ფეხბურთი

18:23 | 10.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ჩიხურამ” ქარის ორივე მიმართულებით გაიტანა

ეროვნული პირველობის ერთ-ერთ აუტსაიდერთან შეხვედრას საჩხერის “ჩიხურას” ფეხბურთელები სრულ მზადყოფნაში და კარგ განწყობაზე შეხვდნენ. ზედიზედ მოპოვებული გამრჯვებები, მათ შორის უშუალო კონკურენტ ქუთაისის “ტორპედოსთან”, ბუნებრივია ზემო იმერელთა საბრძოლო განწყობას ამაღლებდა. რაც შეეხება ზუგდიდელებს, სამწუხაროდ ამ თვითმყოფადი კლუბის საქმე სასურველად ვერ არის. გუნდი, რომელთანაც თამაში გასულ წლებში ყველას უჭირდა, ამჟამად ნამდვილად არ განიცდის საუკეთესო დროებას და შესაბამისად კლუბს, ფაქტობრივად, სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში აქვს ადგილი “გამყარებული”.

 შეხვედრა ქუთაისში ქარიან ამინდში წარიმართა, სადაც სიმართლე ითქვას ფეხბურთელთათვის ოსტატობის გამოვლენა ძნელი გახლდათ. მატჩის დებიუტში ზუგდიდელები უფრო აქტიურობდნენ, რაც ძირითადად ბურთის ფლობაში გამოიხატებოდა, თუმცა პირველი ხიფათი მეტოქის კართან მე-8 წუთზე “ჩიხურას” ფეხბურთელებმა შექმნეს. ჯიღაურის 25 მეტრიდან დარტყმული ერთ-ერთ ზუგდიდელს მოხვდა და ბურთზე ყველას გაბედავამ მისწრო, მათ შორის მამლაძეზე ადრეც. საჩხერელთა შემტევმა გადაცემა გააკეთა ტატნაშვილის მიმართულებით, მაგრამ აქუბარდიამ ივაჟკაცა და წამით დაასწრო ფორვარდს. ზუგდიდელთა მცველმა ბურთი კუთხურზე გადააგდო. მე-15 წუთზე ზემო იმერლებს ისევ ჰქონდათ ანგარიშის გახსნის შანსი, როდესაც დეკანოიძე საჯარიმოს მისადგომებიდან ურტყამდა, მაგრამ მამალაძე გაისარჯა ჩინებულად და კიპერმა ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია.

თამაშის მსვლელობა ცხადჰყოფდა, რომ შესაძლოა, ქარს გადამწყვეტი როლიც კი ეთამაშა. ამის დასტური მე-19 წუთზე ოდიკაძის მიერ შესრულებული შორეული საჯარიმო იყო. “ჩიხურას” მარჯვენაფლანგელმა ჩააწოდა, ბურთი ქარმა დაატრიალა და ალბათ ზუგდიდელთა კარის ბადეში აღმოჩნდებოდა, რომ არა მამლაძის ჩინებული რეაქცია, რომლის წყალობითაც ბურთი კუთხურზე გადავარდა. სტუმართა კიპერი მცირე ხნის შემდეგაც გამოირჩა, როდესაც გაბედავას ცაციათი დარტყმული “ცხრიანიდან” ჩამოხსნა და ბურთი პირით ხაზს იქით გადააგდო. საჩხერელთა სახიფათო იერიშებს, სწრაფი კონტრშეტევით ზუგდიდლებმა 25-ე წუთზე უპასუხეს, როდესაც ფარჯიკიას ჩინებული პასის წყალობით ლომიას სომხიშვილთან პირისპირ გასვლის შანსი მიეცა. ამ შემთხვევაში ხელოვნური ოფსაიდის გაკეთებისას შეცდნენ საჩხერელთა მცველები. ლომიამ ბურთანად დაახლოებით 30 მეტრი ირბინა და როცა მცველების მოახლობა იგრძნო, დაარტყა კიდეც მოწინააღმდეგის საჯარიმოში შესულმა, ოდნავ მახვილი კუთხიდან. ახალგაზრდა ფორვარდის მცდელობას დროული ნახტომით სომხიშვილი გადაეღობა და სიტუაციაც განიმუხტა.

