კალათბურთი

23:41 | 30.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძე გალიდერდა, ფაცაცია აუტსაიდერია

გიორგი ცინცაძის “დონეცკმა” უკრაინულ სუპერლიგაში მიჯრით მე-3 მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილს სათავეში ერთპიროვნულად ჩაუდგა. გასულ ტურში დონეცკელებმა “დნიპრო” მიიღეს და არანაირი პრობლემა არ შექმნიათ - 105:65.

ქართველმა კალათბურთელმა დნიპროპეტროვსკელთა წინააღმდეგ 16:10 წუთს ითამაშა და 8 ქულა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ცინცაძემ 2-ვე სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ორქულიანი ააცილა და 2 შეცდომა დაუშვა.

“დონეცკის” რიგებში საუკეთსო მაქსიმ კორნიენკო გახლდათ, რომელმაც 28 ქულა, 9 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. გიორგის კლუბს შიდა ასპარეზზე მორიგი მატჩი 7 ნოემბერს ელის, როდესაც “მიკოლაივს” ესტუმრება.

თუკი ცინცაძის “დონეცკი” ლიდერია, 3 მარცხით ბოლო ადგილზე იმყოფება ლევან ფაცაციას “დნიპროაზოტი”. დნიპროძერჟინსკელები ამჯერად მარიუპოლის “აზოვმაშს” ესტუმრნენ და 60:69 დამარცხდნენ.

ქართველმა ფორვარდმა მხოლოდ 08:16 წუთს ითამაშა და ერთადერთი სამქულიანის აცილება მოასწრო, აქტივში კი 1 მოხსნა ჰქონდა. 3 ნოემბერს “დნიპროაზოტი” იუჟნის “ხიმიკს” უმასპინძლებს.

0.068647