სტატიები

16:35 | 9.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

“ჩრდილი“ კატალონიური სამზარეულოდან

ეს არ არის მითი. არც მაშინ, ჰენკ ტენ კატეს შემთხვევა იყო მითური. საერთოდ, ბლეფსა ჰგავს ეს ყველაფერი - ვიღაცა შირმაა, ვიღაცა - ჩრდილი და რომ მეორე აზრია, პირველი - საგამოფენო ექსპონატი: ცნობილი, მდიდარი, დამსახურებული, მაგრამ მაინც ექსპონატი.

ისევე, როგორც გულუბრყვილობაა სხვა ამბავიც: თითქოსდა, გრანდებში მწვრთნელებად შემთხვევითი ადამიანები ინიშნებიან. ანუ: თქვენ შეიძლება არ გწამდეთ, შემთხვევით მოსულ თუ მოყვანილ კაცად მიგაჩნდეთ რობერტო დი მატეო, მაგრამ კეთილი ინებეთ და აღიარეთ პიტერ კენიონი, ეჭვს ნუ შეიტანთ მის პოზიციაში. რაკი მან (შესაბამისად, აბრამოვიჩმა) გადაწყვიტა, რომ “ჩელსის“ სათავეში, თუნდაც დროებით, იტალიელი უნდა დადგეს, ჰქონია კიდეც საფუძველი.

რადგან: ამ რანგის ადამიანები ცდებიან, მაგრამ “სხვათა შორის“ არავის არსად ნიშნავენ.

დაახლოებით ამავე პარტიტურიდანაა “ბარსელონას“, როსელი-სუბისარეტასა და გვარდიოლა-ვილანოვას ეპიზოდი. გვარდიოლას თამასა კი, ძალიან მაღალზე ჰკიდია, მაგრამ კატალონიაში ვინმემ არხეინი, გულუბრყვილო გადაწყვეტილება მიიღო და გუნდის ბედი სასწორზე შეაგდოო, სისულელეა.

ისტორიას, კლუბს, სიტუაციას, დონეს რომ თავი დავანებოთ - თავად ვილანოვაც არ იმსახურებს ასეთ საუბარს. ეს კაცი ფეხბურთში “გავლით ნამდვილად არ არის და იმ მთელის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც ყველაზე თანამედროვე საფეხბურთო ფილოსოფია, “ბარსელონა“ ჰქვია.

არადა, ხუთი წლის წინ გვარდიოლასა და ვილანოვას სწორედაც რომ სამწვრთნელო ტანდემად განიხილავდნენ - არ აშორებდნენ ერთმანეთს. ის კი არა, მოგვიანებით ტყუპებიც შეარქვა ტიერი ანრიმ. ტიტო ვილანოვას საჭიროებას არავინ უარყოფდა და მავანმა ენამოსწრებულმა დამზღვევ ტროსსაც კი შეადარა (ალპინისტები იყენებენ). აქაოდა, პეპს საერთოდ არა აქვს სამწვრთნელო გამოცდილება და ვილანოვა კი უკვე მოიხარშა ესპანური ქვემო დივიზიონების წვენშიო...

გარდა ამისა, მათ ერთად დაიწყეს - “ბარსელონა ბ“-დან. არა მარტო სამწვრთნელო, საფეხბურთო, მოთამაშის კარიერაც. მაშინაც და მერეც, მწვრთნელობისას, ვილანოვა იყო ცოტათი უფროსი, ცოტათი გამოცდილი, მაგრამ “ფრიადოსანთა დაფაზე“ ყოველთვის გვარდიოლას სურათი ეკიდა. გვარდიოლა იყო სახე “კრუიფის ოცნების გუნდისა“, ბუნებრივია, ბარსელონელთა ბოლოდროინდელი წარმატებებიც პირველ რიგში პეპის სახელს უკავშირდება.

