ფეხბურთი

0:32 | 17.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

,,ჩიხურა” ზედიზედ მესამედ დამარცხდა

ივანწმინდაში გამართულ შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. კარგად დაწყებული სეზონის შემდეგ გაზაფხულზე ,,ჩიხურას” ჩავარდნა დაეწყო. ისინი თბილისის ,,დინამოს” ფეხდაფეხ მისდევდნენ, მაგრამ მარტის დასაწყისში ზედიზედ ორი წაგების შემდეგ ლიდერს უკვე 10 ქულით ჩამორჩნენ. მოსალოდნელი იყო, რომ მესამე წაფორხილების შემთხვევაში ზემო იმერლები ჩემპიონატის პირველ ეტაპს სულაც მე-3 ადგილზე დაასრულებდნენ. საჩხერელები ივანწმინდაში წლევანდელ სეზონში პირველ მატჩს მართავდნენ და ბუნებრივია საკუთარი მაყურებლის წინაშე გამარჯვების მიღწევა სურდათ.

რაც შეეხება ქუთათურებს, ,,დინამოსთან” სკანდალური მატჩის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებული ვერდიქტით, ისინი გარკვეული წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ, ამიტომ ძნელი სათქმელი იყო როგორ შეხვდებოდნენ აღნიშნულ შეხვედრას.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. ისინი მოედნის ცენტრს დაეუფლნენ და მეტოქის კარზე ზედიზედ რამდენიმე იერიში მიიტანეს. პირველად ხელსაყრელ პოზიციაზე დეკანოიძე გავიდა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. შემდეგ ხმალაძე ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ კვასხვაძემ ბურთის დამორჩილება მოახერხა. თითქმის მაშინვე გაბედავაც ცდილობდა თავით მეტოქის კარის დალაშქვრას, თუმცა დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.

ქუთათურთა პირველივე შეტევა კი შედეგიანი გამოდგა. მე-7 წუთზე სტუმრებმა სანიმუშო კომბინაცია გაითამაშეს. ელიავამ დიაგონალური პასით ადამაძე მარცხენა ფლანგზე გაიყვანა, რომელმაც მოედნის კიდემდე ჩაირბინა და მეტოქის საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა. აქ სხვებზე მარჯვე მამუკა ღონღაძე აღმოჩნდა. მან მცველებს დაასწრო და ვარდნაში ერთი შეხებით ბურთი საჩხერელთა კარის ბადეში მოათავსა – 0:1.

ამის შემდეგ შეხვედრა ისევ ზემო იმერელთა უპირატესობით გაგრძელდა. მე-10 წუთზე ხელსაყრელი პოზიციიდან კარის დალაშქვრას ჯიღაური ცდილობდა, თუმცა სიტუაცია უკანასკნელ წამს თოდუამ განმუხტა. შესანიშნავად თამაშობდა რიონისპირელთა გოლკიპერი როინ კვასხვაძე. მან 3 წუთის ინტერვალში ზედიზედ სამჯერ იხსნა თავისიანები აშკარა უსიამოვნებისგან. ჯერ გაბედავას აუღო ძლიერად დარტყმული ბურთი, შემდეგ გრიგალაშვილის გასროლაც კუთხურზე მოიგერია, ბოლოს კი ბეჭვაიას თავურზე ითამაშა უშეცდომოდ.

მასპინძლებს მონდომება ტაიმის შუაწელს დაუფასდათ. 23-ე წუთზე დეკანოიძის გადაცემის შემდეგ გაბედავამ სტუმართა მცველების უყურადღებობით ისარგებლა და ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

ნახევარი საათის მიწურულს სტუმრებიც გააქტიურდნენ. ღონღაძის პასის შემდეგ ჩიკვილაძემ ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა, რომელსაც მარკოზაშვილი ძლიერი დარტყმით გამოეხმაურა, თუმცა უსიამოვნებისგან თავისიანები სომხიშვილმა გადაარჩინა. 36-ე წუთზე ისევ მარკოზაშვილი ცდილობდა შორეული დარტყმით თავის გამოჩენას, მაგრამ მის განზრახვას ამჯერადაც წინ საჩხერელთა კიპერი აღუდგა. ტაიმის ბოლომდე სომხიშვილი კიდევ ერთხელ გამოირჩა, როდესაც მარკოზაშვილის საკმაოდ სახიფათო ჩაწოდება მუშტებით კუთხურზე მოიგერია.

