იტალიის ნაკრებმა კიევში ინგლისელთა დამარცხებით ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, დრამატული მეოთხედფინალის შემდეგ კი “სკუადრა აძურა” კრაკოვში დაბრუნდა და გერმანიასთან ნახევარფინალისთვის ინტენსიურ მზადებას შეუდგა. აპენინელთა თავკაცი ჩეზარე პრანდელი იოაჰიმ ლიოვის გუნდს დაუმარცხებლად არ მიიჩნევს, დანარჩენს კი მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.
- ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი ნებისმიერი მწვრთნელისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩია, თუმცა, კონკრეტულად გერმანელებზე გკითხავთ – რამდენად პრინციპულია თქვენთვის კონკრეტულად ბუნდესმანშაფტთან დაპირისპირება?
- არასდროს დამავიწყდება მექსიკის 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალი. “სკუადრა აძურასა” და გერმანიის ნაკრების შეხვედრას მამასთან ერთად ვუყურებდი. 14 წლის ვიყავი და იმ პაექრობამ ისეთი “საფეხბურთო მუხტი” მომცა, დღემდე არ გამნელებია. ის შეხვედრა ფეხბურთის ისტორიის საუკეთესო დაპირისპირებად სავსებით სამართლიანადაა მიჩნეული, მას შემდეგ მოყოლებული კი გერმანია იტალიის საფეხბურთო ნაკრების ლამის უმთავრეს პრინციპულ მოწინააღმდეგედ იქცა.
- როგორ გგონიათ, მომავალ სანახევარფინალო ბატალიაში გამარჯვებული რომელი ნაკრები გამოვა?
- იოაჰიმ ლიოვის გუნდს სპეციალისტთა უმრავლესობა ფავორიტად თვლის და მიაჩნიათ, რომ ბუნდესმანშაფტს ფინალში გაღწევის მეტი შანსი აქვს. მაგრამ ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული. თუკი “სკუადრა აძურა” სათანადოდ მოემზადება და მატჩის მსვლელობისას საუკეთესო თვისებებს გამოავლენს, იტალიის ნაკრების წინაშე ურთულესად დასაძლევი მოწინააღმდეგე იქნება, თუმცა, დაუმარცხებელი სულაც არა.
- გუნდის ტაქტიკურ მონახაზს ხომ ვერ გაგვიმხელდით?
- დასამალი არაფერია – ცოცხლად და აქტიურად თამაში გვმართებს. ურთულესი მატჩი გველის, ჩვენი მთავარი მიზანი კი მოწინააღმდეგის შედარებით სუსტ მხარეებზე აქცენტის გაკეთება იქნება. შეხვედრის დაწყებამდე ჯერ კიდევ საკმარისი დროა, რომელსაც გერმანიის ნაკრებზე ნებისმიერი სახის ინფორმაციის მოპოვებას დავუთმობთ. მისხალ-მისხალ გავუკეთებთ ანალიზს გერმანელთა თამაშს, მათ ტაქტიკურ სქემებს.
- ბუნდესმანშაფტის უმთავრეს ძლიერ მხარედ რას მიიჩნევთ?
- გერმანიის ეროვნული გუნდი ერთი ცენტრალური თავდამსხმელით თამაშობს, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელი ეხმარება. მათ ნახევრადთავდამსხმელებს დავარქმევდი. სწორედ ისინი უქმნიან ყველაზე მეტ სირთულეს მეტოქეს და ჩვენი უმთავრესი ამოცანაც ამ მოთამაშეების განეიტრალებაა.
- საამისოდ მხოლოდ “ცოცხლად და აქტიურად თამაში” საკმარისია?
- ცხადია, არა. “სკუადრა აძურამ” თავისი ფეხბურთი უნდა დაუპირისპიროს გერმანიას. მოწინააღმდეგეს იმის იმედი ნუ ექნება, რომ ძირითადად მათი იერიშების განეიტრალებით ვიქნებით დაკავებულნი და საკუთარ საჯარიმო მოედანს მივეჯაჭვებით. მირჩევნია მეტოქის კონტრშტევა გამოგვეპაროს, ვიდრე საკუთარ კართან ჩავიკეტოთ.
- გერმანელებს ნახევარფინალისთვის მოსამზადებლად თქვენთა შედარებით მეტი დრო აქვთ. ეს მომენტი დამატებით უპირატესობას ხომ არ მისცემს მეტოქეს?
- გერმანელებმა სამეოთხედფინალო დაპირისპირება ჩვენზე 2 დღით ადრე ჩაატარეს, რაც არათანაბარ პირობებში გვამყოფებს. უეფას ამ პრობლემაზე დაფიქრება და სამომავლოდ სათანადო გადაწყვეტილების მიღება მართებს.
- ინგლისთან შეხვედრამ თქვენი ბიჭების განწყობაზე როგორ იმოქმედა?
- ცხადია დადებითად. იტალიის ნაკრების ფეხბურთელებმა შეიგნეს, რომ ბევრი შეუძლიათ. ალბიონელებთან დაპირისპირებისას ბურთის ფლობის პროცენტი 68 გვქონდა და ჰარტის კართან ბევრი საგოლე მომენტიც შევქმენით. მეტოქის კარის მიმართულებით 30-ჯერ დავარტყით და ჩვენი საბოლოო წარმატება კანონზომიერი იყო და არა ფორტუნის წყალობა.
- ინგლისთან ანტონიო კასანოს თამაშს რა შეფასებას მისცემდით?
- კასანოსთვის ეს შეხვედრა ურთულესი იყო. ანტონიომ მიმდინარე თვეში 4 მძიმე მატჩი ჩაატარა და ეს მას შემდეგ, რაც ნახევარი წლის განმავლობაში მკურნალობდა. კასანოს სრულად ვენდობი. ანტონიო “სკუადრა აძურას” რიგებში გამოსვლისას ყოველთვის მოტივირებულია და თავის პროფესიულ თვისებებს ავლენს. სამაგალითოდ იქცევა მინდორს გარეთაც.
- ბალოტელი?
- მისი თამაშითაც კმაყოფილი ვარ. მარიომ პირნათლად შეასრულა დავალება – იგი ინგლისელთა ორივე ცენტრალური მცველის ყურადღებას იპყრობდა და პარტნიორებს ხელ-ფეხს უხსნიდა. ცოტათი დარტყმების შესრულებისას არ გაუმართლა, მაგრამ მთლიანობაში ბალოტელის გამოსვლით კმაყოფილი დავრჩი. ისე კი, მოთამაშეზე ერთი მატჩით არასდროს ვმსჯელობ. მითუმეტეს, “სკუადრა აძურას” წევრზე. მარიოს თავისი ნიჭი ადრეც არაერთხელ გამოუვლენია. მას დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ. მიხარია, ჟურნალისტებმა ბალოტელის დადებითი კუთხით წარმოჩენა რომ დაიწყეთ. ამით მარიოს გუნდიც მოიგებს და თავად ბალოტელიც.
გოჩა კაჭარავა