კალათბურთი

15:35 | 23.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩიკაგო” უფსკრულის პირას

“ვაშინგტონ უიზარდსთან” მე-2 საშინაო მატჩის წინ “ჩიკაგო ბულსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ჟოაკიმ ნოამ სეზონის საუკეთესო მცველის ჯილდო თვით დიკემბე მუტომბოს ხელიდან მიიღო და ეს, სრულიად დამსახურებულიც გახლდათ, თუმცა, პლეი ოფის მატჩებში ფრანგი ცენტრის გარჯას დამაჯერებელს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.

სტატისტიკოსების გამოთვლით, გასულ ორ შეხვედრაში ვაშინგტონელები იმ დროს. როდესაც მათ ნოა მეურვეობდა, საშუალოდ 21 ქულას აგდებდნენ და ამასთან ტყორცნების 62.1%-ს იყენებდნენ, არადა, რეგულარულში აღნიშნული მაჩვენებლები – 12.5 ქულა და 38.5% გახლდათ...

ცხადია, მხოლოდ აღნიშნული არ ყოფილა მიზეზი, რომ “იუნაიტედ სენთერში” 21 663 ქომაგის თვალწინ გამართული მე-2 შეხვედრის სტარტზე, “ხარები” მეტოქეს 12:29 ჩამორჩნენ. თითქოს, ჯონ უოლის, ბრედლი ბილის და ტრევორ არიზას მეთაურობით, დედაქალაქელებმა იოლ გამარჯვებას ჩაუყარეს საფუძველი, თუმცა, “ბულსი” ასე არ ფიქრობდა. მეტწილად, სათადარიგოების – დი ჯეი ოგასტინის და ტაჯ გიბსონის დამაჯერებელი ჩაუქობის წყალობით, ჩიკაგოელებმა 17-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და დასკვნითი მეოთხედის წინ, 5 ქულითაც დაწინაურდნენ.

მასპინძლებს ტემპი არც ბოლო პერიოდში დაუგდიათ და საფინალო სირენამდე 06:58 წუთით ადრე მათი უპირატესობა უკვე ორნიშნა გახლდათ. ერთი შეხედვით, “ბულსი” წარმატებასთან ახლოს იყო, მაგრამ გადამწყვეტ ჟამს კიდევ ერთი “ჩავარდნა” შეემთხვა. აღნიშნულ თითქმის შვიდ წუთში “ხარებმა” მხოლოდ 4 ქულა (!) მიითვალეს და მათი ბედი, რომ “უიზარდსმაც” რამდენიმე იოლი შეტევა გააფუჭა, თორემ საქმე ოვერტაიმამდეც არ მივიდოდა.

დამატებული ხუთწუთეულის სტარტზე ვაშინგტონელთა ბრაზილიელმა კალათბურთელმა ნენემ ზედიზედ 6 ქულა ჩააგდო, “ბულსმა” კი “მშრალი” სერია მხოლოდ 4 წუთის თავზე შეწყვიტა. მიუხედავად ამისა, თამაშის დასრულებამდე 14 ამით ადრე, მასპინძლები მხოლოდ 2 ქულას აგებდნენ და არათუ ანგარიშის გაყაიმების, მატჩის მოგების შანსიც კი ჰქონდათ.

ჩიკაგოელებმა გადამწყვეტი შეტევა კირკ ჰაინრიხს ანდეს, რომელზეც სტუმრები დაჯარიმდნენ და მიზანსაც უწიეს. კირკმა პირველი საჯარიმო არაზუსტად შეასრულა, მეორე კი შეგნებულად ააცილა, თუმცა, მოხსნაზე ტრევორ არიზამ იმარჯვა და “ვაშინგტონს” უმნიშვნელოვანესი გამარჯვება (101:99) გაუფორმა. დედაქალაქელები სერიაში 2:0 დაწინაურდნენ და ახლა, შეუძლიათ, სერია შინაურ კედლებშივე დაასრულონ.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, წონასწორობა აღადგინა აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონმა “ინდიანა პეისერზმა”, რომელმაც “ატლანტა ჰოუქსთან” საწყისი მარცხის შემდეგ, საჭირო დასკვნები გამოიტანა და მე-2 შეხვედრაში 101:85 იმარჯვა.

თამაშის ბედი მე-2 ტაიმში გადაწყდა, რომელშიც მასპინძლებმა საოცარი სპურტი (38:8) მოაწყვეს და ჯორჯიელებს წარმატების ყველანარი შანსი გადაუწურეს. ფრენკ ვოგელის შეგირდთაგან პოლ ჯორჯი და ლუის სკოლა გამოირჩნენ, რომელთაც ჯამში 47 ქულა და 17 მოხსნა მიითვალეს. თავის მხრივ, “ჰოუქსმა” ხელიდან პლეი ოფის ზედიზედ 2 გამარჯვებით დაწყების შანსი გაუშვა, რაც შორეული 1966 წლიდან არ მომხდარა, როდესაც გუნდი ჯერ კიდევ სენტ ლუისს წარმოადგენდა.

