ნაახალწლევს თბილისს კიდევ ერთი კოლორიტული ადამიანი გამოაკლდა. 77 წლისა გარდაიცვალა ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ცნობილი მწვრთნელი გურამ დათიაშვილი. ჩვენთვის ძია გურამი. სულით და ხორცით ჯანსაღი ადამიანი. ისეთი, როგორიც მხოლოდ მოჭიდავეები არიან ხოლმე.
დაახლოებით 40 წელიწადს მოღვაწეობდა “დინამოს” სპორტსაზოგადოებაში. ხუმრობდა კიდეც, ერთი არ დავბადებულვარ, თორემ სახლივითაა, ლამის მთელი ცხოვრება იქ გავატარეო. ნიჭიერ ახალგაზრდებს ეძებდა მთელ საქართველოში, იპოვნიდა და მანამდე არ მოეშვებოდა, სანამ დიდ მოჭიდავეებად არ აქცევდა. უამრავი სახელოვანი ფალავანი, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გაუწვრთვნია, თუნდაც ვახტანგ ბლაგიძის, მიხეილ სალაძის, თემურ აფხაზავასა და გურამ გედეხაურის სახელები რად ღირს. ასევე ედიშერ მაჩაიძე, რომელიც დღეს საერთაშორისო კატეგორიის ერთადერთი მსაჯია საქართველოში. ყველაზე დასამახსოვრებელი კი ალბათ გუნდური ევროპის ჩემპიონთა თასი იყო, რომელიც “დინამომ” 1973 წელს სოფიიდან ჩამოიტანა თბილისში. აღსანიშნავია, რომ ბულგარელთა შემადგენლობაში 4 მსოფლიო ჩემპიონი გამოდიოდა, მაგრამ ჩვენმა მოჭიდავეთა “დინამომ” დიდებული გამარჯვება მოიპოვა.
საბურთალოზე, იოსებიძის ქუჩაზე ცხოვრობდა. ბავშვობაში ხშირად გვარიგებდა ხოლმე, კაცობას, ადამიანობას გვასწავლიდა. თანაც საოცარი იუმორი ჰქონდა. პირდაპირი ადამიანი იყო და ამიტომ მომდურებულიც ბევრი ჰყავდა. კარიერის განმავლობაში ბევრჯერ შეეძლო კარგი ბინის, მანქანისა თუ სხვა საცდურის მოხვეჭა, მაგრამ ისევ თავის მოწაფეებს უთმობდა, რომელთა უმრავლესობა რაიონებიდან იყვნენ ჩამოსული და თბილისში საცხოვრებელი არ ჰქონდათ. უთქვამს კიდეც, რა სინდისით ავიღო ბინა როცა ჩემს ბიჭებს ღამის გასათევიც არ აქვთო. მკაცრი იყო, მაგრამ სამართლიანი. მამა-შვილურად ეპყრობოდა ყველას. დღემდე ოროთახიან ბინაში ცხოვრობდა. კითხვაც უყვარდა და პურ-მარილიც. მასთან სახლში ხშირად იკრიბებოდნენ გურამ ფანჯიკიძე, შოთა ნიშნიანიძე, გოგი გაჩეჩილაძე და სხვები. ნებისმიერ თემაზე ბჭობდნენ და კამათობდნენ. საინტერესო ადამიანები იყვნენ.
წლების განმავლობაში ყოველ დილით ლისის ტბაზე ერთად ვვარჯიშობდით. უნდა გენახათ, როგორი შემართებით წვრთნიდა თავის ვაჟებს: გიას და კახას. გასაქანს არ აძლევდა და მკაცრად შეუყვირებდა ხოლმე. მართალია მოჭიდავეები ვერ გახდნენ, მაგრამ შვილები დღემდე მადლიერნი არიან ასეთი ცხოვრებისეული გაკვეთილებისთვის.
ასეთი იყო ძია გურამი: მკაცრი, გოროზი, პირდაპირი, გულჩვილი, ძმაკაცური, ვაჟკაცური...…
სოლომონ გულისაშვილი