თურქეთის 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების შემტევმა ჩენქ შაჰინმა, უეფას ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ლიტვაში მიმდინარე ევრო-2013 ბოლო ტურში, მის გუნდს ქართველებთან მოგების გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს.
“ჩვენთვის ყოველი ქულა მნიშვნელოვანია და ვიმედოვნებ, რომ ეს ტურნირი გამოცდილების მისაღებად კარგი იქნება. იმედია, ბოლო თამაშს მოვიგებთ და შინ სამი ქულით დავბრუნდებით. ჩვენი ერთადერთი მიზანი გამარჯვებაა. სხვა არჩევანი არ გვაქვს. მოგება ერთადერთი ვარიანტია”, – თქვა შაჰინმა.
მან აღნიშნა, რომ განვლილ ორ მატჩში, სერბეთისა (1:2) და საფრანგეთის (1:2) წინაამდეგ, არ უნდა წაეგოთ:
“ტურნირზე მართლაც არ გაგვიმართლა. ორი კარგი მატჩი ჩავატარეთ, რომლებშიც გამარჯვებას ვიმსახურებდით. ჩვენ უკეთესად ვთამაშობდით, მაგრამ საბოლოოდ ვერ მოვიგეთ. რა თქმა უნდა, ფეხბურთში შედეგია მთავარი და მის მისაღწევად ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა. გულდაწყვეტილები ვართ”.
შაჰინის აზრით, ჯგუფში აქამდე ჩატარებულ თამაშებში, თურქ 19-წლამდელებს ბოლო შტრიხი დააკლდათ:
“ბოლო შტრიხი დაგვაკლდა. გუნდი ვართ და ჩვენი ნაკლოვანებები სამომავლოდ უნდა გამოვასწოროთ. კარგ შემტევ ფეხბურთს ვთამაშობდით, მაგრამ ეს ტაბლოზე არ ასახულა. იმედია, ამას გამოვასწორებთ და მომავალ ტურნირებში უფრო წარმატებულები ვიქნებით”.
26 ივლისს, საქართველო-თურქეთის დაპირისპირება თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება. მას ტელეკომპანია “მე-9 არხი” არ გადასცემს, რადგან ხსენებულ მატჩს “ევროსპორტიც” არ აჩვენებს, რომელსაც ლიტვიდან თამაშების ტრანსლირების ექსკლუზიური უფლება აქვს.