გულშემატკივრის სვეტი

17:45 | 25.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჩვენი ბრძოლა

 

კორუფცია, გაყიდული და ჩაწყობილი თამაშები, ტოტალიზატორებთან შეკრული გუნდები – ეს ის პრობლემებია, რომლებმაც თანამედროვე ფეხბურთში თავი ახალი ძალით იფეთქა და როგორც აღმოჩნდა, ამაში სხვა ქვეყნებს არც საქართველო ჩამორჩა. დღეს თითქმის ყველა საფეხბურთო ქვეყანაში საუბრობენ ამ პრობლემების რეალურად არსებობაზე და მათი მოგვარების გზებსაც სახავენ, თუმცა სამწუხაროდ, საფეხბურთო დანაშაულის წინააღმდეგ  ბრძოლა სასურველ შედეგებამდე ხშირად ვერ მიდის და სწორედ ამით არის გამოწვეული ის ზოგადი ნიჰილიზმი, რაც ფეხბურთის ქომაგებს და მათ შორის, ქართველ ქომაგებს ახასიათებთ. ”თამაშები ყველგან იყიდებოდა, იყიდება და გაიყიდება და ამის წინააღმდეგ ბრძოლას რა აზრი აქვს?!”, ”როცა ესპანეთში და იტალიაში აწყობენ თამაშებს, რა გასაკვირია, რომ ”ორი კაპიკის” შოვნა ქართველმა ფეხბურთელებმაც მოინდომეს”, ”ფეხბურთში დიდი მაფია აფათურებს ხელებს და მაგათ ვინ მოერევა?!” - ასეთი შინაარსისა და პათოსის გამონათქვამები საქართველოში არაერთხელ მოგვისმენია და ალბათ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჩვენც დავმდგარვართ ისეთ გუნებაზე, როდესაც გვიფიქრია, რომ ფეხბურთში არსებულ პრობლემებს მართლაც არასოდეს ეშველება და ამ მანკიერებების წინააღმდეგ ბრძოლა დონ-კიხოტობაა და მეტი არაფერი. არადა, ცხადია, რომ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს. მითუმეტეს, რომ საქმე არც ისე ცუდადაა, როგორც ფინთ გუნებაზე დამდგარ ხალხს წარმოუდგენია.
 დავაკვირდეთ  და მივხვდებით, რომ დასავლეთში სულაც არ ეგუებიან ფეხბურთში არსებულ მანკიერებებს და არიან ადამიანები, რომლებიც დღემდე კეთილსინდისიერად აკეთებენ თავიანთ საქმეს. აგერ, იტალიაში ნეაპოლის სასამართლოში მიმდინარე ”კალჩოპოლის” სასამართლოების დროს ყოველთვე ახალი გარემოებები იკვეთება და კორუფციაში ბრალდებული საფეხბურთო ჩინოსნების წინააღმდეგ ახალ-ახალ ბრალდებებს აწყობენ მაგიდაზე მოსამართლეები. უკვე გაირკვა, რომ ტურინის ”იუვენტუსის” ყოფილ დირექტორს - ლუჩანო მოჯის ფეხბურთიდან აბარგება არა მხოლოდ რამდენიმე წლით, არამედ სამუდამოდ მოუწევს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სკანდალები იტალიურ ფეხბურთს საბოლოო ჯამში მაინც აზარალებს, აპენინებზე კვლავ ბევრი ფიქრობს, რომ სამართლიანობის აღდდგენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ რა მდგომარეობაში შეიძლება ჩააგდოს ამ ”სამართლიანობის აღდგენის” პროცესმა კონკრეტული კლუბები. K
 კორუფციასთან და გაყიდულ თამაშებთან ბრძოლა ახლა უკვე ესპანეთშიც გაჩაღდა და ამას სათავეში ყოფილი ჟურნალისტი – სერხიო დი როდრიგო უდგას, რომელსაც ფეხბურთში მოფუთფუთე მაფიოზებმა ჯერ მანქანა დაუწვეს, შემდეგ მუქარის წერილები უგზავნეს, მაგრამ თავის მეგობრებთან ერთად, ეს კაცი მაინც არ ცხრება და დიდი შანსია, რომ რამდენიმე თვეში, ესპანეთში მოღვაწე ბევრ კორუფციონერს გაუთენდეს შავი დღე. საფეხბურთო დანაშაულს გამალებით და სხვათა შორის, დიდი წარმატებით ებრძვიან ბრიტანეთსა და სკანდინავიაშიც. ნორვეგიაში ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სპეციალური ფულადი პრიზიც კი დააწესა მათთვის, ვინც მიაწვდით დოკუმენტებს და მკიცებულებებს გაყიდული, ან ჩაწყობილი თამაშის შესახებ. ინგლისის, ფეხბურთის ასოციაცია სხვადასხვა მატჩებზე სპეციალურად გამოყოფილ აგენტებს აგზავნის ხოლმე, რომელთა მიზანი ის გახლავთ, რომ ქომაგებისგან და კლუბებთან დაახლოებული ხალხისგან გაიგონ, უჩნდებათ თუ არა მათ ეჭვები კონკრეტულ შეხვედრაზე. ერთი სიტყვით, მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი განვითარებულ ქვეყნებში, ჯერ არავის ჩაუქნევია ხელი და კვლავ მედგრად ებრძვიან საფეხბურთო მანკიერებებს. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის მიერ ჩაწყობილ თამაშებში მხილებულთა მიმართ გატარებული სადამსჯელო სანქციები არარეალურად (და ხშირად არადამაკმაყოფილებლად) გვეჩვენება, ისიც უნდა ვთქვათ, რომ მართალია, ჩვენი სფფს მოქმედება მთლად ის არ არის, რასაც ვისურვებდით, მაგრამ რაკი ამ საკითხზე საუბართან ერთად, გარკვეული მოქმედებებიც დაიწყეს, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ ამგვარი ტიპის დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად ვისაც როგორ და რა ფორმითაც შეგვიძლია, ისე შევიტანოთ წვლილი. 
 ვთქვათ, დავესწარით მატჩს, სადაც ფეხბურთელების ან მწვრთნელების მოქმედებებმა გარკვეული საფუძვლიანი ეჭვი გაგვიჩინა. ანდა, მატჩამდე გავიგეთ, რომ შეხვედრა ჩაწყობილი იყო და თამაშის დროს ვნახეთ, რომ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ”უნდა მომხდარიყო”, ამ დროს ნებისმიერ ქომაგს შეგვიძლია, რომ ფეხბურთის ფედერაციას, ანდა სპორტულ გამოცემებს მივაწოდოთ ინფორმაცია ამ ყველაფრის შესახებ. ეს იქნება ჩვენი ანუ საზოგადოების წვლილი ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში და ამასთან ერთად, ამ გზით შევეცადოთ, რომ ქართულ ფეხბურთში არსებული სიტუაცია რაღაც დოზით მაინც გავხადოთ გამჭვირვალე. ევროპელები სწორედ ასე იქცევიან და საქმეც ხშირად იმიტომ გამოსდით. ყოველ შემთხვევაში, არაფრისმომცემ წუწუნსა და ქილიკს, ხელისა და ტვინის განძრევა ნამდვილად ჯობია. 
 
 
ლევან სეფისკვერაძე  
 
 
0.105021