ვთბ-ლიგის A ჯგუფის მორიგ მატჩში ჩეხურმა “ნიმბურკმა” გიორგი ცინცაძის “დონეცკი” მიიღო და პირველ წრეში უკრაინაში განცდილი დასანანი მარცხისთვის რევანში აიღო – 97:84. თამაშის ბედი დასკვნით მეოთხედში გადაწყდა, რომელიც მასპინძლებმა 31:23 მოიგეს.
ქართველი კალათბურთელი დონეცკელთა სასტარტო ხუთეულში გახლდათ და 25:27 წუთში 9 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა.
ცინცაძემ 6-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
უკრაინული გუნდის რიგებში საუკეთესონი, ტრადიციულად, ამერიკელები იყვნენ. ბენ მაკკოლიმ 20 ქულა ჩააგდო, ხოლო მარკო კილინგსუორტმა ორმაგი დუბლი მიითვალა – 17 ქულა, 12 მოხსნა.
“დონეცკმა” 6 მოგების ფონზე მე-5 მარცხი განიცადა და 10-გუნდიან ჯგუფში მე-5 ადგილამდე დაქვეითდა. ლიდერი ყაზანის “უნიქსია”, რომელსაც ზურგს 10 გამარჯვება უმაგრებს.
ცინცაძის კლუბი ვთბ-ლიგაში მომდევნო მატჩს 19 იანვარს, შინ, აუტსაიდერ ტალინის “კალევის” წინააღმდეგ ჩაატარებს.