შეხვედრის მეორე ტაიმი ტორპედოელებმა გაცილებით უკეთ ჩაატარეს. 47-ე წუთზე მასპინძლები თავიანთ ნახევარზე დაჯარიმდნენ. საჯარიმო დარტყმა ჩიკვილაძემ შეასრულა. მისი ყუმბარისებური გასროლა სომხიშვილმა ნახტომში კუთხურზე მოიგერია. 54-ე წუთზე ღონღაძე უბრალოდ ვალდებული იყო დუბლის ავტორი გამხდარიყო. ,,კანუმ” გივი კვარაცხელიას მიუტევებელი შეცდომით ისარგებლა, რის შემდეგაც იგი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა. ,,ტორპედოელთა” ფორვარდს ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ მან რატომღაც დარტყმა დააგვიანა და გამოცდილ სომხიშვილს ვეღარ აჯობა.

როგორც ჩანს საყაიმო ანგარიში ხელს არცერთი გუნდის მწვრთნელს არ აძლევდა, ამიტომ 58-ე წუთზე ორივე გუნდის დამრიგებლებმა შეცვლებს მიმართეს და შეტევის გაძლიერება გადაწყვიტეს.

ამის შემდეგ თამაში გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა. 62-ე წუთზე გრიგალაშვილმა მარცხენა ფრთაზე გაილაღა და მეკარის ბაქანზე გამჭოლი გადაცემა გააკეთა, რომელსაც ვარდნაში გაბედავა გამოეხმაურა და ერთი შეხებით მეტოქის კარის დალაშქვრა სცადა. ბურთი გარედან მოხვდა კარის ბადეს.

64-ე წუთზე ღონღაძის ზუსტი პასის შემდეგ ახლადშემოსული კვერნაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა და მახვილი კუთხიდან ძლიერი დარტყმა განახორციელა.  სომხიშვილმა სწორი პოზიცია დაიჭირა, ახლო კუთხე ჩაკეტა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. კუთხური ჩიკვილაძემ შეასრულა. მან ბურთი კარის შორეულ ძელთან ჩაჰკიდა, სადაც ყველას სავჩენკოვსმა დაასწრო და მაღალ ნახტომში თავური დარტყმით ქუთათურები კიდევ ერთხელ დააწინაურა – 1:2.

 თამაშში კარგად ჩართულ კვერნაძეს 71-ე წუთზე შეეძლო მატჩის ბედი საბოლოოდ გადაეწყვიტა. ტორპედოელთა სწრაფი კომბინაციის შემდეგ იგი მეკარის პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ გამოცდილმა სომხიშვილმა კარი დროულად დატოვა, რიონისპირელთა ფორვარდს დარტყმის კუთხე შეუმცირა და თავისიანები აშკარა ხიფათისგან იხსნა.

79-ე წუთზე საჩხერელებს ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცათ. ტორპედოელები საკუთარი საჯარიმოს წინა ხაზთან დაჯარიმდნენ. სტანდარტული დარტყმა გაბედავამ შეასრულა. კვასხვაძემ  ბურთი ხელებში გააქვავა. 82-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან ელგუჯა გრიგალაშვილის დარტყმის შემდეგ ბურთი ერთ-ერთ ,,ტორპედოელ’’ მცველს შეეხო და მიმართულება იცვალა. როინ კვასხვაძემ შესაშური რეაქცია გამოავლინა. ქუთათურთა კაპიტანი ნახტომში მისწვდა ბურთს და ხიფათი განმუხტა.

