იტალიური “მილანის“ ბრაზილიელი ფორვარდის, რობინოს შესახებ, უკანასკნელი თვეების მანძილზე ევროპულ ბულვარულ პრესაში ფაქტობრივად არაფერი დაწერილა. რობინიოზე ბევრი წერით “ყვითელი პრესა“ არც აქამდე იხევდა კალთებს, თუმცა უკანასკნელ პერიოდში ბრაზილიელი ფორვარდი მთლად მიავიწყდათ.
როგორც ირკვევა, პრესაზე რობინიოს მეუღლე, ვივიან გუგლიელმეტი ყოფილა ძალიან განაწყენებული და ქმარს პრესასთან ურთიერთობის გაწყვეტაზე სწორედ ამიტომ შეუთანხმდა. ვივიანი იტალიურ გაზეთებში გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნებულმა ჭორებმა გააბრაზა.
დეკემბერში რამდენიმე იტალიურმა ტაბლოიდმა საზოგადოებას ამცნო, რომ ვივიან გუგლიელმეტი “წინა ცხოვრებაში“, ანუ სანამ რობინიოს ცოლი გახდებოდა, ვინმე ჯოვანი ზოზილიაზე იყო დანიშნული. მაგრამ მას შემდეგ, რაც მის ცხოვრებაში პოპულარული ფეხბურთელი გამოჩნდა, გუგლიელმეტმა საქმროზე უარი თქვა და რობინიოს გამოეკიდა. არავინ იცის ეს ამბავი მართალია თუ მონაჭორია, მაგრამ ვივიან გუგლიელმეტი რომ ძალიანაა გაბრაზებული – ცხადია. ისე, ნათქვამია, ყველა ჭორის უკან მცირე სიმართლე მაინც იმალებაო...