ფეხბურთი

19:10 | 14.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩიხრაძე ულტიმატუმის პირობებს ასრულებს

პოლონეთის საფეხბურთო ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) 21-ე ტურში, ბიალისტოკის “იაგიელონიამ”, სადაც ქართველი შემტევი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე და მარცხენა მცველი გიორგი ფოფხაძე გამოდიან, თავის მოედანზე ლოძის “ვიძევი” 1:0 დაამარცხა.

ფოფხაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ძალამიძე კოჭზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ გუნდთან ერთად ვარჯიშს მომავალი წლის იანვარში განაახლებს. “იაგიელონიას” 29 ქულა აქვს და 16 გუნდში მე-8 ადგილზეა.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-17 ტურში, ბაქოს “ინტერმა”, რომელსაც კახა ცხადაძე წვრთნის, “სუმგაითს” უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა. მცველმა ლაშა სალუქვაძემ ბაქოელთა რიგებში თავიდან ბოლომდე ითამაშა, ხოლო მეკარე გიორგი ლომაია სათადარიგო იყო. ალექსანდრე იაშვილი 18-კაციან განაცხადში არ ფიგურირებდა, ბაჩანა ცხადაძე კი ტრავმირებულია და წელს გუნდს ვერ დაეხმარება. “ინტერს” 27 ქულა აქვს და 10 გუნდში მე-4 ადგილზეა.

ზაქათალის “სიმურგმა”, სადაც მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძეა, აზალ-ი მიიღო და 3:0 აჯობა. რამდენიმე დღის წინ, აზერბაიჯანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაქათალური კლუბის პრეზიდენტი გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგით უკმაყოფილო იყო და ქართველ მწვრთნელს წლის ბოლომდე დარჩენილი ორი მატჩის მოგება დაავალა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გუნდიდან გაშვებით დაემუქრა. ჩიხრაძემ აზალ-თან მოიგო და მომავალ ტურში “რევანს” ეთამაშება. “სიმურგს” 22 ქულა დაუგროვდა და მე-6 პოზიციაზეა.     

საფრანგეთის ნაციონალ ლიგის (მე-3 ლიგა) “ლუზენაკმა”, რომლის ღირსებასაც ამირან სანაია იცავს, შინ “ამიენს” 1:0 აჯობა. ამჯერად, ქართველი მცველი, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში სტაბილურად თამაშობს, 18-კაციან განაცხადში არ იყო.

 

0.119271