ფეხბურთი

20:15 | 29.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩიხურა” მესამე ადგილისთვის და თასისთვის იბრძოლებს

 

“ჩიხურამ” საქართველოს ჩემპიონატში ზედიზედ ხუთი მატჩი წააგო და მეორე ადგილზე გასვლის პერსპექტივაც ეჭქვეშ დააყენა. ზედა ექვსეულის პირველ მატჩში საჩხერლები შინ “სიონთან” დამარცხდნენ, ამჯერად კი, სტუმრად “მეტალურგთან” წააგეს. არადა, ორივე შემთხვევაში ისინი ფავორიტებად ითვლებოდნენ. შეხვედრის შემდეგ, “ჩიხურას” მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ, შეგირდების არასტაბილური თამაში მოსამზადებელი პერიოდის სათანადოდ ვერ გავლითა და სასურველი ფეხბურთელების ვერ დამატებით ახსნა.

“მეტალურგმა” მთავარი ამოცანა შეასრულა და ზედა ექვსეულში მოხვდა. როგორც იტყვიან, ვარლამ კილასონიას გაწვრთნილებს დასაკარგი არაფერი აქვთ და თამაში ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე შეუძლიათ. რუსთაველებმა, რომელთა რიგებში ახალგაზრდები ჭარბობენ, ყოველი მეტრისთვის თავდაუზოგავად იბრძოლეს და შედეგიანი კონტრშეტევები განახორციელეს. განსაკუთრებით კარგად გიორგი ჩირგაძემ ითამაშა, რომელმაც სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. რუსთაველებმაც გოლები მისი ინდივიდუალური ქმედებების წყალობით გაიტანეს.

თამაში რამდენიმე წუთის დაწყებული იყო, რომ მასპინძელთა საჯარიმოში კარიდან გამოსულ გრიგოლ ბედიაშვილთან ორთაბრძოლაში საბა ლომია წაიქცა, მაგრამ საჩხერლების მოთხოვნის მიუხედავად მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. ამ ეპიზოდიდან მალევე, დენის დობროვოლსკიმ შორი მანძილიდან “ცაციათი” ძლიერად და ოდნავ არაზუსტად “გაისროლა”. საპასუხო შეტევა გიორგი გაბედავამ წამოიწყო და მასში ბესიკ დეკანოიძეც მონაწილეობდა, ხოლო საბოლოოდ ბურთი “მეტალურგის” საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩენილ ლომიას დარჩა, რომელმაც უხეიროდ დაარტყა და ბედიაშვილს პრობლემა არ შექმნია.

ამას რუსთაველთა მიერ ზედიზედ ორჯერ სახიფათოდ შესრულებული საჯარიმო დარტყმა მოჰყვა. პირველ ჯერზე თევდორაძე გაჭირვებით დაეუფლა ჩირგაძის დარტყმულ ბურთს, ხოლო მეორედ ვარლამ კილასონიამ სოლიდური მანძილიდან მიზანს მცირედით ააცილა.  

39-ე წუთზე, საჩხერელთა კონტრშეტევისას ლაშა ჩიკვაიძემ მარცხნიდან რუსთაველთა საჯარიმოში ჩააწოდა და მასპინძელთა მცველის პოზიციური შეცდომის შემდეგ, დავით ოდიკაძემ ახლო მანძილიდან ანგარიშის გახსნის შანსი გაუშვა – სუსტად დაარტყა და ბედიაშვილი ბურთს დაეუფლა. ტაიმის ბოლო წუთზე, მარჯვნიდან ბესიკ ჩიმაკაძის გარღვევისა და ჩამოწოდების შემდეგ, ჩიკვაიძემ ბურთი უხეიროდ მოიგერია და მოწინააღმდეგის საჯარიმოში შესულმა იმავე ჩიმაკაძემ მახვილი კუთხიდან ახლო მანძილიდან ცუდად დაარტყა.

50-ე წუთზე, ჩირგაძემ “ჩიხურას” ორ მცველს გვერდი აუარა და საუცხოო პასი მისცა “ჩიხურას” საჯარიმოში მარცხნიდან გახსნილ დავით საჯაიას, რომელმაც თევდორაძეს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა – 1:0. 58-ე წუთზე, “მეტალურგის” საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ნიკო კვასხვაძემ კარის გასწვრივ სახიფათოდ ჩააწოდა და სტუმართაგან ბურთს ვერავინ მიწვდა.

70-ე წუთზე, ოდიკაძემ საჯარიმოს შესრულებისას გადაცემა “მეტალურგის” საჯარიმოში გააკეთა, სადაც მდგომმა ლევვან ხმალაძემ თავით დაარტყა და ბედიაშვილმა “ცხრიანში” წასული ბურთი მოიგერია. თუმცა, მსაჯმა ჩათვალა, რომ ბურთი ზედა ძელს შეეხო და კუთხური არ დანიშნა. 75-ე წუთზე, რუსთაველთა იერიში საშუალო მანძილიდან მერაბ გიგაურმა დაასრულა და ბურთმა გვერდით ძელს სანტიმეტრებში ჩაუარა.

