ვაგრძელებთ სტატიათა ციკლს, რომელშიც მსოფლიოს საფეხბურთო გრანდებში აწმყოსა და წარსულში მოთამაშე ფეხბურთელებზე მოგითხრობთ. ერთადერთი კრიტერიუმი, რითაც “ვარსკვლავები” შეირჩნენ, საკუთარი კლუბის ერთგულებაა – ფეხბურთელს, მისი პროფესიული კარიერის განმავლობაში, მხოლოდ ერთ გუნდში აქვს ნათამაშები. ამჯერად, ინგლისელ სტივენ ჯერარდს წარმოგიდგენთ, რომელიც ბოლო წლების “ლივერპულის” სიმბოლოდაა ქცეული.
სტივენ ჯერარდი
ამპლუა: ნახევარმცველი
ეროვნება: ინგლისელი
სეზონი კლუბში: 13
მატჩი კლუბში: 543
ტიტული: 9. მათ შორის:
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი - 2 (2001, 2006);
ინგლისის ლიგის თასი - 2 (2001, 2003);
ინგლისის სუპერთასი - 1 (2006);
უეფას ჩემპიონთა ლიგა - 1 (2005);
უეფას თასი - 1 (2001);
უეფას სუპერთასი - 2 (2001, 2005).
ცნობილთა ციტატები
რაფაელ ბენიტესი (“ლივერპულის” ყოფილი მწვრთნელი): “ჩვენ ჯერარდისთვის სიმძიმეების აწევის სპეციალურ პროგრამას ვამზადებთ - ვფიქრობთ, რომ უახლოეს წლებში, მას ძალიან ბევრი ტროფეის აწევა მოუწევს! ჩვენ მის ირგვლივ წარმატებულ გუნდს შევკრავთ – მე მინდა, რომ იგი “ლივერპულის” ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი კაპიტანი გახდეს”.
ალექს ფერგიუსონი (“მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელი): “ჯერარდი ახალი როი კინია. მე მისი მონაწილეობით ძალიან ბევრი მატჩი ვნახე და იგი ყოველთვის მოვლენათა ცენტრშია. უბრალოდ, წარმოუდგენელია მისი ჟინი, თავდადება და მიზანდასახულობა - ნებისმიერი მწვრთნელი ინატრებდა ჯერარდის თავის გუნდში ხილვას”.
ზინედინ ზიდანი: “შეიძლება თუ არა, სტივენ ჯერარდი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდეს? ახლა დიდი ყურადღება მესის და კრიშტიანო რონალდუს ეთმობა, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ჯერარდის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობა, არც ისე შორსაა ჭეშმარიტებასთან”.
2005 წლის მაისი, სტამბოლი. “ლივერპულმა”, მას შემდეგ, რაც პირველი ტაიმი “მილანთან” 0:3 წააგო და მეორეში ანგარიში გაათანაბრა, კლუბის ისტორიაში (ალბათ, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაშიც) ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. პრესკონფერენციაზე, “წითლების” კაპიტანზე ბედნიერი ადამიანი არავინაა. უკვე მერამდენე თვეა, მისი კარიერის მომავალი, კითხვის ნიშნის ქვეშაა - მასზე მსოფლიოს უმდიდრესი კლუბები, მადრიდის “რეალი” და ლონდონის “ჩელსი” “ნადირობენ”. ამდენად, საფეხბურთო კლასიკის სიაში მოხვედრილი მატჩის შემდეგ, სტივენ ჯერარდს შესაძლო ტრანსფერზე დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა უწევს - თქვენ მართლა აპირებთ კლუბის დატოვებას? “როგორ შეიძლება ასეთი რამის შემდეგ წასვლა”, - უპასუხა მომღიმარმა ტრიუმფატორმა.
