მაშინ, როდესაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სლოვენიურ ტურნირზე თამაშობს, 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩვენებურთა უმთავრესი მეტოქე ჩეხეთი რუსეთს ეწვია და მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა.
რონენ გინზბურგის შეგირდების გარდა, მოსკოვის “ოთხთა ტურნირზე” მასპინძელთა პირველი და მეორე ნაკრებები და ისრაელი თამაშობენ. პირველ ტურში ისრაელმა რუსეთის მეოერე გუნდი 67:57 დაამარცხა, ჩეხებმა კი რუსეთის პირველ ნაკრებთან 68:75 წააგეს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტურნირისთვის ჩეხებს ესპანური “ბარსელონას” ახალწვეული ტომაშ სატორანსკიც დაემატათა და ფაქტობრივად, ღირებულ მოთამაშეთაგან მხოლოდ იან ვესელიღა აკლიათ, თუმცა, გამარჯვებას მაინც ვერ მიაღწიეს. შედეგედ, რუსეთის ნაკრების თავკაცის პოსტზე ევგენი პაშუტინის დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა.
სტუმართაგან 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ პატრიკ აუდა (13) და ონდრეი ბალვინი (12) ასცდნენ, სულ კი ქულები 9 კალათბურთელმა მიითვალა.
მატჩის შემდეგ კომენტარი ჩეხეთის ნაკრების მცველმა ირჟი ველშმა გააკეთა და გუნდის ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსები შეაფასა.
“ყველა მოთამაშე რომ მწყობრში გვყავდეს, ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში ეჭვიც არ შემეპარებოდა. თუმცა, დანაკლისს ვერ ავცდით და იან ვესელიც არ გვყავს, რომელიც ამჟამად ახალი გუნდის ძიებაშია. ჯგუფში საქართველოს, პორტუგალიის და უნგრეთის სახით რთული მეტოქეები გვყავს, მაგრამ უიმედობას არ ვუჩივი. ბოლო წლებია კარგად ვთამაშობთ და ვფიქრობთ, ჯგუფის დაძლევის შანსები 60/40-ზეა”.
დღეს, ჩეხეთის ნაკრები რუსეთის მე-2 გუნდს ეთამაშება, მოსკოვურ ტურნირს კი 26 ივლისს ისრაელთან მატჩით დაასრულებს.
რუსეთი – ჩეხეთი 75:68 (24:13, 19:24, 17:21, 15:10)
ჩეხეთი: აუდა (13 ქ.), ბალვინი (12 ქ. 8 მ.), ჰრუბანი (7 ქ.), სატორანსკი (6 ქ. 5 პ.), ველში (8 ქ.), პალიზა (6 ქ. 3 პ.), ბარტონი (7 ქ.), შირინა (9 ქ.), შვრდლიკი, ჩანი, მიურჰედი.