ზაქათალის “სიმურგის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩიხრაძემ ტყუილი უწოდა გავრცელებულ ხმებს, რომ მისი გუნდი ბაქოს “ინტერს” თამაშს მისცემს.
“ინტერის” თავკაცი კახა ცხადაძეა და “სიმურგის” გაძღოლამდე ჩიხრაძე სწორედ მის ასისტენტად მუშაობდა. ამიტომ, როგორც კი, აზერბაიჯანის პრემიერლიგაში ამ ორი გუნდის დაპირისპირების დრო მოახლოვდება, ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია გუნდების შესაძლო გარიგების თაობაზე.
“რთული თამაში იქნება. წელს ცუდი სტარტი გვქონდა და ამიტომ, შედეგის გაუმჯობესება გვსურს. ზოგიერთ ფეხბურთელს მიკროტრავმა აქვს, დისკვალიფიცირებულებიც გვყავს. ხმები იმის თაობაზე, რომ “სიმურგი” თამაშს “მისცემს” უბრალოდ ტყუილია. პირველი წელი არაა რაც “ინტერს” ვხვდებით და ფრეც გვითამაშია, წაგვიგია და მოგვიგია კიდეც. ფეხბურთში კი, სამი შედეგი არსებობს” – განუცხადა ჩიხრაძემ azerifootball.com-ს.