და რას მიაღწია ტიტო ვილანოვამ გარდა ამ მეორეობისა? მხოლოდ იმას თუ გავიხსენებთ, რომ ჟოზე მოურინიოზე მეტი და უკეთესი დონის გუნდებში ითამაშა.

“პალაფრუგელის“ მწვრთნელი, “ფიგერასის“ სელექციაზე პასუხისმგებელი პირი, “ტერასას“ ტექნიკური დირექტორი - აი, ის გზა, რომელიც “ბარსელონამდე“ გაიარა ვილანოვამ. განსაკუთრებით წარმატებული არსად ყოფილა, მაგრამ ცოდნა კი მაგრად გაიღრმავა. გვარდიოლა ყოველთვის აღტაცებაში მოჰყავდა “ტყუპისცალის“ ანალიტიკურ ჭკუას, მისეულ ინფორმაციას ტერსერელ (მეოთხე დივიზიონია ესპანეთში) მეტოქეებზე - ეს იერარქიის ის საფეხური გახლდათ, საიდანაც მათი მწვრთნელობისას, “ბარსელონას“ ფილიალს უნდა ამოეყვინთა.

“ფეხბურთელობა ყველაფერზე იოლია. აკეთებ იმას, რაც მოგწონს. იმას, რასაც ბავშვობიდანვე სწავლობდი. ვარჯიშობ - დღეში ორიოდე საათი და მორჩა. მწვრთნელის ტვირთი გაცილებით მძიმეა - მთელი დღე ფეხბურთზე უნდა იფიქროს. და არა მხოლოდ ვარჯიშების ან თამაშების დროს. უამრავი ასპექტი არსებობს, რომელთა გადაჭრასაც მრავალსაათიანი ანალიზი სჭირდება. და მაინც, ყველაზე ძნელი სპორტულ დირექტორად მუშაობაა - სულ კავშირზე უნდა იყო, მწვრთნელებს, ფეხბურთელებს, სხვა დირექტორებს ესაუბრებოდე, ავალებდე, პრობლემებს უგვარებდე... ეს უმადური სამუშაოა, რომელიც “გიფასდება“ მხოლოდ მაშინ, როცა რაიმე არასწორს ჩაიდენ - ეგრევე პოპულარული ხდები“, - ვილანოვას ეს სიტყვები მისი იშვიათი ინტერვიუებიდანაა ამოკრებილი, როცა ერთგვარად შეაფასა განვლილი გზა.

მისი სამოქმედო არეალი გვარდიოლას შტაბში საკმაოდ მოცულობითი იყო: მეტოქეთა მატჩების “დატრიალება“ (ვიდეოზეც, გონებაშიც), სასელექციო პოლიტიკა და საწვრთნელი პოლიტიკის სტრატეგია სეზონის განმავლობაში. ამჯამად ლევანტელი ხავი ტორესისა და მალიორკელი ჩიკოს საინტერესო ტრანსფერებმა “ბარსელონას“ ფილიალს პირველივე სეზონში შეუქმნა კლასის ასამაღლებელი საძირკველი. “ტყუპების“ წარმატება დაემთხვა რაიკარდის წარუმატებლობას და ჟოან ლაპორტამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო - პეპმა და ტიტომ თითოწლიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი.

“ბარსელონაში“ გვარდიოლას ღვაწლი და მნიშვნელობა ფასდაუდებელია. მან არა მარტო კლუბის სამზარეულო, “კამპ ნოუს“ ირგვლივ ყველა ეზო, კუთხე და კუნჭული იცის, მაგრამ ისიც ხომ გასათვალისწინებელია, რომ 2002-2003 წლებში კლუბის ერთ-ერთ ასაკობრივ ჯგუფს ვილანოვა ხელმძღვანელობდა და მაშინ იქ პიკე, ფაბრეგასი და მესი გამოდიოდნენ. სწორედ მაშინ ითამაშა პირველად “ცრუ ცხრიანის“ პოზიციაზე ლეო მესიმ. ერთი წლის შემდეგ კი, ეს მანევრი პირველი გუნდის დონეზეც განხორციელდა. სხვათა სორის, მესი ტიტოს ასახელებს იმ რამდენიმე ადამიანს შორის, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის ფეხბურთელობაზე.

