კალათბურთი

16:22 | 24.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხებმა ყველა საუკეთესო შეკრიბეს

ქართველ კალათბურთელთა ერთ-ერთი მეტოქე ევრობასკეტამდე 7 მატჩს ჩაატარებს

2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა მეტოქე ჩეხეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მომავალი ტურნირისთვის შემადგენლობა დაასახელა. პაველ ბუდინსკიმ შეკრებაზე 14 საუკეთესო მოთამაშეს უხმო და იქვე 10 სათადარიგო კალათბურთელი ჩამოთვალა, რომელთაგან ვინმეს დამატება ტრავმიანობის შემთხვევაში თუ გახდება საჭირო.

საქართველოს ნაკრებისგან განსხვავებით, ჩეხებს გაუთვალისწინებელი პრობლემების გამო, ჯერჯერობით, არცერთი წამყვანი მოთამაშე არ დაჰკლებიათ. გუნდში არიან “ვაშინგტონ უიზარდსის” ფორვარდი იან ვესელი და მცველი ტომაშ სატორანსკი, რომელიც ასევე ვაშინგტონელთა კუთვნილებაა, თუმცა, ამჟამად ესპანურ “კახასოლში” ბექა ბურჯანაძის თანაგუნდელია.

ბუდინსკის ვეტერანების – ჩეხური “ნიმბურკის” უკანახაზელის და გერმანული “ბრაუნშვაიგის” ფორვარდის ლუბოშ ბარტონის იმედიც აქვს. საერთოდაც, მწვრთნელმა 14-კაციან განაცხადში მხოლოდ 2 ახალი კალათბურთელი (ვესელი და პაველ ჰოუშკა) დასაახელა, დანარჩენები კი ისინი არიან, ვინც გასულ ზაფხულს ჩეხებს ევროპირველობის ფინალური ეტაპის საგზური მოაპოვებინა.

“შევეცადეთ, საუკეთესო გუნდი შეგვეკრიბა. დამატებით უპირატესობას ისიც გვაძლევს, რომ ნაკრებში ახალი სახეები ნაკლებად არიან. ბიჭები წინა შეკრებაზეც ერთად იყვნენ და საერთო ენას ახლაც იოლად გამონახავენ”, - აღნიშნა ბუდინსკიმ, რომლის განაცხადშიც ლეგიონერთა და ჩეხეთის ჩემპიონატში მოთამაშე კალათბურთელთა რაოდენობა ზუსტად შუაზეა გაყოფილი.

ჩეხეთის ნაკრები პირველ შეკრებას ტრუტნოვში გადის და დაახლოებით 2 კვირა სწორედ ამ ქალაქში გაატარებს. ბუდინსკის ნაკრები ევრობასკეტამდე 7 საკონტროლო მატჩს ჩაატარებს და ყველას – სტუმრად. ჩეხების მეტოქეები თურქეთი (ორჯერ), რუსეთი, ფინეთი, ლიტვა და ბელგია (ორჯერ) იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ ჩეხეთის ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ჩ ჯგუფში მოხვდა და საქართველოს გარდა, მეტოქეებად ესპანეთი, სლოვენია, ხორვატია და პოლონეთი ეყოლება. ჩეხეთის და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება ქალაქ ცელიეში 8 სექტემბერს შედგება.

ჩეხეთის ნაკრების შემადგენლობა 2013 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის

მცველები: ტომაშ სატორანსკი (“კახასოლი”, ესპანეთი, დაბადების წელი 1991, სიმაღლე 200 სმ.), ირჟი ველში (“ნიმბურკი”, 1980, 201), მიხალ ჩარნეცკი (“პარდუბიცე”, 1985, 184), იაკუბ კუდლაჩეკი (“კანტუ”, იტალია, 1990, 193).

ფორვარდები: ვოიტეხ ჰრუბანი (“ნიმბურკი”, 1989, 202), პაველ პუმპრლა (“ობრადოირო”, ესპანეთი, 1986, 200), დავიდ ჟელინეკი (“კახა ლაბორალი”, ესპანეთი, 1990, 196), ლუბოშ ბარტონი (“ბრაუნშვაიგი”, გერმანია, 1980, 202), იან ვესელი (“ვაშინგტონ უიზარდსი”, NBA, 1990, 211).

ცენტრები: ონდრეი ბალვინი (“კახასოლი”, ესპანეთი, 1992, 216), პეტრ ბენდა (“ნიმბურკი”, 1982, 203), პაველ ჰოუშკა (“ნიმბურკი”, 1984, 203), იაკუბ ჰოუშკა (“დეჩინი”, 1982, 206), კამილ სვრდლიკი (“პროსტეიოვი”, 1986, 206).

სათადარიგო მოთამაშეები: იარომირ ბოჰაჩიკი (“პროსტეიოვი”), ადამ ჩიჟი (“ოსტრავა”), მარტინ გნიადეკი (“ოსტრავა”), ტომაშ ჰამპლი (“ანდორა”, ესპანეთი), ონდრეი კოჰოუტი (“პროსტეიოვი”), პაველ სლეჟაკი (“პროსტეიოვი”), ტომაშ პომიკალეკი (“ნიმბურკი”), ონდრეი სტაროსტა (“ნავარა”, ესპანეთი), ლუბოშ სტრია (“დეჩინი”), იაკუბ შირინა (“ოპავა”).

ჩეხეთის ნაკრების მზადების გეგმა

22-28 ივლისი: შეკრება ტრუტნოვში

31 ივლისი-5 აგვისტო: შეკრება ტრუტნოვში

7-12 აგვისტო: შეკრება დეჩინში

16 აგვისტო: თურქეთი – ჩეხეთი (სტამბული)

17 აგვისტო: თურქეთი – ჩეხეთი (სტამბული)

21 აგვისტო: რუსეთი – ჩეხეთი (ვილნიუსი)

22 აგვისტო: ფინეთი – ჩეხეთი (ვილნიუსი)

23 აგვისტო: ლიტვა – ჩეხეთი (ვილნიუსი)

28 აგვისტო: ბელგია – ჩეხეთი (ოსტენდე)

29 აგვისტო: ბელგია – ჩეხეთი (ოსტენდე)

2 სექტემბერი: გამგზავრება ევროპის ჩემპიონატზე

1.454738