ფეხბურთი

18:42 | 30.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ჩიხურამ” მეტოქე მეორე ტაიმში დაჯაბნა

 

ზედიზედ მეორე “საშინაო” მატჩია საჩხერის “ჩიხურას” არასასურველ კლიმატურ პირობებში უწევს ასპარეზობა. თუ წინა შეხვედრა ქუთაისში “ზუგდიდის” წინააღმდეგ ძლიერი ქარის ფონზე წარიმართა, ამჯერად იმერთა მთავარ ქალაქში თავსხმა წვიმა იყო დილიდან და ტემპერატურაც საკმაოდ დაბალი გახლდათ. საბედნიეროდ, ზედ მატჩის დაწყების წინ გადაიდარა და მთელი პაექრობის განმავლობაში გუნდებს ნორმალურ გარემოში მოუწიათ თამაში. 

მატჩი მასპინძლებმა უფრო აქტიურად დაიწყეს და დებიუტშივე შეეძლოთ დაწინაურება, როდესაც დეკანოიძის მიერ შეტევის მარჯვენა ფლანგიდან კარგი გადაცემა გაკეთდა ტატანაშვილის მისამართით. “ჩიხურას” ფორვარდმა დასწრებაზე ჩინებულად ითამაშა და ერთი შეხებით დაარტყა კიდეც, მაგრამ ვიტელთა მეკარეს ნიკა დაუშვილს სწორი პოზიცია ჰქონდა დაჭერილი და არ გაჭირვებია ბურთის უკუგდება. დამატებაზე გიორგი დათუნაიშვილი ცდილობდა გატანას, მაგრამ არბიტრმა წესების დარღვევა დააფიქსირა და სიტუაციაც განიმუხტა. სტუმრებმა მალევე უპასუხეს მოწინააღმდეგეს სწრაფი იერიშით და გეთიაშვილს მიეცა მშვენიერი შანსი, მას შემდეგ რაც მარტივად ჩამოიშორა მეურვე და საჯარიმოს ხაზიდან დარტყმა სცადა, მაგრამ სველმა მოედანმა ხელი შეუშალა და დარტყმა საერთოდ არ გამოუვიდა. ცოტა ხანში ვეტერინართა რამდენიმესვლიანი კომბინაცია ჯანელიძის არაზუსტი დარტყმით დასრულდა, არადა ბოლო მომენტამდე სტუმრებმა ბურთი ჩინებულად გაითამაშეს. დედაქალაქელთა ამ მომენტს დეკანოიძის სახიფათო დარტყმა მოჰყვა, თუმცა სიზუსტე ზემო იმერელის მცდელობასაც დააკლდა.

სადებიუტო მღელვარების შემდეგ მცირეოდენ უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ, რომლებიც მეტოქეზე მეტი მოძრაობით და შეტევაში აგრესიულობით გამოირჩეოდნენ. 26-ე წუთზე აღმოსავლელებმა მეტოქის ნახევარზე სტანდარტული მყისიერად გაათაშეს და მაისურაძემ 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა. საჩხერელები მეკარის, რევაზ თევდორაძის დიდებულმა გარჯამ გადაარჩინა, რომელმაც ჩინებულ ნახტომში შეძლო კარისაკენ მიმქროლავი ბურთის “ცხრიანიდან” მოხსნა და კუთხურზე მოგერიება. 31-ე წუთზე მასპინძლებმაც გამოიღეს ხელი და წესით, ანგარიშიც უნდა გახსნილიყო, როდესაც ჩიკვაიძის ჩაწოდებულ ბურთზე ტატანაშვილი ურტყამდა თავით. დიმას მცდელობას თითქოს გოლი უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ დაუშვილმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და მისი მოძრაობის საწინააღმდეგოდ დარტყმული ბურთის უკუგდება მოახერხა.

მასპინძელთა რამდენიმეწუთიანი უპირატესობის შემდეგ, თამაში ისევ გათანაბრდა. ვიტელები მოძრაობით ისევ აღემატებოდნენ მეტოქეს, ხოლო საჩხერელები თავიანთი გამოცდილებით ცდილობდნენ ფონს გასვლას. ტაიმის მიწურულს, ოდიკაძემ ისარგებლა ახალგაზრდა მეტოქეების უყურადღებობით და შორიდან სცადა გატანა, მაგრამ “ჩიხურას” კაპიტანს სიზუსტემ უმტყუვნა და ტაიმიც უგოლოდ დასრულდა. 

