კალათბურთი

22:40 | 5.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძის “დონეცკმა” რუსეთში იმარჯვა

გიორგი ცინცაძის “დონეცკი” ვთბ-ლიგაში სანკტ-პეტერბურგის “სპარტაკს” ესტუმრა და რუსული კლუბი მოულოდნელად იოლად – 91:65 დაამარცხა.

ქართველი უკანახაზელი უკრაინული გუნდის სასტარტო ხუთეულში გახლდათ და 19:59 წუთში 3 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ცინცაძემ 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა, 3 შეცდომა დაუშვა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

დონეცკელთა რიგებში საუკეთესონი ამერიკელი კალათბურთელები იყვნენ. ბერნარდ კინგმა 22 ქულა და 10 პასი მიითვალა, ხოლო ბენ მაკკოლიმ 20 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა.

ცინცაძის კლუბმა 10 ტურში მე-6 მოგება იზეიმა და ვთბ-ლიგის A ჯგუფში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. 12 იანვარს დონეცკელები ჩეხურ “ნიმბურკს” ესტუმრებიან.

წარმატებას მიაღწია კიდევ ერთმა უკრაინულმა გუნდმა, რომლის ღირსებასაც ასევე საქართველოს ეროვნული გუნდის წევრი ლევან ფაცაცია იცავს.

სამწუხაროდ, ქართველი ფორვარდი ისევ ტრავმირებულია, მის არყოფნაში კი “დნიპროაზოტმა” სტუმრად “დნიპროს” 81:74 სძლია და ეს დნეპროძერჟინსკელებისთვის სეზონში მხოლოდ მე-2 გამარჯვება გახლდათ. ფაცაციას კლუბს უკრაინულ სუპერლიგაში ბოლოსწინა მე-13 პოზიცია უკავია, მომდევნო თამაში კი 11 იანვარს კიევში “ბუდიველნიკთან” ელის.

კვლავ ტრავმას იშუშებს მანუჩარ მარკოიშვილიც, რომლის “გალათასარაიც” თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერად რჩება. სტამბულელებმა გასვლით შეხვედრაში “ოლინ ედირნეს” 98:88 სძლიეს და 14 ტურში 11 მოგებით მე-2 ადგილს ინარჩუნებენ. 12 იანვარს “გალა” “მერსინს” უმასპინძლებს.

0.112978