იგრძნო რა დამარცხების საშიშროება, ზემოიმერელთა დამრიგებელი სოსო ფრუიძე ვა-ბანკზე წავიდა. მან ცენტრალურ მცველ ლაშა ჭელიძის ნაცვლად მინდორზე თავდამსხმელი საბა ლომია შეუშვა და მთელი გუნდით აქცენტი შეტევაზე გადაიტანა. მეტოქის დაცვის ხაზის მოშიშვლებით ,,ტორპედოელებმა” კარგად ისარგებლეს და მატჩის მიწურულს ერთი წუთის ინტერვალში  კვერნაძეს ზედიზედ ორი საგოლე შანსი მიეცა. პირველ შემთხვევაში იგი ბურთიანად მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, თუმცა საბოლოო დარტყმა ვეღარ მოახერხა, მეორეჯერ კი მან დრიბლინგით მცველები ჩამოიტოვა და მეკარესთან პირისპირ გასულმა შორეული კუთხისკენ გამიზნული დარტყმა განახორციელა. ბურთმა კარის მარჯვენა ძელს სანტიმეტრებში ჩაუქროლა.

ამასობაში არბიტრის საფინალო სასტვენიც გაისმა, რომელმაც ,,ტორპედოელთათვის” მეტად საჭირო გამარჯვება დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა’’ ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:

სოსო ფრუიძე (,,ჩიხურა’’): ,,მსაჯებზე საუბარს ყოველთვის ვერიდები, მაგრამ უთქმელობაც არ იქნება. უკვე ზედიზედ მესამე თამაში წავაგეთ და სამივეჯერ მსაჯები ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებდნენ. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, ბიჭებზე სასაყვედურო არაფერი მაქვს. მათ მოედანზე ყველაფერი დადეს, მაგრამ შედეგი მაინც ვერ მივიღეთ. დანარჩენის თქმისგან თავს შევიკავებ.”

რევაზ ძოძუაშვილი:  (,,ტორპედო “):  ,,ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავით. ყველას მოგეხსენებათ, რომ საკუთარ მოედანზე თამაში სეზონის ბოლომდე აგვიკრძალეს, ამიტომ გავარდნის საშიშროების წინაშე დავდექით. ეხლა ჩვენთვის ყოველ ქულას ოქროს ფასი ადევს. ბიჭებმა დავალება სწორად შეასრულეს, არც მონდომება დააკლეს და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ.’’

ჩიხურა (საჩხერე) – ტორპედო (ქუთაისი) 1:2 (1:1)
16 მარტი. 15.00. ივანწმინდის სტადიონი. 1000 მაყურებელი.

,,ჩიხურა”: სომხიშვილი (კ), გ. კვარაცხელია, ლ. ჭელიძე (ს. ლომია 87), ჯიღაური (წინამძღვიშვილი 58), გაბედავა, გ. დათუნაიშვილი, ბეჭვაია (ნ. კვასხვაძე 70), შ. კაშია, ელ. გრიგალაშვილი, დეკანოიძე, ხმალაძე;

მთ. მწვრთნელი:  სოსო ფრუიძე

,,ტორპედო”: რ. კვასხვაძე (კ), გელაშვილი, სავჩენკოვსი, თოდუა, ადამაძე, ელიავა (კვერნაძე 58), ჩიკვილაძე, გოგიჩაიშვილი (ბერუაშვილი 64), ლექვთაძე (მამასახლისი 26), მარკოზაშვილი, მ. ღონღაძე;

მთ. მწვრთნელი:  რევაზ ძოძუაშვილი

გოლები: 0:1 მ. ღონღაძე (7), 1:1 გაბედავა (23), 1:2 სავჩენკოვსი (65);

გაფრთხილება:  გ. კვარაცხელია (30), რ. კვასხვაძე (52), ხმალაძე (69), კვერნაძე (72);

მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი

0.142084