ოდესის “ჩერნომორეცის” მთავარმა მწვთნელმა რომან გრიგორჩუკმა კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თორნიკე ოქრიაშვილი ოპტიმალური სათამაშო ფორმისგან შორსაა. კითხვას, თუ რა პერსპექტივა აქვს ქართველ ფეხბურთელს ოდესურ კლუბში, გრიგორჩუკმა შემდეგი პასუხი გასცა:
“ის საინტერესო ფეხბურთელია და ყველა კარგად ვიცნობთ, მათ შორის მეც. ეს მოთამაშე მომწონს და მინდა, რომ ჩვენ გუნდში იყოს. თუმცა, რაც ახლა ვნახე უარესი იყო ნახევარი წლით ადრე ნანახზე. შესაძლოა, მაშინ ის საუკეთესო ფორმაში, საუკეთესო მდგომარეობაში და ტონუსში იყო. ამჟამად, ოპტიმალური ფორმისგან შორსაა” – თქვა გრიგორჩუკმა.
თურქულ შეკრებაზე ჩატარებულ ბოლო ამხანაგურ მატჩში, “ჩერნომორეცი” ბუქარესტის “დინამოს” დაუზავდა – 1:1. ოქრიაშვილი თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო და 69-ე წუთზე მისი გადაცემის შემდეგ, ოდესელებმა ანგარიში გახსნეს. რუმინელებმა საპასუხო გოლი 10 წუთის მერე გაიტანეს.