იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ ინტერვიუ მისცა პოპულარულ გამოცემა La repubblica-ს. “სკუადრა აძურას” დამრიგებელი მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატისთვის თადარიგს უკვე შეუდგა და გაზეთის კორესპონდენტს ფეხბურთისადმი საკუთარ დამოკიდებულებასაც უმხელს.
- “ოქროს ბურთის” მფლობელის გამოვლენისას ჩატარებულ კენჭისყრაში ფეხბურთელთა შემდეგი სამეული შეარჩიეთ, ანდრეა პირლო, ჯანლუიჯი ბუფონი, ლეო მესი, მწვრთნელთაგან საუკეთესოდ კი ვისენტე დელ ბოსკე დაასახელეთ. სწორედ მათ მიიჩნევთ 2012 წლის საფეხბურთო გმირებად?
- ერიკ აბიდალსა და ტიტო ვილანოვას. “ბარსელონას” ამ მოთამაშესა და დამრიგებლის ასარჩევად არავითარი გამოკითხვა, რეიტინგი და დაჯილდოების ცერემონიალი საჭირო არაა. ორივე მათგანი ურთულეს მდგომარეობაში ჩავარდა, მაგრამ სულიერად არ გატეხილა და საყვარელ საქმეს დაუბრუნდა. აბიდალმა და ვილანოვამ სულიერი სიმხნევის მაგალითი გვიჩვენეს და დაადასტურეს, როგორ უნდა ეურთგულო პროფესიას.
- მასიმილიანო ალეგრიმ ამასწინათ განაცხადა, რომ დაუშვებელია დამწყები მწვრთნელები მუშაობდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან. მისი რწმენით, უნდა ჩამოყალიბდეს ორნაირი სამწვრთნელო კურსები. პირველი ახალგაზრდა მოთამაშეების სპეციალისტებს ჩამოაყალიბებს, მეორე – გუნდების მთავარ მწვრთნელებს...
- ჩემი აზრით, 2 სხვადასხვა სამწვრთნელო კურსის შექმნა საჭირო არაა. ეს რთული და ზედმეტი სისტემაა. მე უფრო სხვაგვარად ვხედავ საკითხს. ახალგაზრდობასთან მუშაობის არმქონე სპეციალისტს კლუბის პირველი გუნდის გაწვრთნის უფლება არ უნდა მიეცეს. დარწმუნებული ვარ, ჯერ პიროვნება უნდა ჩამოყალიბდეს და შემდეგ ფეხბურთელი. არაა საჭირო პრიორიტეტების აღრევა. საფეხბურთო სკოლებსა და აკადემიებში ჩვენ ჯერ აღზრდით ვართ დაკავებულები და ჭაბუკთაგან შემდეგ ვაყალიბებთ პროფესიონალ სპორტმენებს. დაუშვებელია ისინი ძირითად გუნდში მოუმზადებლები მივიდნენ და მხოლოდ საკუთარი საფეხბურთო ტალანტის იმედად იყვნენ. მათთან მუშაობისას ნებისმიერი დეტალი მეტად მნიშვნელოვანია და ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტორსაც კი დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ.
- მოდით უშუალოდ სანაკრებო თემაზე გადავიდეთ. მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას უკვე შეუდექით?
- დიახ და საამისო პროგრამაც შემუშავებული გვაქვს. შეცდომა დავუშვით, როდესაც ევროპის პირველობისთვის მზადებისას ადრეულად არ დავიჭირეთ თადარიგი. ამის გამო, ნახევარფინალსა და ფინალში ისე ვითამაშეთ, თითქოს რიგით შეხვედრებს ვატარებდით. ამასთან, ვარშავიდან პირდაპირ კიევში უნდა გავმგზავრებულიყავით და კრაკოვში მიბრუნება არასწორი იყო. ამით ჩვენ დატვირთვას შევამცირებდით და ფეხბურთელებიც ნაკლებად დაიღლებოდნენ. სწორედ ამ ფაქტორმა შეგვიშალა ხელი ესპანეთთან გადამწყვეტი მატჩის ჩატარებისას.
- კონფედერაციათა თასზე აქცენტს ახალგაზრდებზე გააკეთებთ თუ გამოცდილ ფეხბურთელებზე?
- იმ მოთამაშეებს გამოვცდით, რომელთაც “სკუადრა აძურას” ძირიტადი შემადგენლობის წევრებად ვთვლით. თუმცა, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, კონკრეტულ მომენტში ისინი როგორ იქნებიან მზად მნიშვნელოვანი ტურნირის ჩასატარებლად. ამასთან, იტალიისთვის მეტად მნიშვნელოვანია 21 წლამდელ ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი. ახალგაზრდული ნაკრების დამრიგებელ მანჯასთან ხშირი კონტაქტი მექნება და ერთობლივ სტრატეგიას შევიმუშავებთ.
- ელ შაარავი ბრაზილიაში თქვენთან ნაკრებთან ერთად გაემგზავრება?
- სტეფანი ამჟამად ძალიან კარგად თამაშობს. მეტს ვერაფერს გეტყვით.
- ამას წინათ სინათლე იხილა თქვენმა წიგნმა, რომლის ფურცლებზეც ფეხბურთი მეტად სასარგებლო მოვლენად მოიხსენით და ადამიანებისთვის მას ისეთივე ეფექტის მოხდენის შესაძლებლობებზე ამახვილებდით ყურადღებას, რა სიკეთეც C, D და E ვიტამინებს ერთდროულად მოაქვთ ...
- როდესაც ფეხბურთზე ფიქრობ, პრობლემები გავიწყდება. სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა ყველაზე დემოკრატიულიცაა. ნებისმიერი გულშემატკივარი თავს კარგ მწვრთნელად თვლის, ნებისმიერ ტიფოზის კი მიაჩნია, რომ უკეთ გამოიყენებდა იმ ხელსაყრელ მომენტს, რომელიც ცნობილმა ფორვარდმა გააფუჭა. ფეხბურთში ყველას თავისი სიმართლე აქვს და შეიძლება ითქვას, ყველა თავისებურად მართალიცაა.
გოჩა კაჭარავა