აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის ერთ-ერთი ლიდერის, ზაქათალის “სიმურგის” მთავარ მწვრთნელ გიორგი ჩიხრაძეს, კვირას მოქმედ ჩემპიონ ბაქოს “ნეფთჩისთან” შეხვედრა არ აშინებს და მხოლოდ 3 ქულის აღებას გეგმავს.
- მე-20 ტურში შეხვედრა “ნეფთჩისთან” მოგიწევთ. ბოლო ორ სეზონში ქვეყნის ჩემპიონის შესახებ რას ფიქრობთ?
- მომავალი მატჩი პირველ ტურში ჩატარებული შეხვედრისგან განსხვავებული იქნება, რადგან “ინტერთან” ერთად, ორივე გუნდმა პირველი ექვსეულის საგზური გაინაღდა. უკვე ვფიქრობთ, რომ გადამწყვეტი ეტაპისთვის ქულათა მარაგი შევავსოთ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება.
- “ნეფთჩისთან” აქამდე ჩატარებული თამაშები თქვენთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. “სიმურგისთვის” ამ მეტოქესთან მატჩები ყოველთვის რთულია...
- ჩემთვის წარსული მხოლოდ ისტორიაა და მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანი ყოველთვის მომავალი თამაშია და ამჯერად “ნეფთჩის” ვხვდებით. მხოლოდ ამ თამაშზე ვფიქრობთ.
- “სიმურგისგან” განსხვავებით, ზამთრის შესვენების შემდეგ, “ნეფთჩიმ” ერთი კი არა, ორი მატჩი ჩაატარა. ალბათ, ეს თამაშები ნახეთ. მეტოქემ როგორი შთაბეჭდილება დატოვა?
- “ნეფთჩის” დაბალანსებული შემადგენლობა და ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ. მან დაამტკიცა, რომ კარგი გუნდია, ვინაიდან ბოლო 2 წელიწადში ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა. თუმცა, ახლა სეზონის მე-2 ნახევარი დაიწყო. ვეცდებით, მნიშვნელოვანი 3 ქულა ავიღოთ.
- ჩემპიონატის ყველაზე შედეგიან მოთამაშე ნიკოლას კანალესს გოლები 2013 წელსაც გააქვს. ჩილელი თავდამსხმელის ნეიტრალიზაციისთვის რაიმეს იღონებთ?
- კანალესი საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელია. სამხრეთამერიკელი იმ ფეხბურთელთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციო და მომავალ შეხვედრაში ამას გავითვალისწინებთ.
- თქვენი გუნდის უპირველესი ამოცანა პირველ ექვსეულში მოხვედრა იყო. ამას უკვე მიაღწიეთ. ახლა რა ამოცანას ისახავთ: ევროთასების საგზურის მოპოვებას თუ უფრო მაღალი მიზნების მიღწევას?
- გულწრფელად გითხრათ, კლუბის ხელმძღვანელობასთან ამის შესახებ არ მისაუბრია. სეზონის დასაწყისში მიზნად პირველ ექვსეულში მოხვედრა დაგვისახეს. ალბათ, ისინი ელოდებიან, პირველი ეტაპის ბოლოს სამ თამაშს როდის ჩავატარებთ. ამის შემდეგ შევხვდებით და ფინალურ ეტაპზე ჩვენს მიზანს განვსაზღვრავთ. იმ მომენტისთვის რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა დავაგროვოთ.