გულშემატკივრის სვეტი

14:59 | 13.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჩვენი ქალაქის აივნები

აივნები ჩვენი ქალაქის სულის ნაწილია და თბილისის ძველ თუ ახალ უბნებში, ყველა აივანი თავის ისტორიას ატარებს. აივნები, საიდანაც მილიარდობით სიგარეტი გადაფერფლილა, სადაც კუბოს თავსახურებიც გვინახავს მიყუდებული და ლამაზი გოგონებიც, რომლებიც თითქოს სწორედ აივანზე დგომისას არიან ყველაზე ლამაზები და განსაკუთრებულები. თბილისის აივნებს ახსოვს მოქეიფე ყმაწვილებიცა და კეთილი ბებოებიც, ეზოს მოწყენილად რომ გადასცქერიან. აივანი ყველაფერია, ყველაფრის მნახველი და გამგონი.
3 ივნისს, ხორვატიისა და საქართველოს მატჩის დროს გატანილი გოლით გამოწვეული ჩვენი შიშნარევი დაუჯერებლობის სიხარულიც, ყველაზე უწინ სწორედ თბილისურმა აივნებმა გაისიგრძეგანეს, როდესაც კანკავას გატანილი გოლის სიხარულით აღვსილები ოთახებში ვეღარ დავეტიეთ, ყველანი აივნებზე გავცვივდით და მთელი ხმით ვღრიალებით მორყეულ მოაჯირებზე დაყრდნობილნი. ლილოდან ზაჰესის დასახლებამდე ჭრიალებდა და ზანზარებდა თბილისური აივნები. ვხტუნავდით და ანგარიშმოუცემლად ერთმანეთს ვეხვეოდით ყველანი და ზეამბიციურ ფრაზებს ვისროდით: ”აი, ნახე, თუ არ მოვუგოთ ხორვატებს!”, ”ესენიც ადამიანები არიან, ბოლოს და ბოლოს. თბილისში თუ მოვუგეთ, იქ რატომ არ შეგვიძლია?!” ”მეორე გოლიც გავიტანოთ და მოგებულია უკვე თამაში!”, ” ალბათ, ამ თამაშის მერე ბილიჩს დაიფრენენ ხორვატიის ნაკრებიდან”... დიდი იმედები კი განსაკუთრებულად მაშინ მოგვეძალა, როდესაც პირველი ტაიმი დასრულდა და ვინ სიგარეტის მოსაწევად, ვინ კი ლუდის ჰაერზე ჩასაყლურწად და მეზობლისათვის ”ხომ ვართ მაგრები ძმაოს?!” გადასაძახებლად გავედით აივანზე. ტაიმებს შორის 15 წუთის განმავლობაში, მთელი ქალაქი აივანზე იყო გამოფენილი და ხელის თითებს ნერვიულად იტკაცუნებდა. გარაჟებში ღვინის დამყენებელი ბიძები მეზობლებს უკვე უთანხმდებოდნენ იმაზე, ხორვატიასთან გამარჯვების აღსანიშავი სუფრის გასაშლელად ვის ღვინო უნდა ეკისრა და ვის მწნილი. მამები აივანზე გამოსულ შვილებს კომპიუტერში ხორვატი ფეხბურთელების კლუბების გაგებას სთხოვდნენ და შემდეგ სიამაყით აკანკალებდათ, როდესაც გაიგებდნენ, თუ რაოდენ ცნობილ გუნდებში თამაშობდნენ ჩვენი ნაკრების მიერ პირველ ტაიმში დამარცხებული ხორვატები. იყო ტელეფონების წკრიალი და გადარეკვა-გადმორეკვები ერთადერთი ტექსტით: ”არ მჯერა, კაცო, არ მჯერა...”. და ისე დაიწყო დანავსული მეორე ტაიმი, რომ ვერც კი მივხვდით, როგორ აღმოვჩნდით აივნებიდან ისევ ტელეეკრანებთან მიმსხდრები და საკუთარი თითების მკვნეტავნი.
მატჩის მეორე ტაიმი იყო შიშისა და მუხლების კანკალის 45 წუთი. მხოლოდ ნახევარი საათი იმიტომ, რომ როდესაც ორი გოლი გავუშვით, იმის შემდეგ ეკრანზე შეხედვის ხალისი ყველას დაკარგული ჰქონდა, და აივანზე სიგარეტით ხელში მდგომები მხოლოდ ცალი ყურით თუ უსმენდნენ ოთახიდან გამოსული ტელევიზორის ხმას, საიდანაც სასიხარულო აღარაფერი მოისმოდა. მანამდე კი, ჩვენმა აივნებმა ხორვატების ჯერ პირველი, შემდეგ კი მეორე გოლით გამოწვეული დარდი და ვარამი ნახეს. როგორ უაზროდ შევცქეროდით ერთმანეთს დათრგუნულები და იმედწართმეულები. და მხოლოდ ამის შემდეგღა გაისმოდა კრიტიკა თემურ ქეცბაიასი ან რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელის მისამართით. ამ დროს ვისმეს გაკრიტიკება დიდი ვერაფერი შვებაა, მაგრამ საერთოდ ხმა რომ არ ამოიღო და ასე უთქმელად წაჩანჩალდე დასაძინებლად, ალბათ, გული არ მიგყვება ლოგინამდე.
ალბათ, მაინც სისულელეა სერიოზულად გიკვირდეს ის, რომ წააგე ხორვატიის ნაკრებთან. გუნდთან, რომელსაც მშვენიერი ფეხბურეთელები ჰყავს და ესოდენ სჭირდებოდა სამი ქულის მოპოვება. გუნდთან, რომელიც ჩვენგან განსხვავებით, ათ წელზე მეტია, რაც ევროპის გრანდთა მარაქაშია გარეული და ხან ინგლისს ჩატოვებს ჯგუფში და ხან გერმანიის ნაკრებს ამარცხებს გამანადგურებელი ანგარიშით. ეს ყველაფერი არის ობიექტური რეალობა, რომელსაც, ბუნებრივია, ვერ გაექცევი და გინდა თუ არა, მაინც მოგიწევს იმის აღიარება, რომ ხორვატია ჩვენზე აშკარად აღმატებული გუნდია და სპლიტში მისი გამარჯვება მოსალოდნელი და ჩვეულებრივი ამბავი იყო. მაგრამ, განა ჩვენი ბრალია, რომ გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ, პირველად ვირწმუნეთ, რომ ჩვენს გუნდსაც შეუძლია რაიმე დიდისა და მნიშვნელოვანის მიღწევა და ჩვენს აივნებზეც, როგორც იქნება, გაისმის ესოდენ მონატრებული: ”გოოოლ!”. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა, მაგრამ ჩვენ ჯერ სიკვდილს არ ვაპირებთ და ვინ იცის, იქნებ მომავალში კიდევ ბევრჯერ დავაზანზაროთ ჩვენი ქალაქის აივნები.
 

 

ლევან სეფისკვერაძე    
 

0.117127