ფეხბურთის სტაჟიან თაყვანისმცემლებს და ვეტერან მოთამაშეებს ახსოვთ რამდენიმე ქართული კლუბის და სსრკ-ს ჭაბუკთა ნაკრების ფორვარდი,1984 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი გია ჭინჭარაული. ის 1980-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა საფეხბურთო სარბიელზე და ბევრს ეგონა, რომ ეს ნიჭიერი ბიჭი შეძლებს საფეხბურთო მწვერვალის დალაშქვრას, მაგრამ რიგი მიზეზების გამო, ორი წლით მოწყდა ფეხბურთს და ... საბჭოთა ჯარში საერთო საწყისებზე, ანუ არა სპორტულ, არამედ უბრალო ნაწილში მოუწია სამსახური, რომელიც ძალიან შორს იყო ფეხბურთისგან.
80-ნი წლების ბოლოს ის დაუბრუნდა ფეხბურთს, თამაშობდა საქართველოს სხვადასხვა კლუბებში, ხოლო 90-იანი წლების დასაწყისში, დატოვა საქართველო და გერმანიის დაბალი ლიგების კლუბებში ისინჯებოდა, შემდეგ კი, მისი კვალი ფეხბურთიდან საერთოდ გაქრა...
ბედმა ჭინჭარაულთან, სრულიად შემთხვევით, ბელგიაში შემყარა, სადაც 19-წლამდელთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მეექვსე ჯგუფის თამაშების გასაშუქებლად ვიმყოფებოდი. ბელგიაში საქართველოს საელჩოს თანამშრომელმა ირაკლი ჟღენტმა მითხრა, რომ უნდა გამაცნოს მეხელენში მცხოვრები ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი. ჭინჭარაულის გვარის ხსენებაზე სიხარული ვერ დავმალე - ბელგიაში შევხვდი ადამიანს, რომლის გვარი კარგად მახსოვდა სსრკ-ს ჭაბუკთა ნაკრებიდან, რომელსაც წვრთნიდა წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, კიევის „დინამოსა“ და სსრკ-ს ნაკრების ყოფილი ფორვარდი ანატოლი ბიშოვეცი.
გია ჭინჭარაული უკვე 15 წელია ბელგიაში ცხოვრობს. ჩვენი საუბარი ბორნემში შედგა. რა თქმა უნდა, გიას ახალგაზრდობიდან დავიწყეთ:
- ბატონო გია! როგორ მოხვდით სსრკ-ს ჭაბუკთა ნაკრებში?
- მაშინ არ ვფიქრობდი, ძნელი იყო, თუ მარტივი საქართველოსა და მერე სსრკ-ს ჭაბუკთა ნაკრებებში მოხვედრა. თიანეთში დავიბადე, გავიზარდე თბილისში, ბავშვობიდან ვსწავლობდი და ვთამაშობდი 35-ე საფეხბურთო სკოლაში. ჩემი პირველი მწვთნელი შუქრი ჭუმბურიძე იყო. 1981 წ. საქართველოს ნორჩ ფეხბურთელთა ნაკრები /15 წლამდე/, მწვრთნელ ჯონი ჯანელიძის ხელმძღვანელობით, საკავშირო ტურნირის გამარჯვებული გახდა, მე კი ამ ტურნირის ბომბარდირი გავხდი. ეტყობა, მანადმეც და ტურნირის დროს შემნიშნეს სსრკ-ს ჭაბუკთა ნაკრების წარმომადგენლებმა. ამ ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო კიევის „დინამოსა“ და სსრკ-ს ნაკრების ყოფილი ფორვარდი ანატოლი ბიშოვეცი (ის წვრთნიდა ჭაბუკთა ნაკრებს 1982 – 1985 წწ.-თ.პ). სწორედ მან მიმიწვია ნაკრებში, რომელშიც 3 წელი ვთამაშობდი. ჩვენ მოვიგეთ რიგი საერთაშორისო ტურნირები და გავხდით 1984 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონები 18-წლიანთა ნაკრებებს შორის. მაშინდელი ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ჩატარდა. ფინალი ქალაქ ულმსში, შტუტგარტის მახლობლად გაიმართა - 1984 წლის მაისი იყო. ფინალში დასავლეთ გერმანელებთან წავაგეთ. მაშინ, სსრკ-ს 18-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდნენ სკლიაროვი, კუჟლევი, გაგლოევი, მირზოიანი, კარაპეტიანი, ბუბლიაუსკასი... კარგი დონის ფეხბურთელები იყვნენ . ჩემი ოცნება იყო თბილისის „დინამოში“ მოხვედრა და ეს ოცნება ცოტა ხანში ამიხდა, როდესაც გუნდის მაშინდელმა მწვრთნელმა დავით ყიფიანმა (1951-2001 წწ) მიმიწვია „დინამოში“ თბილისის „ლოკომოტივიდან“, მაშინ 18 წლის ვიყავი. ბატონი დავითი ძალიან თბილად და ყურადღებით ეპყრობოდა ახალგაზრდა მოთამაშეებს და მეც, მათ შორის. მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა ადვილი არ იყო და ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი ამ მიზნისაკენ. მაგრამ 1985 წლის შუაგულში, დავით ყიფიანს მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან წასვლა სთხოვეს და „დინამოში“ ნოდარ ახალკაცი (1938-1998 წწ) დაბრუნდა. ვიმედოვნებდი, რომ ასეთი გამოცდილი და სახელოვანი მწვრთნელი, ძირითად შემადგენლობაში თამაშის შანსს მომცემდა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა. გუნდიდან წამოსვლა მომიწია. და ეს მაშინ, როდესაც მანამდე, ცსკა-სა და მოსკოვის „დინამოში“ მიწვევდნენ ის მწვრთნელები, რომლებმაც იცოდნენ ჩემი თამაში სსრკ-ს ჭაბუკთა ნაკრებიდან.