77-ე წუთზე, “ჩიხურას” კონტრშეტევის დროს, კვასხვაძემ მარჯვენა ფლანგიდან ბურთი მასპინძელთა საჯარიმოში გაბედავას გადააწოდა, რომელიც მოწინააღმდეგის ორ მცველთან ორთაბრძოლის დროს დაეცა და მსაჯმა პენალტი დანიშნა. ამ ფაქტმა, “მეტალურგის” ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და ქომაგები ძალიან აღაშფოთა. თუმცა, თორნიკე გვანცელაძეს გადაწყვეტილება არ შეუცვლია. თერთმეტმეტრიანი ხმალაძემ შეასრულა და ბედიაშვილმა მისგან მარჯვენა კუთხეში წასული ბურთი ნახტომში მოიგერია.

დასკვნით 10 წუთში უფრო სახიფათოდ რუსთაველები უტევდნენ და მეორე გოლიც დამსახურებულად გაიტანეს. 81-ე წუთზე, საჯაიას პასის მერე, ივანე ხაბელაშვილმა მარცხენა მახვილი კუთხიდან დაარტყა და თევდორაძემ ბურთი მოიგერია. 88-ე წუთზე, ჩირგაძე მარჯვენა ფრთაზე ორ მოწინააღმდეგეს გაცდა და საჯარიმოში შესულმა ბურთი გიგაურს გადააწოდა, რომელსაც გოლის გატანის მეტი არაფერი დარჩენოდა – 2:0.

სოსო ფრუიძე: “ვარლამს გამარჯვებას ვულოცავ. ძალიან მებრძოლი გუნდი ჰყავს. როგორც იტყვიან, ყოველი ბურთისთვის იბრძვიან, რაც ჩვენ გუნდს აკლია ბოლო თამაშებში. ფეხბურთელებში ისეთი სულისკვეთება არ ჩანს, რაც წინა ჩემპიონატში ჰქონდათ. მოსამზადებელი პერიოდი ფაქტობრივად ჩაგვივარდა. ვერ დავიმატეთ ის ფეხბურთელები ვინც გვსურდა. არა მგონია, ვინმე რამეს აკლებდეს. უბრალოდ, მთელი რიგი მომენტები ვერ გადავლახეთ. მე-2 ადგილისთვის ბრძოლა რთული იქნება, რადგან “ზესტაფონი” ძალიან კარგად თამაშობს. მე-2 ადგილი თუ გვინდოდა ის თამაშები არ უნდა წაგვეგო რაც წავაგეთ. ჩვენ სამეულში მოსახვედრად და თასისთვის ვიბრძოლებთ”.   

ვარლამ კილასონია: “დიდი მადლობა ჩემს ფეხბურთელებს. ძალიან თავდადებით ითამაშეს და ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს. პირველი ტაიმის შემდეგ, კორექტივები შევიტანეთ. ფეხბურთელთა ეფექტურმა მოქმედებამ და ინდივიდულურმა თამაშმა თავისი შედეგი მოიტანა. თუ ასე გააგრძელებენ, არა მხოლოდ ბრძოლისუნარიანობა ექნებათ, არამედ უფრო მაღალი კლასიც”.

მეტალურგი (რუსთავი) – ჩიხურა (საჩხერე) 2:0 (1:0)

29 მარტი. რუსთავი. სტადიონი “ფოლადი”.

მეტალურგი: ბედიაშვილი, მახვილაძე (კ), დობროვოლსკი, სეთურიძე (ექვთიმიშვილი, 48), ჩიმაკაძე (გიგაური, 58), ჩირგაძე, ვარლამ გიორგი ძე კილასონია, დავით საჯაია, კაკაშვილი (ხაბელაშვილი, 68), ქავთარაძე, ვასაძე.

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია.

ჩიხურა: თევდორაძე, ლაშა ჭელიძე, გივი კვარაცხელია, ოდიკაძე (კ), გაბედავა, ნიკო კვასხვაძე, ჩიკვაიძე, გიორგი დათუნაიშვილი (ჯიღაური, 66), ხმალაძე, დეკანოიძე, საბა ლომია (ელგუჯა გრიგალაშვილი, 58).

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.

გოლები: 1:0 საჯაია (50), 2:0 გიგაური (88).

78-ე წუთზე ხმალაძემ პენალტი ვერ გამოიყენა.

გაფრთხილება: დათუნაიშვილი (14), საჯაია (37), მახვილაძე (78), გრიგალაშვილი (90).

მთავარი მსაჯი: თორნიკე გვანცელაძე.

 

 

 

0.462479