მეორე ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და მათ მალევე მოახერხეს სასურველი შედეგის ჩვენება. ისე თამაშის განახლებისთანავე საჩხერელები და მათი ცენტრალური ფორვარდი დიმიტრი ტატანაშვილი ვალდებულნი იყვნენ ანგარიში გაეხსნათ. მასპინძელთა სწრაფი გადასვლა მოწინააღმდეგის ნახევარზე იმით დასრულდა, რომ ვეტერინართა საჯარიმოში სამი საჩხერელი შემტევი აღმოჩნდა ორი ვიტელი მცველის წინააღმდეგ. მოედანზე ახლადშემოსულმა ნიკო კვასხვაძემ, რომელსაც თავად შეეძლო დარტყმა, ოღონდ მახვილი კუთხიდან, ამჯობინა იდეალურ პოზიციაზე მყოფი ტატანაშვილისათვის გადაეწოდებინა. მართლაც, ნიკოს ეს გადაწყვეტილება ჩინებულად გამოუვიდა დიმაც ურტყამდა 8-9 მეტრიდან, მაგრამ თავდამსხმელმა მეკარეზე ბურთის აცილება ვერ შეძლო. ამ მომენტში არ გვინდა გარჯა დავუკარგოთ ნიკა დაუშვილს, რომელმაც მთლიანობაში საოცრად კარგად ითამაშა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ სიტუაციაში უფრო მეტი “დამსახურება” ტატანაშვილს ეკუთვნოდა.

თბილისელთა კიპერი მცირე ხანში ისევ მოექცა ყურადღების ცენტრში, როდესაც გაბედავას აუღო საკმაოდ რთული ბურთი. მასპინძელთა ამ კომბინაციაში კვასხვაძე და ტატანაშვილი მონაწილეობდნენ. 54-ე წუთზე “ჩიხურას” ფეხბურთელებმა მაინც მიაღწიეს მიზანს. მათი რამდენიმესვლიანი კომბინაცია, რომელშიც კვასხვაძემ, გაბედავამ და გიორგი დათუნაიშვილმა შეიტანეს წვლილი, ტატანაშვილის ზუსტი დარტყმით დასრულდა. დიმამ მოწინააღმდეგის საჯარიმოში მიიღო ბურთი, შემობრუნდა და ახლო მანძილიდან დაუშვილს მოძრაობის საწინააღმდეგოდ დაურტყა. ვიტელთა კარის დარაჯი ამ მომენტში უძლური იყო და ანგარიშიც გაიხსნა – 1:0.

ზემო იმერლები დაწინაურების მიუხედავად არ მოდუნებულან და მალევე თავიანთი უპირატესობა ორამდე გაზარდეს. 59-ე წუთზე ოდიკაძემ ოსტატურად გაუჭრა პასი მეტოქის საჯარიმოში მყოფ დეკანოიძეს, რომელმაც ოდნავ მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი მეტოქის კარის “ცხრიანში” გაახვია. ოდიკაძე-დეკანოიძის შედეგიანი მოქმედების წყალობით, საჩხერელებმა, ფაქტობრივად, საკუთარი თამაში გააკეთეს და გამარჯვებაც გაინაღდეს – 2:0.

ვეტერინარები ნელ-ნელა გამოვიდნენ იმ შოკიდან, რაც მეტოქისგან საწყის 15 წუთში მიიღეს, თუმცა მათ თამაშს ის სულისკვეთება დააკლდა, რაც პირველ ტაიმში იგრძნობოდა. მართალია, ისინი არ ეპუებოდნენ მარცხს და ცდილობდნენ შეეტიათ მოწინააღმდეგისათვის, მაგრამ საჩხერელებს არ უჭირდათ მათი შეტევების მოგერიება. პირიქით, მასპინძლები იყენებდნენ სიტუაციას და სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდნენ მოწინააღმდეგეს. “ჩიხურას” ფეხბურთელებს რამდენიმეჯერ მართლაც შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, მაგრამ ამის გაკეთება რეალურად ერთხელ მოახერხეს, როდესაც შოთა კაშიას ფლანგური გარღვევის შემდეგ ბურთი ტატანაშვილმა მიიღო, მცველებს გაასწრო და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა, ზუსტი დარტყმით დაუშვილს მესამედ გამოატანინა საკუთარი კარიდან ბურთი – 3:0. 

