საინტერესოა, რომ ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატებს შორის დუშან უჰრინი-უმცროსიც ახსენეს, რომელიც ამჟამად თბილისის "დინამოს" თავკაცობს. ჩეხური Idnes-ი 8 კანდიდატს ასახელებს და უჰრინის გვარიც ფიგურირებს, თუმცა ფავორიტი აშკარა და გამოკვეთილია: ეს გახლავთ "პლზენის" თავკაცი პაველ ვრბა, რომელიც წარმატებით მუშაობს ბოლო წლებში.
სიაშია მხცოვანი ზდენეკ ზემანიც. მოკლედ, უჰრინის შანსები მიზერულია, თუმცა Idnes-ის ცნობით, ის სიაში ჰყავთ.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ჩეხეთი და სლოვაკეთი კონფლიქტის გარეშე დაშორდნენ ერთმანეთს, ჩეხეთის ნაკრების ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა დუშან უჰრინი – ოღონდ, უფროსი.
ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციას ნაკრების აწ უკვე ყოფილი თავკაცი მიჰალ ბილეკი არ გაუშვია. ბილეკი თავად წავიდა პოსტიდან – ბოდიში მოიხადა, დავალება ვერ შევასრულე და გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიყვანეო.