აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის ლიდერის ზაქათალის “სიმურგის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩიხრაძემ, მე-9 ტურში ბაქოს “ინტერთან”, რომელსაც კახა ცხადაძე თავკაცობს, ცენტრალურ მატჩამდე ინტერვიუ გამოცემა apasport.az-ს მისცა.
- მე-9 ტურში “ინტერს” შეხვდებით. ამ მატჩისთვის მზადება როგორ მიდის?
- ამ მატჩისთვის მზადება ზაქათალაში დავიწყეთ. სანაკრებო მატჩების გამო, ჩემპიონატში გამოწვეული შესვენებით ვისარგებლეთ და საქართველოში გავემგზავრეთ. თბილისის “დინამოსთან” ამხანაგური თამაშის ჩატარების შემდეგ, ზაქათალაში დავბრუნდით. ახლა, ვარჯიშს ვაგრძელებთ და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.
- ბევრი “სიმურგსა” და “ინტერს” დაძმობილებულ გუნდებად თვლის. ალბათ, ამის შესახებ თქვენც გაგიგიათ...
- არ ვიცი, ეს რას უკავშირდება. “ინტერში” 3 წლის განმავლობაში ვმუშაობდი და “სიმურგთან” ყოველთვის დაძაბული ორთაბრძოლა გვქონდა. მართალია, ბაქოშიც და ზაქათალაშიც ვიგებდით, მაგრამ გამარჯვება ყოველთვის რთული იყო.
- “ინტერისგან” მატჩისგან რას ელით?
- გამარჯვებას შევეცდებით. მატჩამდე ანგარიშის დასახელება ძალიან ძნელია. “ინტერი” ძლიერი გუნდია. თუმცა, 3 ქულის აღება საუცხოო იქნება.
- სეზონის დაწყებამდე გუნდის მიზანი “ექვსეულში” მოხვედრა იყო. უკვე რამდენიმე ტურია ლიდერობთ. მიზანი არ შეცვლილა?
- არა. ჯერჯერობით მთავარი ამოცანა “ექვსეულში” მოხვედრაა, ხოლო დანარჩენი შემდეგ გამოჩნდება.
- სხვათა შორის, “სუმგაითის” მთავარმა მწვრთნელმა ბერნარდ რააბმა განაცხადა, რომ “სიმურგი” პირველ ადგილს არ იმსახურებს. ამის შესახებ რას იტყვით?
- ეს რააბის პირადი აზრია. საერთოდ, კოლეგის შესახებ საუბარი არასწორია. მე კონცენტრაცია ჩემი გუნდის თამაშზე და ჩემპიონატზე მოვახდინე.
- შესაძლოა, რააბმა ეს ეჭვიანობის ნიადაგზე თქვა?
- შესაძლოა. ყოველ შემთხვევაში “სუმგაითს” საქმე კარგად არ მისდის. ეს გუნდი ჩვეულებისამებრ “სიმურგთან” აგებს ხოლმე. არაა გამორიცხული, მან ასეთი რამ სწორედ ამიტომ თქვა.
- აზერბაიჯანისა და რუსეთის ნაკრებების მატჩს უყურეთ?
- დიახ. აზერბაიჯანის ნაკრებს ქულის აღების კარგი შანსი ჰქონდა. თუმცა, არცთუ სანახაობრივი თამაში აჩვენა. რუსეთის ნაკრებს დიდი უპირატესობა ჰქონდა. აზერბაიჯანი თავს კარგად იცავდა. უბრალოდ, მსაჯის მიერ დანიშნულმა პენალტმა აზერბაიჯანს ქულა დააკარგვინა.
- იმ ეპიზოდში პენალტი იყო?
- ვფიქრობ, არა. თამაშის წესი საჯარიმოს ფარგლებს გარეთ დაირღვა.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა