ზაქათალის “სიმურგის” პრეზიდენტმა ანარ ბექიროვმა გუნდის მთავარ მწვრთნელს გიორგი ჩიხრაძეს ბოლო გაფრთხილება მისცა. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა azerifootball.com-ი იუწყება.
კლუბის ხელმძღვანელობისა და სამწვრთნელო შტაბის შეხვედრის დროს, ბექიროვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის თასზე პირველი ლიგის გუნდთან გამოვარდნა სირცხვილია. მან მწვრთნელს თამაშის ხარისხისა და შედეგების გაუმჯობესება მოთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში “სიმურგი” 2014 წელს ახალი თავკაცით დაიწყებს.
azerifootball.com-ის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში აზალ-თან გასამართი შეხვედრა, შესაძლოა, ქართველი მწვრთნელისთვის ზაქათალელთა დამრიგებლის პოსტზე ბოლო აღმოჩნდეს. კლუბის პრეზიდენტმა ჩიხრაძეს წლის ბოლომდე დარჩენილ ორი მატჩის აუცილებლად მოგება მოთხოვა. აზალ-თან საშინაო დაპირისპირების გარდა, “სიმურგს” სტუმრად “რავანთან” თამაში მოუწევს.