ისე მოხდა, გულშემატკივრებისთვის მიცემული სიტყვა, ჯერარდმა არ შეასრულა - ერთ თვეში, “ლივერპულის” ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ გუნდის კაპიტანთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. მერსისაიდული კლუბის თაყვანისმცემელთა არმიამ, გულთან ძალიან ახლოს მიიტანა ყველაფერი - საქმე “ენფილდის” ჭიშკართან სტივენის მაისურების დემონსტრაციულ დაწვამდე მივიდა. თუმცა, მეტწილად იმიტომ კი არ წვავდნენ, რომ შეზიზღდათ ფეხბურთელი - პირიქით, ასე მისდამი სიყვარულს უფრო გამოხატავდნენ. კაპიტნის გონება დანებდა გრძნობათა მოზღვავებას და შედეგად, ჯერარდმა მშობლიურ გუნდში დარჩენა ამჯობინა.
“ლივერპულის” ქომაგები 5 წლის წინათაც და დღესაც იმ აზრზე არიან, რომ გუნდის კაპიტანს არც “ჩელსის” ლურჯი მაისური მოუხდებოდა და არც “რეალის” თეთრები “დახატავდა”. ძირძველი მერსისაიდელი სტივენ ჯერარდი, ბავშვობიდან საყვარელი კლუბის ღირსების დაცვაზე ოცნებობდა. ცნობილია, რომ რაღაც მომენტში, იგი “მანჩესტერ იუნაიტედში” სინჯებზე მისვლას აპირებდა, მაგრამ ორიოდე წლის წინათ დასტამბულ ავტობიოგრაფიაში ფეხბურთელი ირწმუნება, ეს ბლეფი იყოო.
თუ ასეა, მაშინ ჯერარდის ტაქტიკამ გაამართლა: “ლივერპულმა” მას კონტრაქტი გაუფორმა, ხოლო ერთ წელიწადში, სტივენმა გუნდის ძირითად შემადგენლობაში გამოჩენა დაიწყო. “როცა პირველ ოფიციალურ მატჩში გამოვჩნდი “ლივერპულში”, ვგრძნობდი, ხალხი ერთმანეთს ეჩურჩულებოდა - ეს რა გამხდარი ტიპი გამობობღდა მინდორზეო. მომეჩვენა, რომ არც ჩემს ადგილზე და არც სათანადო დონეზე ვიყავი”, - მოიგონებს მოგვიანებით კაპიტანი. მის საბედნიეროდ, “ლივერპულის” მწვრთნელი ჟერარ ულიე სხვაგვარად ფიქრობდა. ახალგაზრდა ტალანტებთან ურთიერთობით მთელს ევროპაში ცნობილ ფრანგს, კარგად ესმოდა, რომ ეს ჭაბუკი განსაკუთრებულ მოთამაშედ გაიზრდებოდა.
ასეც მოხდა. მართლაც ძნელია, ზოგადად მიღებული საფეხბურთო ამპლუების მიხედვით სტივენ ჯერარდის კლასიფიცირება - პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, მას მხოლოდ ცენტრალური მცველის ადგილზე არ უთამაშია. მისი ძირითადი დანიშნულება, პარტნიორებისთვის მაგალითის მიმცემად ყოფნაა: თუ იგი საყრდენია - წამით არ უნდა დაკარგოს კონცენტრაცია, თუ შემტევი ჰავბეკი - საკუთარი ნახევრიდან საგოლე გადაცემები უნდა დაარიგოს, კაპიტნის რანგში - 0:3-ზეც კი ხელები არ უნდა ჩამოუშვას და გუნდელების “ანთება” მოახერხოს.
“ენფილდზე” ჯიმი კარაგერიც არანაკლებ უყვართ, მაგრამ თუ “წითლების” მარადიული მცველი გუნდში ტრიბუნების წარმომადგენლად ითვლება, ჯერარდი - ჰოლივუდია, წარმოუდგენელი და დაუჯერებელი, იმის ნათელი ილუსტრაცია, რომ საფეხბურთო ვარსკვლავები ცოტათი მეტს წარმოადგენენ, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები.
