წარუმატებელი დღე ჰქონდათ იმ უკრაინულ კლუბებს, რომელთა ღირსებასაც ქართველი კალათბურთელები – გიორგი ცინცაძე და ლევან ფაცაცია იცავენ.
ცინცაძის “დონეცკი” ვთბ-ლიგაში “ნიჟნი ნოვგოროდს” დაუხვდა და 75:83 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და 26:52 წუთში 7 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა.
გიორგიმ 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო.
დონეცკელებს ამერიკელმა კალათბურთელებმა – ბენ მაკკოლიმ და მარკო კილინგსუორტმა ულიდერეს, შესაბამისად, 25 და 20 ქულით, რუსულ კლუბს კი ასევე ამერიკელი ლიუკ ბებიტი მიუძღოდა – 21 ქულით.
4 მოგებით და 3 მარცხით “დონეცკი” ვთბ-ლიგის A ჯგუფში მე-5 ადგილზე იმყოფება. 8 დეკემბერს ცინცაძის კლუბი რუსეთის კიდევ ერთ წარმომადგენელს – ყუბანის “ლოკომოტივს” დაუხვდება.
უკრაინულ სუპერლიგაში ფაცაციას “დნიპროაზოტი” “კიევს” ესტუმრა და მიჯრით მე-6 მარცხი განიცადა – 72:81. ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 34:50 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.
ფაცაციამ 5-დან 2 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 საჯარიმო ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.
სტუმართა მხრიდან ლევანზე შედეგიანად მხოლოდ ამერიკელი დონალდ სიმსი გაისარჯა, რომლის მონაგარიც 28 ქულა იყო. 13 დეკემბერს “დნიპროაზოტი” “გოვერლას” ესტუმრება.