საჩხერის "ჩიხურამ" ევროპის ლიგაზე ერთი ეტაპი შარშან გადალახა და წლეულსაც ეცდება. ეცდება კი არა, საკმაოდ ახლოსაა, რადგან გასვლაზე ლაშა კუჭუხიძის გოლით 1:0 მოუგო მაკედონიურ "ტურნოვოს" და შინ ფრეც ხელს აძლევს. რა თქმა უნდა, გასვლაზე 1:0 გამარჯვება ყველაფერს არ ნიშნავს, მაგრამ სოსო ფრუიძის გუნდი ფავორიტია და ეს "მიხეილ მესხზე" უნდა დაამტკიცოს.
თამაში 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხზე გადაიცემა.
მსაჯებს რაც შეეხება, ავსტრიელები არიან. მთავარი არბიტრი – მანუელ შუტენბერგერი.
შეხსენებისთვის, "ჩიხურამ" მაკედონიაში 42-ე წუთიდან 10 კაცით ითამაშა, რადგან ლაშა ჩიკვაიძე გააძევეს. ჩიკვაიძის გარდა, ფრუიძის გუნდს არავინ დააკლდება. "ტურნოვოს" მწვრთნელ გოჩე სედლოსკის გეგმები აერია, რადგან შინ მშრალი ანგარიშით გამარჯვებას ელოდა – თქვა, მთავარია გოლი არ გავუშვათ და საპასუხო შეხვედრის წინ შედარებით მშვიდად ვიყოთო.
შეგახსენებთ, საჩხერელებმა ამ შემადგენლობით ითამაშეს "ტურნოვოსთან": სომხიშვილი, ოდიკაძე, კაშია, რეხვიაშვილი, ჭელიძე, ჩიკვაიძე, დათუნაიშვილი, ბეჭვაია, დეკანოიძე (კორიფაძე 79), გაბედავა, კუჭუხიძე (მუმლაძე 86). სათადარიგოები: ქვილითაია; ზაზა ნადირაძე, თემურ ნადირაძე, ივანიშვილი, იაკობაშვილი.
"ჩიხურა" თუ გავა, II ეტაპზე თურქულ "ბურსასფორს" შეხვდება.