საფეხბურთო მინდორზე სტივიდან წამოსულ ენერგიასთან გამკლავება, ბევრ მწვრთნელს არ შეუძლია. განსაკუთრებით მაშინ, თუ ჯერარდს ფრენკ ლამპარდი უნდა შეუთავსო (ასეთი დილემის წინაშე, ჯერ მხოლოდ ინგლისის ნაკრების თავკაცები იყვნენ). სწორედ ამის გამო იყო, რომ რაფაელ ბენიტესი კაპიტანს ყოველწლიურად თანდათან უახლოვებდა მეტოქის კარს - იქ მას ორთაბრძოლებში იმდენი ენერგიის ხარჯვა არ უწევდა და თანაც, არც ისე ძვირად ფასობს ფეხბურთელის მიერ მიღებული ზედმეტად თავდაჯერებული გადაწყვეტილება.
სტივენ ჯერარდის კარიერის პიკი იმ პერიოდს დაემთხვა, როცა მსხვილ ტურნირებზე განცდილი წარუმატებლობით დათრგუნულმა ინგლისმა, მსოფლიო ტაქტიკური აზროვნებისაგან საკუთარი ჩამორჩენის გააზრება დაიწყო. გაჩნდა მოსაზრება, რომ “ლივერპულის” კაპიტანს, დაახლოებით 30 წლის წინათ უნდა ეთამაშა - მაშინ განსაკუთრებით პოპულარული გახლდათ ბოხ-ტო-ბოხ-ს სტილის ნახევარმცველები და ქვეყანაში არავის არაფერი სმენოდა 4-2-3-1 ფორმაციაზე. ანალიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ ყოველმხრივ დაჯილდოებული ფეხბურთელი, არ ჩაიკარგებოდა თვით ალან ჰანსენის, გრემ საუნესისა და კენი დალგლიშის კამპანიაში. მართალია - 80-იან წლებში იგი ბევრთაგან მხოლოდ ერთ-ერთი იქნებოდა, მაგრამ როგორ გუნდში?! იმ პერიოდის “ლივერპულს” სამართლიანად ეძახდნენ მსოფლიოში საუკეთესო კლუბს.
დღეს, ჯერარდი - მერსისაიდელთა კაპიტანი, ხატი და კერპია. იგი გუნდის ცენტრალური ფიგურაა, ურომლისოდაც წარმოუდგენელია “ლივერპულის” “განულებული” (გუნდი ბოლო 4 სეზონი ვეღარაფერს იგებს) ისტორიის მეტწილად მოსაწყენი ქრონიკის ფურცლები.
“წითლების” კაპიტანს, 2010 წლის 30 მაისს 30 წელი შეუსრულდა და გასულ ზაფხულში ხელმოწერილი ახალი კონტრაქტი უკვე იმას ნიშნავს, რომ ჯერარდი კლუბში კარიერის დასრულებამდე დარჩება. ინგლისელი ტაბლოიდები ირწმუნებიან, რომ “ლივერპულის” პრეზიდენტ მარტინ ბროტონს, ერთ-ერთ პრივატულ საუბარში უთქვამს - გუნდი უწინდელი სიმაღლეების ათვისებას, მხოლოდ 3-4 წლის შემდეგ შეძლებსო.
მართალია თუ არა ეს, უცნობია, მაგრამ საპირისპიროს წარმოდგენა უფრო ძნელია, ვიდრე პირიქით. ინგლისის ჩემპიონობასთან დაკავშირებული სტივის ოცნება, შესაძლოა, მართლაც არ ახდეს; ასევე ვერ გაუტოლდება იგი საჩემპიონთალიგო მედლების რიცხვით გრემ საუნესს (3). კლუბის ისტორიაში ჯერარდი დიადი გამარჯვებულის რანგში კი არა, როგორც არასტაბილური და არაერთგვაროვანი ეპოქის სიმბოლო შევა, რომლის გარეშე, ამ ეპოქის ყველაზე ნათელი ეპიზოდები ვერ მოხდებოდა, ხოლო ყველაზე მძიმე მომენტები, გაცილებით რთულად გადასატანი იქნებოდა.
მოამზადა ფრიდონ კერვალიშვილმა