ბლოგი

11:43 | 24.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩვენ გვახსოვს “ლიდსი!”

 ბრიტანეთი, ამწვანებული იორკშირი, პატარა ქალაქი ლიდსი... ლიდსის ქუჩები დღეს სიმშვიდითაა გარემოცული და ქალაქის უნივერსიტეტის კარებთან აჟრიამულებული სტუდენტები თუ არღვევენ სახელგავარდნილ იორკშირულ მყუდროებას. სულ ასე როდი იყო...

 იყო და არა იყო რა, იყო საფეხბურთო კლუბი სახელად “ლიდსი”, რომელიც მთელს ევროპაში მხოლოდ ბრიტანული ფეხბურთის თავგადაკლულმა ქომაგებმა თუ იცოდნენ. გადიოდა წლები, ათწლეულები... მოგზაურობდა “ლიდსი” სხვადასხვა რანგისა და დონის საფეხბურთო ლიგებში. სტადიონი “ელანდრ როუდი”, რომელიც ქალაქ ლიდსის გვერდით მდებარე სოფელ ბისტონშია აშენებული,  ყოველთვის ივსებოდა. მაშინაც კი, როდესაც “ლიდსი” მესამე ლიგაში ღაფავდა სულს და აბა, მაშინ რომელ ლიდსელს გაუწყრებოდა ღმერთი, როდესაც ამ კლუბმა დაიქუხა! დაიქუხა სწორედ ისე, ადმირალ ნელსონის ზარბაზნები რომ ქუხდნენ პადეკალეს სრუტეში.

 სანამ 21-ე საუკუნის გარიჟრაჟი დადგებოდა, ქალაქ ლიდსს თითქოს არც არაფერი “ემუქრებოდა” და არც ასტროლოგები წინასწარმეტყველებდნენ რაიმე დიდი და საშიში ციური სხეულის იორკშირის საგრაფოში ჩამოვარდნას. მაგრამ დადგა 2000-2001 წლების საფეხბურთო სეზონი და სრულიად იორკშირმა აღმოაჩინა, რომ მათი საყვარელი გუნდის მწვრთნელი დევიდ ოლირი, სრულებითაც არ ჰგავდა იმ უპრეტენზიო მწვრთნელებს, რომლებიც “ლიდსს” წინა ათწლეულების მანძილზე წვრთნიდნენ. ოლირი მართლაც არ ჰგავდა მშვიდ, ბიურგერული ცხოვრების მოყვარულ საშუალო დონის გუნდის მწვრთნელს, რომელსაც ერთადერთი რამ ევალება – გუნდი არ უნდა გავარდეს პრემიერლიგიდან! დანარჩენი კი, უფლის ხელთაა!

 ჩამოვთვალო? კი ბატონო, ახლავე ჩამოვთვლი: რიო ფერდინანდი, ოლივიე დაკური, იან ჰარტი, ჰარი კიუელი, ლი ბოიერი, მარკ ვიდუკა, ალან სმიტი... აი ეს ბიჭები ჰყავდა დევიდ ოლირის ავანგარდში. თან, რა ბიჭები?! სულ ნარჩევი გიჟები და გადარეულები, ყველანი ერთიმეორეზე ფიცხები და გამარჯვებებს მოწყურებულები, სულ ახალგაზრდები და დიდი მომავლის მქონენი. და მათ დაიქუხეს!

 ეს, ის წლები იყო, როდესაც თბილისი და მთელი საქართველო, სინათლის არქონის გამო გზებს ვკეტავდით და პროტესტის ნიშნად, შუა გზაზე საბურავებს ვწვავდით. განა, ღირდა იმ მუხთალ დრო-ჟამში “ლიდსისთანა” ნაკლებად ცნობილი გუნდების მატჩების ცქერის გამო წვალება და ოფლის ღვრა? მაგრამ ვინც მაშინ არ იწვალა, ახლა ის უფრო მეტად მეცოდება, ვიდრე ის ბიჭები, რომლებიც “დვიჟოკიანი” ახლობლების მოსაძებნად, შებინდებისთანავე ქალაქში დაწანწალებდნენ. “ლიდსისთვის” ალალი იყოს ღამეების ტეხვაცა და გაზულუქებული ნაცნობებისათვის ღიჯინიც – ტელევიზორს მაყურებინეო! “ლიდსისთვის” ალალი იყოს ჩვენი გულიცა და დარდებიც! ეს გუნდი ამას ნამდვილად იმსახურებს!

 “ლიდსმა” თავისი ისტორია ჩვენს თვალწინ მაშინ დაწერა, როდესაც ძლევამოსილ “მილანს” მოუგო. “მილანთან” ლი ბოუერის მიერ გატანილი გოლით ფრთაშესხმულმა “ლიდსმა” კიდევ ერთხელ დაამსხვრია მითი, რომ დიდ ევროპულ ტურნირებზე, პატარა გუნდებს არაფერი ესაქმებათ და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, მხოლოდ გრანდების ხვედრია. “ლიდსმა” 6:0 გაანადგურა თურქეთის “ბეშიქთაში” და ფრე გამოსტყუა კატალონიის “ბარსელონას”, რომელიც ჩვენი ეპოქისა არ იყოს, მაშინაც ვარსკვლავებით გადაძეძგილ გუნდად ითვლებოდა. “ლიდსმა” იომა, იბრძოლა, მინდორზე სისხლიც ღვარა და ჩვენ დაგვიტოვა კიდვე ერთი გმირული ეპოსი. მჯერა, რომ ეს “ეპოსი” ვერგილიუსის შედევრებსაც არ ჩამოუვარდება (საფეხბურთო საზომებით).

ამჟამად, “ლიდსი” ინგლისის რანგით მესამე დივიზიონშია და საქმეები რბილად რომ ვთქვათ, არც ისე კარგად მისდის. მაგრამ ჩვენ გვახსოვს ეს გუნდი. გვახსოვს და გვიყვარს, რადგან სიყვარულმა მეორე და მესამე ლიგა არ იცის!

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.128282
სარეკლამო ადგილი - 99
X x X