- და თქვენ არ წახვედით მოსკოვის კლუბებში? ხომ შეიძლებოდა იქ ძალები მოგესინჯათ და მერე, უფრო მეტი ცნობადობის მიღების შემდეგ, გთხოვდნენ თბილისის „დინამოში“ დაბრუნებას...
- მაშინ მე ნორმალური მრჩეველ-დამრიგებელი არ მყავდა, ვფიქრობდი, ჩემს წასვლას საქართველოდან და სხვა რესპუბლიკაში თამაშს, გულშემატკივრები და ჩემი ახლობლები ღალატად ჩამითვლიდნენ. მე, როგორც ბევრ ახალგაზრდას, თბილისის „დინამოში“ - საქართველოს საუკეთესო გუნდში თამაში მინდოდა, რომელიც მთელ სსრკ-ში და საზღვარგარეთაც უყვარდათ ტექნიკური და ლამაზი თამაშისთვის. ამიტომ, უარი ვთქვი ცსკა-სა და მოსკოვის „დინამოში" გადასვლაზე. ცსკა-ს მთავარი მწვრთნელი, სსრკ-ს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ალბერ შესტერნიოვი (1941-94 წწ) მეპატიჟებოდა, რამდენჯერმე დამირეკა თბილისში და მეუბნებოდა: „გია, გადმოდი ჩვენთან, ითამაშე და მერე ვნახოთ“-ო. ბატონი ალბერტი ცსკა-ს დიდი გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო 1982-83 წწ., შემდეგ ორი წელი იყო ცსკა-ს საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელი. შესტერნიოვი მოსკოვში მეძახდა, მაგრამ მე თავაზიანაი უარი ვუთხარი, რადგან თბილისის „დინამოში“ მინდოდა თამაში. და ამ დროს - 1985 წელს - „დინამოში“ ნოდარ ახალკაცი დაბრუნდა... მოხდა ის, რაც მოხდა. 1985 წელს მომიწია გუნდიდან წასვლა და ცსკს-სა და თბილისის „დინამოს“ მაგივრად, სომხეთში მოვხვდი.
-ერევნის " არარატი" გიწვევდა, თუ რაში იყო საქმე?
- არა, საბჭოთა ჯარში გამიშვეს სომხეთში და თან არა სპორტულ ნაწილში, არამედ უბრალო სამხედრო ნაწილში. ჯარში სრული 2 წელი ვიმსახურე, მაგრამ იქ ფეხბურთი თითქმის არ მითამაშია.
- ალბათ, რამე აწყენინეთ ახალკაცს და იმიტომ გაგიშვათ გუნდიდან ...
- არა, რას ამბობთ, როგორ შემეძლო მე, 19 წლის ფეხბურთელს, ასეთი განთქმული მწვრთნელისა და გამოცდილი ადამიანისთვის რაიმე საწყენი, ან უკადრისი მეკადრებინა? არა, მე არც უხეშად ვიქცეოდი, არც დისციპლინას ვარღვევდი, ეტყობა, უბრალოდ, თვალში არ მოუვიდა რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე, რომლებიც გუნდში მიიყვანა წინამორბედმა მწვრთნელმა დავით ყიფიანმა. ასეთი რამ ხდება ფეხბურთში - მოქმედი მწვრთნელი უარს ამბობს ზოგიერთ მოთამაშეზე, რომლებიც წინა მწვთნელმა მიიყვანა... ასე მოვხვდი ჯარში.