 

ჩიხურა – ვიტ ჯორჯია 3:0 (0:0)  

30 ნოემბერი. 14:00. ქუთაისი. “ცენტრალური”. 100 მაყურებელი

ჩიხურა: თევდორაძე, გიორგი რეხვიაშვილი, გაბედავა, ტატანაშვილი, ლაშა ჭელიძე, ბეჭვაია, კაშია, ოდიკაძე, დეკანოიძე, გიორგი დათუნაიშვილი, ჩიკვაიძე (ნიკო კვასხვაძე, 46).

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

ვიტ ჯორჯია: დაუშვილი, ადამაძე, გეთიაშვილი, კასრაძე, იაშვილი, დავლაბელიძე, მაისურაძე (ღიბრაძე, 66), კორიფაძე, ჯანელიძე, სიჭინავა (მჭედლიშვილი, 58), ლობჯანიძე (კუხალეიშვილი, 71).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე

გოლები: 1:0 ტატანაშვილი (54), 2:0 დეკანოიძე (59), 3:0 ტატანაშვილი (86).     

გაფრთხილება: ადამაძე (82).    

მსაჯი:  არსენ ნონიკაშვილი (თბილისი).       

 

ზუგდიდი – მერანი (მარტვილი) 0:0

 

გურია (ლანჩხუთი) – სიონი (ბოლნისი) 1:2 (1:2)

გოლები: 1:0 თენგიზ ჩიკვილაძე (პენ, 24), 1:1 გიორგი განუგრავა (40), 1:2 გიორგი კახელიშვილი (44) 

 

სპარტაკი (ცხინვალი) – დინამო (თბილისი) 0:4 (0:1)

გოლი: 0:1 პატრიკ ვუო (3), 0:2 დავით კვირკველია (48), 0:3 ჩისკო (50), 0:4 დორინ გოგა (74)

 

დილა (გორი) – ტორპედო (ქუთაისი) 3:0 (0:0)

გოლი: 1:0 მიხაილ გორელიშვილი (60), 2:0 ნიკოლოზ სადაღაშვილი, 3:0 გიორგი ქვილითაია (88) 

 

ზესტაფონი – მეტალურგი (რუსთავი)

30 ნოემბერი. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 18:00

 

დისკვალიფიცირებული: გიორგი გავაშელიშვილი (“მეტალურგი”)

მსაჯები: ლ. სილაგავა, დ. ჩიგოგიძე, გ. ელიკაშვილი, ო. ხეცაძე (სათადარიგო)

 

1      დინამო (თბ)      14           10           3           1           34:11           33         
2 ჩიხურა       14 9 2 3 31:20 29
3 გურია        14 8 0 6 16:18 24
4 დილა        14 6 4 4 20:14 22
5 მეტალურგი  13 6 4 3 19:17 22
6 ტორპედო     14 5 4 5 17:15 19
7 სიონი         14 5 4 5 18:18 19
8 ზესტაფონი   13 5 3 5 14:10 18
9 ვიტ ჯორჯია                                                14 4 3 7 17:22 15
10 მერანი        14 4 1 9 13:28 13
11 სპარტაკი    14 3 1 10 11:23 10
12 ზუგდიდი    14 1 5 8 5:19 8

 

მეგოლეები:

11 - დიმიტრი ტატანაშვილი (2, “ჩიხურა”)

9 - ირაკლი მოდებაძე (2 პენ, “დილა”)

8 – დორინ გოგა (“დინამო”)

5 - ჩისკო (“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ვილი ისიანი (“გურია”)

4 – ჯაბა დვალი (“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”) გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ჯამბულ ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), თენგიზ ჩიკვილაძე (2, “გურია”)  

3 – ლადო ახალაია, ლაშა თოთაძე, გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი მერებაშვილი, გიორგი გველესიანი, დავით კვირკველია (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (“მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ალექსანდრე კოშკაძე (“გურია”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”)

 

 შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

 

ზაზა ლეთოდიანი ქუთასიდან


0.112939