ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ავთანდილ ჭრიკიშვილი 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს 2013 წლის საუკეთესო ძიუდოისტად დაასახელა და 10 ათასი დოლარით დააჯილდოვა.
ინფორმაცია საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა. არჩევანი კი მამაკაცთა და ქალთა შვიდ-შვიდი წონის თითო წარმომადგენელზე გაკეთდა – მათზე, ვინც გასული წელი მსოფლიოს რეიტინგის ლიდერად ჩაამთავრა.
შეგახსენებთ, ავთანდილ ჭრიკიშვილი შარშან ევროპის ჩემპიონი გახდა, მსოფლიოს პირველობაზე ფინალში იჭიდავა. წლის ბოლოს კი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.