ანგარიში გათანაბრდა “ტორონტო რეპტორზის” და “ბრუკლინ ნეთსის” პაექრობაშიც, არადა, სერიის მე-2 შეხვედრაში კანადურმა გუნდმა ბურთი 20-ჯერ დაკარგა და მეტოქეს 14 ჩაჭრის განხორციელების საშუალება მისცა.

მასპინძელთა ლიდერობა დემარ დეროზანმა ითავა, რომელმაც პირველ შეხვედრაში თამაშიდან 13-დან მხოლოდ 3 ტყორცნა გამოიყენა, ამჯერად კი, ვინს კარტერის, კრის ბოშის და ანტონიო დევისის შემდეგ, “რეპტორზის” მე-4 კალათბურთელი გახდა, რომელმაც პლეი-ოფის მატჩში მინიმუმ 30 ქულა ჩააგდო.

ისიც სათქმელია, რომ საფინალო სირენამდე 42 წამით ადრე, როდესაც მასპინძლები მხოლოდ 2 ქულას იგებდნენ, დეროზანმა ბურთი დაკარგა და შანსი პოლ პირსს მისცა, თუმცა, ამ უკანასკნელის შეტევა არაზუსტი გამოდგა. დარჩენილ დროში, დემარკუსს შეცდომა არ დაუშვია, 6-ვე საჯარიმო ჩააგდო (სულ 14-დან 12), ჯამური 30 ქულიდან 17 კი დასკვნით მეოთხედში მიითვალა და “ტორონტოს” სასიცოცხლო გამარჯვება მოუტანა – 100:95.

თუკი სტატისტიკაც თვალს გადავავლებთ, იოლი მისახვედრია, რომ კანადური გუნდის წარმატების საიდუმლო ფარზე წარმატებულ თამაშში იმალება. “რეპტორზმა” “ნეთსს” მოხსნებში 52:30 აჯობა, ამ მხრივ კი, განსაკუთრებით იონას ვალანჩიუნასი გამოირჩა. ლიტველი ლეგიონერი ბოლო 30 წლის განმავლობაში, ლიგის მხოლოდ მე-3 მოთამაშე გახდა, რომელმაც პლეი ოფის საწყის ორ მატჩში 30 ქულა და 30 მოხსნა მოაგროვა. 

 

ინდიანაატლანტა 101:85 (21:26, 27:26, 31:13, 22:20)

ინდიანა: ჯორჯი (27 ქ. 10 მ. 6 პ.), ჰილი (15 ქ.), უესტი (8 ქ. 6 პ.), სტივენსონი (7 ქ.), ჰიბერტი (6 ქ.); სკოლა (20 ქ. 7 მ.), უოტსონი (10 ქ.), კოუპლენდი (4 ქ.), ტერნერი (3 ქ.), მაინმი (1 ქ.), სლოუნი, ბატლერი, ალენი.

ატლანტა: მილსეპი (19 ქ.), ტიგი (14 ქ.), კეროლი (5 ქ.), ანტიჩი (5 ქ.), კორვერი (3 ქ.); უილიამსი (11 ქ.), სკოტი (11 ქ.), შრედერი (5 ქ.), მაკი (4 ქ.), მარტინი (4 ქ.), ბრენდი (4 ქ. 7 მ.), მუსკალა.

სერიაში ანგარიშია 1:1

 

ტორონტო – ბრუკლინი 100:95 (21:19, 24:20, 19:27, 36:29)

ტორონტო: დეროზანი (30 ქ.), ჯონსონი (16 ქ. 9 მ.), ვალანჩიუნასი (15 ქ. 14 მ.), ლოური (14 ქ. 9 მ. 6 პ.), როსი (2 ქ.); პატერსონი (12 ქ. 9 მ.), ვასკესი (11 ქ. 8 პ.), ფილდსი.

ბრუკლინი: ჯონსონი (18 ქ.), უილიამსი (15 ქ.), გარნეტი (13 ქ.), ლივინგსტონი (12 ქ.), პირსი (7 ქ.); ტელეტოვიჩი (14 ქ.), ბლატჩი (5 ქ.), კირილენკო (4 ქ.), პლამლი (4 ქ.), ანდერსონი (3 ქ.), ტორნტონი.

სერიაში ანგარიშია 1:1

 

ჩიკაგო – ვაშინგტონი 99:101 ოტ. (20:31, 29:25, 26:14, 16:21, 8:10)

ჩიკაგო: ნოა (20 ქ. 12 მ.), ჰაინრიხი (12 ქ. 7 მ.), დანლივი (9 ქ.), ბატლერი (6 ქ. 7 მ.), ბუზერი (5 ქ. 8 მ.); ოგასტინი (25 ქ. 7 პ.), გიბსონი (22 ქ. 10 მ.), სნელი, მოჰამედი.

ვაშინგტონი: ბილი (26 ქ. 7 მ.), ნენე (17 ქ. 7 მ.), უოლი (16 ქ. 7 პ.), არიზა (8 ქ. 8 მ. 7 პ.), გორტატი (7 ქ.); უებსტერი (10 ქ.), ბუკერი (9 ქ. 8 მ.), მილერი (8 ქ.), ტემპლი, გუდენი.

სერიაში ანგარიშია 0:2

0.141084