და განა მარტო მესი, “ბლაუგრანას“ ფეხბურთელები არასოდეს ივიწყებდნენ ქომაგისათვის შეუმჩნეველ ასისტენტს. ახალგაზრდები “კეთილ ძიას“ ეძახდნენ, გამოცდილები კი, საიმედო კაცს, რომელსაც რთულ წუთებში მხარდაჭერასთან ერთად, მაგრად “დაქოქვაც“ შეეძლო...

საინტერესოა შემდგომში “კატალონიურ შეთქმულებად“ მონათლული ფაქტის წინაისტორიაც, რომელიც კარლეს პუიოლმა გაამხილა. სიტუაცია განვითარდა იმ მატჩში, რომელშიც “ბარსამ“ “რეალს“ 6:2 მოუგო და სადაც ერთი გოლი პუიოლმაც გაიტანა. საჯარიმო ჩავიმ შეასრულა, თავური პუიოლისა იყო: “ეს ნავარჯიშები კომბინაცია იყო, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ ტიტომ, მე და ჩავიმ ვიცოდით!“ - გამოაცხადა მაშინ კაპიტანმა.

გულშემატკივართათვის ეჭვს ვილანოვას სიმშვიდე, ქარიზმის სიმცირე განაპირობებს. და ასეცაა - პეპის “ჩრდილი“ ზედმეტი ემოციების გარეშე ზის ხოლმე სამწვრთნელო სკამზე, მაგრამ... ვილანოვამ რამდენჯერმე “აიკიდა“ დისკვალიფიკაცია მსაჯის არასწორ გადაწყვეტილებებზე ბობოქარი რეაქციის გამო. გარდა ამისა, არც მთვარი მწვრთნელის სკამი იქნება მისთვის უჩვეულო და ელექტროსკამი - გვარდიოლას დისკვალიფიკაციებისა და წელის ტკივილის გამო აკი გაუცდა რამდენიმე მატჩი გასულ სეზონებში და იმხანად გუნდის ტავკაცობა სწორედ ვილანოვამ გასწია.

...აწი სამატჩო რეპორტაჟებისას პროჟექტორის შუქი გაცილებით ხშირად ითამაშებს ტიტო ვილანოვას სახეზე. არა, იგი ვერასოდეს დაანგრევს ლოგიკას იმის სესახებ, რომ მეორე კაცი პირველზე საჭირო და ფასეულია, რომ გასული სეზონების განმავლობაში გვარდიოლაზე მეტი დამსახურება გაუწია კლუბს, მაგრამ მისი დროც ხომ მოვიდა, მას სერიოზული შანსი აქვს კარიერა მოაოქროვოს.

მისი სასტარტო პირობები ხომ გაცილებით უკეთესია, ვიდრე რაიკარდისა ან თუნდაც გვარდიოლასი. მას არ სჭირდება შეჯიბრი პეპთან - რაკიღა პეპის ლეგენდა მისი მონაწილეობითაც დაიწერა, მაგრამ მას აქვს სხვა გამოწვევა: უნდა დაამტკიცოს, რომ გაცილებით უკეთესი კანდიდატურაა, ვიდრე ბიელსა, ლუის ენრიკე, ლორან ბლანი...

მას არც “კამპ ნოუს“ წნეხისა უნდა ეშინოდეს - ხუთი წელიწადია, აქ დადგმული უმშვენიერესი სპექტაკლების მონაწილეა და დიდებულად გრძნობს ლურჯ–ბროწეულისფერი სამყაროს სუნთქვას. სამაგიეროდ...

არც ძალიან ახლოს, არც ძალიან შორს მადრიდი და “სანტიაგო ბერნაბეუა“, “რეალითა“ და ჟოზე მოურინიოთი...

 

კონსტანტინე გოგიშვილი

0.132943