მატჩის 34-ე წუთზე გოლის გატანა მასპინძლებმა შეძლეს. საჩხერელთა მიერ მოწინააღმდეგის საჯარიმოში ჩაგდებულ ბურთს ტატანაშვილი დაეუფლა, რომელმაც რამდენიმეჯერ ცადა დარტყმა, მაგრამ მეურვემ ამის გაკეთების საშუალება არ მისცა. ამასობაში დიმიტრი ბურთიანად პირით ხაზთან მივიდა, დროულად შემოტრიალდა და ზუსტად უპასა ზუგდიდელთა საჯარიმოში შეჭრილ ჯიღაურს. ჯამბულმა ბოძებული შანსი შეირგო და ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით ანგარიშის გახსნა მოახერხა – 1:0. ამ შემთხვევაში სტუმართა კიპერი უძლური გახლდათ, რადგანაც დარტყმული ახლოდან იყო, თან ბურთი ერთ-ერთ მცველსაც შეეხო.   

დაწინაურების შემდეგ ტაიმის ბოლომდე საჩხერელებს კიდევ შეეძლოთ გატანა, როდესაც გაბედავა ურტყამდა საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად, მაგრამ ბურთი ონიანს მოხვდა და კუთხურზე გადავარდა. ისე საჩხერელთა სტანდარტულები სულ სახიფათოდ სრულდებოდა, მეტწილად ქარის წყალობით, თუმცა მამალაძე ამ შემთხვევებში არ იბნეოდა და ახერხებდა საკუთარი კარის გადარჩენას. სწორედ ასეთი რამ მოხდა ტაიმის ბოლო წუთზე, როცა გაბედავას დარტყმული ერთ-ერთ ზუგდიდელს შეეხო, ბურთმა მიმართულება იცვალა, ამაში ქარიც მონაწილეობდა და რომ არა მამალაძის ოსტატური თამაში, საჩხერელები შესვენებაზე ალბათ ორბურთიანი უპირატესობით გავიდოდნენ.

მეორე ტაიმის დასწყისში ხიფათი ზუგდიდელთა კართან ისევ გაბედავამ შექმნა, რომელმაც შეტევის მარცხენა ფლანგიდან მოახერხა მეტოქის საჯარიმოში შეჭრა და ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ მის მცდელობას სიზუსტე მცირედით დააკლდა. მართალია, ქარი მეორე ტაიმში ზუგდიდელთა “სასარგებლოდ” ქროდა, მაგრამ ისინი ამ ბუნებრივ “უპირატესობას” ისე ვერ იყენებდნენ როგორც “ჩიხურას” ფეხბურთელები. უფრო მეტიც, 61-ე წუთზე სტუმართა უხეშ შეცდომას მათ კარში მეორე გოლი მოჰყვა. აქუბარდიამ არც თუ ისე დამაჯერებლად დაუგორა ბურთი მამალაძეს, რომელმაც  ტატანაშვილის მოტყუება მოინდომა, რაც არ გამოუვიდა. დიმამ მოიხელთა თუ არა ბურთი, დაარტყა და საკუთარი გუნდის უპირატესობა გაზარდა – 2:0.

ზუგდიდელთა თავკაცმა ოთარ თუთბერიძემ მოედანზე სიტუაციის გამოსასწორებლად შეცვლებს მიმართა, თუმცა ვერ ვიტყვით რომ მის ამ მცდელობას რაიმე განსაკუთრებული შედეგი მოჰყვა. მართალია, ზუგდიდელი ფეხბურთელები ცდილობდნენ კომბინაციური თამაშის აწყობას, მაგრამ ამაში მათ ხელს ქარიც და ალბათა სათამაშო კლასის ნაკლებობა უშლიდათ. 77-ე წუთზე საჩხერლებს კიდევ ერთხელ შეეძლოთ გატანა, როდესაც გაბედავას პასის შემდეგ ნიკო კვასხვაძე ურტყამდა საპენალტე ნიშნულიდან, მაგრამ ზუგდიდელებს მშველელად ხარიხა მოევლინათ. კვასხვაძე აქტიურობას არ წყვეტდა და მან კიდევ ერთხელ შეუტია მახვილი კუთხიდან მამალაძის კარს ძლიერი დარტყმით, მაგრამ კიპერმა ამჯერად შეძლო ბურთის კუთხურზე გადაგდება.

მატჩის ეპილოგმა მშვიდად ჩაიარა. გუნდები მოძრაობას და მცდელობას არ აკლებდნენ, თუმცა რეალური ხიფათი არცერთი გუნდის კართან არ შექმნილა. საერთო ჯამში კი “ჩიხურამ” საჭირო და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა.   

