ძიუდო

13:25 | 29.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩხვიმიანი სამეულს მიღმა დარჩა

 

დღეს ტოკიოში ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ძიგორო კანოს მემორიალი დაიწყო. უპრესტიჟულეს შეჯიბრებაში, რომელსაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ “დიდი სლემის” სტატუსი აქვს მინიჭებული, ქართველი ძიუდოისტიც ჩაერთო, მაგრამ მედლისთვის ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშა – 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე საქართველოს ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი იაპონურ ტატამზე ორჯერ გავიდა. პირველ წრეში ჰონგკონგელ იუკ ტინგ ლის ჯერ ვაზარი და იუკო აუღო და შეხვედრის მიწურულს შებოჭა. გამოცდილ სამხრეთკორეელთან, მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორ ვონ ჩინ კიმთან კი ვეღარას გახდა. ამ უკანასკნელმა გამართული ტაქტიკური ჭიდაობის ხარჯზე, მეტოქის ოთხი შიდოთი იმარჯვა.

ვონ ჩინ კიმმა შემდეგი შეხვედრები იპონ-იპონ მოიგო და “დიდი სლემის” ფინალში გავიდა, სადაც იაპონელ ნაოჰიშა ტაკატოსთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

დღესვე ჩემპიონ-პრიზიორები 66 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გამოვლინდნენ. ამ წონაში საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ჰყავდა. ჩემპიონი კი იაპონელი ტომოფუმი ტაკაიო გახდა, რომელმაც ფინალში ბრაზილიელ შარლ ჩიბინას მოუგო.

ტოკიოს “დიდი სლემი” 1 დეკემბრამდე გაგრძელდება და ტატამზე სულ 46 ქვეყნის ნაკრები გავა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განაცხადში სულ 8 შეგირდი შეიყვანა. ეროვნული გუნდის გამოცდილ ძიუდოისტთაგან კიმონოს მხოლოდ ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) მოირგებენ.

ჭრიკიშვილი საქმეში ხვალ ჩაერთვება. ხვალვე იჭიდავებენ ფრიდონ გიგანი (73 კგ) და უშანგი მარგიანი (81 კგ). ზეგ კი ტატამზე ლიპარტელიანი, ალექსანდრე მსხალაძე (100 კგ), ლევან მატიაშვილი და გიორგი ზაქარიაძე (ორივე +100 კგ) გავლენ.

ჩამოთვლილ ძიუდოისტთა გარდა იაპონიაში ჩასულ ქართულ დელეგაციაში არიან ამირან პაპინაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ნოდარ მეტრეველი და ადამ ოქრუაშვილი, რომლებიც ტურნირის შემდგომ ერთობლივ წვრთნებში ჩაერთვებიან.

 

ძიუდო

“დიდი სლემი”

ტოკიო

29 ნოემბერი

 

კაცები

60 კგ

1 ტომოფუმი ტაკაიო (იაპონია)

2 შარლ ჩიბანა (ბრაზილია)

3 შინჯი კიდო (იაპონია)

3 ტორუ შიშიმე (იაპონია)

 

66 კგ

1 ნაოჰიშა ტაკატო (იაპონია)

2 ვონ ჩინ კიმი (სამხრეთ კორეა)

3 დევიდ ლაროში (საფრანგეთი)

3 რენ მიაზაკი (იაპონია)

 

ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო

0.119576