- ჯარის შემდეგ, ფეხბურთში ხომ დაბრუნდით?
- დიახ, მაგრამ ორი წელი ფეხბურთისთვის დაკარგული იყო და არც განწყობა მქონდა შესაბამისი... მერე ვთამაშობდი თბილისის „შევარდენში“, გორის „დილაში“ - ეს სსრკ-ს მეორე ლიგა იყო. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დავიწყე „დილას“ შემადგენლობაში, შემდეგ ვთამაშობდი ხაშურის „ივერიაში“, გურჯაანის „ალაზანში“. 1994 წელს გავემგზავრე გერმანიაში, რამდენიმე დაბალი ლიგის ადგილობრივ გუნდში ვთამაშობდი, მქონდა შანსი მეორე ბუდესლიგის კლუბ „ნიურბერგში“ მეთამაშა, მაგრამ ტრავმა მივიღე და ჩემმა „საფეხბურთო მატარებელმაც“ ჩაიარა. დავბრუნდი საქართველოში 1996 წელს, ცოლად მოვიყვანე თამილა კვინრტაძე, 1998 წელს ბელგიაში გავემგზავრე, ერთი წლის შემდეგ, მეუღლე და ქალიშვილიც ჩემთან წამოვიყვანე. ვმუშაობ აქ, მეხელენში, ვცხოვრობ ოჯახთან ერთად. ჩემი ქალიშვილი დალი 15 წლისაა, ვაჟიშვილი საბა ბელგიაში დაიბადა, 11 წლისაა.
- თქვენი ბიჭი ბელგიის საბავშვო უმაღლეს ლიგაში თამაშობს!
- დიახ, ბელგიის საბავშვო უმაღლეს ლიგაში თამაშობს სამი ქართველი. ჩემი შვილი თამაშობდა „კვ მიხელენში“, ამ დღეებში ის უფრო ძლიერ გუნდში იხმეს, „გენტ“-ში. ბელგიის საბავშვო უმაღლეს ლიგის ერთ-ერთ კლუბში თამაშობდა გიორგი იოსავა, რომელიც ახლა გადავიდა „ლოკერენში“. ცოტნე ბენდიანაშვილი თამაშობდა კლუბ „კორტრაიკში“, ახლა კი „გენტშია“. ასე რომ, ახლა "გენტში" ორი ქართველი ითამაშებს - ცოტნე და საბა ერთად იქნებიან.
მე ჩემი შვილისთვის არა მხოლოდ მამა ვარ, არამედ მრჩეველიც და ამხანაგიც. თავის დროზე, მე არავინ მაძლევდა რჩევებს და ამიტომ დავკარგე შანსი სოლიდურ გუნდში დამკვიდრებისა. ამიტომ, ვცდილობ საბასთვის ვიყო მწვრთნელიც და მრჩეველიც. ის წარმატებით თამაშობს.
- თუ საბა ძლიერი ფეხბურთელი გახდება, რომელ ნაკრებში ითამაშებს - საქართველოს, თუ ბელგიის? თავის დროზე არჩევანი თქვენც გქონდათ - თბილისის „დინამო“, ან ცსკა. მაშინ სხვა დრო იყო და „დინამო“ იმ პერიოდში საქართველოს ნაკრებთან ასოცირდებოდა და თქვენ საქართველო აირჩიეთ. თქვენს შვილს რას ურჩევთ?
- ამაზე საუბარი ჯერ ადრეა . ისე კი, ეს შვილის გადასაწყვეტია, მე არ ჩავერევი. თუმცა მე, რა თქმა უნდა, იმის მომხრე ვარ, რომ მან საქართველოს ნაკრებში ითამაშოს - თუ კარგი ფეხბურთელი დადგება. იქამდე დიდი დროა.
ახლა კი, ჩემი ოცნება და მიზანია, ვთხოვო ჩემს მეგობრებს საქართველოში, დაპატიჟონ ბელგიის საბავშვო კლუბი საქართველოში ტურნირზე იმისთვის, რომ გუნდმა და ჩემმა შვილმა თბილისში ითამაშონ, რომ ნახონ საფეხბურთო საქართველო.... თუ არ გამოვიდა გუნდის თბილისში ჩაყვანა, მაშინ აქ, ბელგიაში შევეცდები ტურნირის მოწყობას და საქართველოდან საბავშვო გუნდების ჩამოყვანას.
ამ ნოტაზე დავასრულეთ ინტერვიუ გიასთან. იმედი გვაქვს, რომ საბა ფეხბურთში დიდ წარმატებებს მიაღწევს.
თენგიზ პაჭკორია,ბორნემი, ბელგია,სპეციალურად www.worldsport.ge
ფოტოები გია ჭინჭარაულის არქივიდან;