სოსო ფრუიძე (“ჩიხურა”) – “მოგეხსენებათ ორივე გუნდს ძალიან ცუდ კლიმატურ პირობებში მოგვიწია თამაში. ასეთი ქარისას ძნელია ხარისხზე იფიქრო და ბუნებრივია, უპირველესად შედეგზე უნდა იყო ორიენტირებული. ჩემი ბიჭების სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ მათ ღირსეულად ითამაშეს და შეძლეს საჭირო გამარჯვების მოპოვება, რისთვისაც თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდი”

ჩიხურა – ზუგდიდი 2:0 (1:0)  

10 ნოემბერი. 14:00. ქუთაისი. “ცენტრალური”. 150 მაყურებელი

ჩიხურა: სომხიშვილი, ჯიღაური (ქიმაძე, 71), გიორგი რეხვიაშვილი, გაბედავა, ტატანაშვილი,   ლაშა ჭელიძე, ბეჭვაია, კაშია, ოდიკაძე, დეკანოიძე (ნიკო კვასხვაძე, 71), გიორგი დათუნაიშვილი (ჩიკვაიძე, 84).

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

ზუგდიდი: მამალაძე, ახალაია, როინ ონიანი, აქუბარდია, რიგვავა, კობერიძე, ტყემალაძე (ქირია, 69), ფარჯიკია (ქომეთიანი, 76), წურწუმია (გულია, 69), შოთა ლომია, ეხვაია.

მთავარი მწვრთნელი: ოთარ თუთბერიძე

გოლები: 1:0 ჯიღაური (34), 2:0 ტატანაშვილი (61).

გაფრთხილება: კობერიძე (54), რიგვავა (81).   

არბიტრი:  ბაკურ ნინუა (ქუთაისი).    

დილა (გორი) – სიონი (ბოლნისი)  0:2 (0:1)

გოლი: 0:1 ლაშა თოთაძე (2), 0:2 გიორგი განუგრავა (91)

 

სპარტაკი (ცხინვალი) – მერანი (მარტვილი) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 თეიმურაზ ჭყონია (89) 

 

მეტალურგი (რუსთავი) – ტორპედო (ქუთაისი) 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 რევაზ გეწაძე (47), 2:0 გიორგი ბერიაშვილი (55), 2:1 მამია გავაშელიშვილი (77)

 

გურია (ლანჩხუთი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2:1 (0:1)

გოლი: 0:1 ოთარ ჯავაშვილი (2), 1:1 ვილი ისიანი (51), 2:1 თენგიზ ჩიკვილაძე (82) 

 

ზესტაფონი – დინამო (თბილისი) 18:00

 

  1.  დინამო (თბილისი)                     11          8         2         1         27:9           26      
  2.       ჩიხურა (საჩხერე)   12  8  1  3  27:19  25
  3.   გურია (ლანჩხუთი)   12  7  0  5  13:15  21
  4.  მეტალურგი (რუსთავი)      12  6  3  3  18:16   21
  5.  ტორპედო (ქუთაისი)   12  5  4  3  17:11  19
  6.  დილა (გორი)   12  5  3  4  16:12  18
  7.  ზესტაფონი   11  4  3  4  12:8  15
  8.  სიონი (ბოლნისი)   12  3  4  5  12:15  13
  9.  მერანი (მარტვილი)   12  4  0  8  12:26  12
  10.  ვიტ ჯორჯია (თბილისი)   12  3  3   6  16:19  12
  11.  სპარტაკი (ცხინვალი)   12  3  1  8  9:16  10
  12.  ზუგდიდი    12  1  4  7  5:18  7

 

 

მეგოლეები:

9 - ირაკლი მოდებაძე (2, “დილა”), დიმიტრი ტატანაშვილი (2 პენ, “ჩიხურა”)

6 – დორინ გოგა (“დინამო”)

5 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ვილი ისიანი (“გურია”)

4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (ორივე -“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე - “ვიტ ჯორჯია”) გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ჯამბულ ჯიღაური (“ჩიხურა”)  

3 – ლადო ახალაია, ლაშა თოთაძე (ორივე - “სიონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”), თენგიზ ჩიკვილაძე (“გურია”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

 

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

სსს-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

 

ზაზა ლეთოდიანი ქუთასიდან

0.122156