა, ბენ მაკკოლიმ 19 ქულას 5 მოხსნა და 3 ჩაჭრა წაამატა, ხოლო მარკო კილინგსუორტმა 17 ქულით და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
დონეცკელებმა ხუთ შეხვედრაში 4 გამარჯვება მოაგროვეს და ვთბ-ლიგის A ჯგუფში რუსული “უნიქსის” კვალად მე-2 ადგილზე იმყოფება. 17 ნოემბერს ცინცაძის კლუბი ლიტვურ “ლიეტუვას რიტასს” უმასპინძლებს.