გერმანიის ქალაქ ერფურტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე მოთამაშე ბელა ხოტენაშვილმა (2494) ზედიზედ მესამე ყაიმი ითამაშა, რაც ლიდერობის დათმობად დაუჯდა.
მე-5 ტურში ხოტენაშვილი თეთრი ფიგურებით გერმანელ ელიზაბეტ პეტცს (2464) დაუზავდა და 3.5 ქულით მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. ასეთივე მონაგარით მეორეა ლელა ჯავახიშვილი (2477), რომელმაც თეთრებით შოტლანდიის სახელით მოთამაშე ქეთევან არახამია-გრანტი (2394) დაამარცხა.
4.0 ქულით ერთპიროვნული ლიდერი ჩინელი შენ იანგი (2470) გახდა, რომელმაც თეთრი ფიგურებით სომეხ ლილიტ მკრტჩიანს (2453) აჯობა.
მე-6 ტურში, რომელიც 29 აგვისტოს შედგება, ჯავახიშვილი შავებით მკრტჩიანს ეთამაშება, ხოლო ხოტენაშვილი თეთრებით იანგს გაეჯიბრება და ცენტრალური სწორედ ეს პარტია იქნება.